“ვერც ხაზარაძემ მოისმინა, რომ გახარიამდე მიეტანა და ვერც გახარიამ მოისმინა, რომ უხაზარაძეოდ გაეგო – პრეზიდენტი კი ამასობაში საუზმეს ამზადებს”

82

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრეზიდენტის ინიციატივით “ლელოსა” და “საქართველოსთვის” გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“სერიიდან:

სად რა როგორ

პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და:

სადილად ვიწვევ გახარიას და ხაზარაძესო.

ხაზარაძემ – სადილამდე ხომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთსო.

პრეზიდენტმა- შეხვდნენ და მერე მოვიდნენო.

ხაზარაძემ თუ გახარიამ- ვახშმად მივალთო.

პრეზიდენტმა – კარგიო და ვახშამად მიიწვია.

მივიდნენ.

გამოვიდნენ.

ხაზარაძემ – სწორუფლებიან პარტნიორად მივიდესო.

მაგრამ კოალიციის წევრებსაც უნდა ვკითხოო.

გახარიამ- ჯერ ვერ მოიტანა პასუხი კოალიციის სხვა წევრებისგანო.

კოალიციის ერთმა წევრმა – აი, შემომხედონ მეო. ვაჭრობას თავი დაანებონ და ვიყოთ ყველა ერთად და ერთნაირადო.

კოალიციის მეორე წევრმა – ძველი ინსტრუმენტებით ახალ ქვეყანას ვერ ავაშენებთო.

კოალიციის მესამე წევრმა – ჩვენთვის მთავარია არა პოლიტიკური ტაქტიკა, არამედ პრინციპები და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაო.

ეს და ამისთანები კოალიციის სამმა წევრმა ჩვენ გვითხრა ეთერებით.

მაგრამ ალბათ დაძაბული გრაფიკის თუ რის გამო, ვერც ხაზარაძემ

მოისმინა, რომ გახარიამდე მიეტანა და ვერც გახარიამ

მოისმინა, რომ უხაზარაძეოდ გაეგო.

ჩვენო, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და მისი ინტერესებისათვის ვიბრძვითო და ეს არის უმთავრესი ჩვენი მიზანიო, – ამბობს თითოეული წევრი თუ არაწევრი ცალ-ცალკე.

ერთად – ჯერ არ ვიცით.

პრეზიდენტი კი ამასობაში საუზმეს ამზადებს.

ან სამხარს.” – წერს ნატო ჩხეიძე.