როგორ გადაცურა თამილა შარუხიამ ბოსფორი და როგორ დაუმტკიცა მან ყველას საკუთარი შესაძლებლობები

59

თამილა შარუხიამ ბოსფორი გადაცურა და 6.5 კილომეტრი 1 საათსა და 22 წუთში დაფარა. ის 2024 წელს პირველი ქართველი ქალია, ვინც ბოსფორის სრუტის გადაცურვის საკონტინენტთაშორისო მარათონში გაიმარჯვა.

თამილა შარუხია: 2024 წელს პირველი ქართველი ქალი ვარ, ვინც ბოსფორი გადაცურა. ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე. ცურვა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, ამიტომ ამაზე არც ვფიქრობდი. „იუთუბზე“ შემთხვევით ვნახე ვიდეო ამის შესახებ და ძალიან დამაინტერესა. ნამდვილად არ მაქვს კარგი ცურვის ტექნიკა. მე ყოველთვის ჩემი სიამოვნებისთვის ვცურავდი და არა სპორტული მიზნებისთვის. ამიტომ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, დავიწყე მწვრთნელთან ვარჯიში და თვე-ნახევარი ვცდილობდი ტექნიკის დახვეწას. დრო ძალიან ცოტა მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი და ბოსფორის გადასაცურად წავიდოდი.

მზადების პარალელურად, წინ რთული პროცესი მელოდა, რადგან ბოსფორის გადაცურვაზე რთული რეგისტრაციის გავლაა. ამ მარათონში მთელი მსოფლიოდან 30 000-ზე მეტ ადამიანს სურს მონაწილეობა, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია და ნებართვა მხოლოდ 2 600 მონაწილეზეა დაშვებული. რეგისტრაცია 3 იანვარს, თურქეთის დროით ღამის 12 საათზე იწყება. ამ დროს მთელი მსოფლიო მის ოფიციალურ გვერდზე ერთვება და რეგისტრაცია საოცრად რთულდება. უდიდესი კონკურენციის პირობებში ყველაფერი მოსწრებაზეა დამოკიდებული. თითოეული ქვეყნიდან წარდგენილ კონკურსანტების რაოდენობას მისი მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრავს. საქართველოდან მხოლოდ ორი დავრეგისტრირდით, კახა მებონია და მე. ერთი ბრძოლა დარეგისტრირებაზე გამოვიარე, ძალიან ვნერვიულობდი და ეს რომ შევძელი, პირველი გამარჯვება მაშინ მოვიპოვე (იცინის).

სიმართლე გითხრათ, მე უფრო მორბენალი ვარ, ვიდრე მოცურავე. კლასიკური სირბილით ვარ დაკავებული, მარათონებიდან სამთო სირბილზე გადავედი. სულ აღმართებზე დავრბივარ. ცოტა ხნის წინ, ძალიან რთული შეჯიბრება მქონდა. 16 ივლისს 106 კილომეტრი ვირბინე 4 800 ვერტიკალური აღმართი. არასპორტსმენისთვის ცოტა რთულია ამის გაგება, მაგრამ 19 საათი 30 წუთი დამჭირდა. დრო 24 საათი მქონდა მოცემული. ურთულესი იყო. მეორე ადგილი ავიღე.

– კარგი ფიზიკური მომზადება გაგივლიათ. ჩახვედით თურქეთში ბოსფორის გადასაცურად და იქ როგორ განვითარდა მოვლენები?

– დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოსფორის გადაცურვას შევძლებდი. იმდენი ინფორმაცია მქონდა მოძიებული ამ აქტივობის შესახებ და იმდენ ვიდეოს ვუყურე, მეგონა, უკვე გადაცურული მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მარტივი იყო (იცინის). თუმცა, ბოსფორი რომ დავინახე, ისე შემეშინდა, ვიფიქრე უკან ხომ არ წავიდე, აღარაფერი მინდა-მეთქი, მაგრამ მენანებოდა ის ფინანსური თუ ფიზიკური რესურსი, რაც ამ საქმეში ჩავდე (იცინის).

ორგანიზაცია მონაწილე სპორტსმენებს ორი დღით ადრე გვაძლევს გემებს, გავდივართ და მარშრუტს ვათვალიერებთ. გვიხსნიან წესებს და ყველაფერს, რისი გათვალისწინებაც გვიწევს. ცურვა დინების საწინააღმდეგოდ გიწევს, ბევრი სირთულეა, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნოა, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. მე 6 კილომეტრი და 500 მეტრი 1.22 წუთში გადავცურე. შეჯიბრების ტემპით არ მიცურია და ამ პროცესში სრული სიამოვნება მივიღე. ბოსფორი ულამაზესია და მისი სანაპიროთი ვტკბებოთი. რამდენიმე ასაკოვანი მოცურავე წამომეწია და მათ გავუზიარე შთაბეჭდილებები. რეკორდებზე არ ვყოფილვარ ორიენტირებული, ეს ნამდვილი სიამოვნება იყო. მინდა, ვთქვა, რომ არავის ვეჯიბრებოდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შედეგით უკმაყოფილო ვარ, პირიქით. მე 52 წლის ვარ და 50+ ასაკობრივ კატეგორიაში ვიყავი. სულ 73 მონაწილე იყო ამ კატეგორიაში და მე 61-ე ადგილზე გავედი. ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი, თავისუფლად და მშვიდად ვიცურე. ფინიშისკენ რომ წავედი, ღმერთო, უკვე დამთავრდა, ახლა მინდა ცურვა-მეთქი, ვფიქრობდი (იცინის). რომ დავასრულე და წყლიდან უბედნიერესი ამოვედი, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იქ ჩემიანი არავინ იყო, ვისაც ჩემს ემოციებს გავუზიარებდი.

– იქ ემოციების გამზიარებელი არ გყავდათ, მაგრამ ეს ამბავი მალე გავრცელდა ქართულ სოციალურ სივრცეში და როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– მაშინვე პოსტი დავდე „ფესიბუქზე“ და უამრავი დადებითი კომენტარი და მოლოცვა მივიღე. თავიდან არასწორი ინფორმაცია მქონდა, მეგონა, რომ მე ვიყავი პირველი ქართველი ქალი, ვინც ბოსფორი გადაცურა. შემდეგ გავიგე, რომ სხვებსაც გადაუცურავთ და რა თქმა უნდა, ინფორმაცია შევასწორე. შეიძლება ასე ითქვას: მე ვარ პირველი, ვინც ბოსფორი წელს გადაცურა. იმდენი მოლოცვა მივიღე, ვერ გეტყვით, უბედნიერესი ვიყავი. დაბრუნებისას, თვითმფრინავიდან ბათუმში რომ ჩამოვფრინდი, ერთი ახალგაზრდა მეორეს ეუბნებოდა, შეხედე, შეხედეო და ჩემზე ანიშნებდა. სიმართლე გითხრათ, ემოციებისგან ცრემლები ვერ შევიკავე.

– რა ასაკიდან დაუკავშირეთ ცხოვრება სპორტს და რომელი მიმართულება აირჩიეთ?

– ქაჯანა ბავშვი ვიყავი. სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. ომობანა, ფეხბურთი, ხეზე ცოცვა, სირბილში შეჯიბრება – ძალიან ლაღი აქტივობები გვქონდა. თავიდანვე სპორტული ხასიათი ჩამომიყალიბდა. შეჯიბრებები მიზიდავდა და მაბედნიერებდა. სპორტის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ თავი არაერთ სპორტულ სახეობაში უნდა მეცადა, მაგრამ ბავშვობაში რევმატიზმი მაწუხებდა. ბათუმელი ვარ, მოგეხსენებათ აქ ჰავა ნესტიანია, რაც გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ცოტა ხნით ხელბურთზე დავდიოდი, ეგ იყო და ეგ.

25 წლის ასაკში გავთხოვდი, ორი შვილი შემეძინა. ბავშვები რომ გაიზარდნენ, ვიგრძენი, რომ დიასახლისობა აღარ მაკმაყოფილებდა. ვნერვიულობდი იმის გამო, რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოვახერხე.

ფორმის შესანარჩუნებლად ფიტნესით დავკავდი. იქ გავიცანი გოგონები, რომლებიც სირბილით ერთობოდნენ. მერე გავიცანი გოგონების ჯგუფი, რომლებიც დარბოდნენ და მათ შევუერთდი. მოგეხსენებათ, წელიწადში ერთხელ მსოფლიო რბენა ტარდება და იქ რომ მოვხვდი, მივხვდი, რომ მე სირბილის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდი. ნელ-ნელა დავიწყე და „სპორტული ნარკომანი“ გავხდი. ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა. გამორიცხულია, დღე სირბილით არ დავიწყო. სახლში ისეთი ემოციებით დატვირთული მოვდივარ, რომ ეს ყველაფრად ღირს. ძალიან ჩამითრია სპორტის ამ სახეობამ. 2019 წელს დავიწყე ვარჯიში, სამი თვე სერიოზულად ვივარჯიშე და სტამბოლის მარათონზე გავედი. ბევრი მეუბნებოდა, ვერ შეძლებო. ეს ჩემთვის წითელი შუქი აღმოჩნდა. რას ჰქვია ვერ შევძლებ, შეუძლებელი არაფერია თუ მოინდომებ-მეთქი და მეც მაქსიმალურად მოვინდომე. ფანტასტიკა იყო ჩემი მაშინდელი შედეგებით იქ გასვლა, მაგრამ სასწაული შეგრძნებები მქონდა. მთელი ძალა მოვიკრიბე, სული ამომდიოდა ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, 3 საათი და 59 წუთი დამჭირდა და ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილზე გავედი. ვერ აგიწერთ როგორი ბედნიერი ვიყავი. ტირილი კი არა, ბედნიერებისგან ბღავილი ამიტყდა. 42 კილომეტრი გავირბინე. ამ მანძილის დაფარვის შემდეგ, ორგანზმს ერთი თვე მაინც სჭირდება ძალების აღდგენისთვის. გავიგე, რომ იმ პერიოდში ჩემი მეგობრები, კოლეგები, ლარნაკაში მიდიოდნენ მარათონზე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და მწვრთნელს არ ვუთხარი, ისე დავრეგისტრირდი. მერე ვუთხარი, არ მეჩხუბო, მაგრამ ასე გადავწყვიტე-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში ისევ 42 კილომეტრი მქონდა სარბენი. რისკი დიდი იყო, ჩემი გადაღლილობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო შედეგის გაუარესება, მაგრამ პირიქით, შედეგის სამი წუთით გაუმჯობესებაც კი შევძელი და იქაც მესამე ადგილი ავიღე. უბედნიერესი ვიყავი. შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოში პირველი ქალი ვარ, ვინც ორ კვირაში ორ მარათონზე გავიდა და ორივეში საპრიზო ადგილი აიღო (იცინის). გაჩერებას არც მომავალში ვაპირებ.

– მინდა, თქვენს სტილზეც ვისაუბროთ. ძალიან ფერადი ხართ, თინეიჯერივით გამოიყურებით და რა თქმა უნდა, სპორტულ და ძალიან კარგ ფორმაში ხართ.

– სტილი სპორტმა მიკარნახა. ცხოვრებაში არ მქონია ბოტასი, სულ მაღალქუსლიანებთ დავდიადი. ქალს უნდა ჰქონდეს გრძელი თმა და იდგეს ქუსლებზე – ეს იყო ჩემი დევიზი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბოტასი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. მაღალქუსლიანებს ახლაც სიამოვნებით ვყიდულობ, მაგრამ ათი წუთი რომ მაცვია, უკვე გახდა მინდება.

სიფერადე ჩემმა მეტიჩრობამ გამოიწვია (იცინის). გამოჩენა მიყვარს, შავი არასდროს არაფერი მქონია, ფერადი ყოველთვის მიზიდავდა. სტილთან დაკავშირებით რომ მეუბნებიან – „შენს ასაკშიო“, ძალიან არ მიყვარს. რას ჰქვია ჩემს ასაკში?! 52 წლის ვარ, მეტის ხომ არა. განა არ ვიცი, რომ უკვე ასაკია, მაგრამ არ ვიმჩნევ (იცინის). მე არ ვეჯიბრები 20 წლის ქალებს, მაგრამ 30 წლისას – შეიძლება (იცინის). რეალურად, სამთო სირბილში ასაკობრივი კატეგორია არ არსებობს. 18 წლის გოგონებიც მონაწილეობენ და 50 წლისებიც, ამიტომ ჩემი შემართებაც შესაბამისია და მინდა, მომავალშიც ასე გავაგრძელო (იცინის).