“პირველი ქმრის დაღუპვის შემდეგ მუსიკამ გადამარჩინა და მეორე ქმარსაც მუსიკამ შემახვედრა”

115

კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის გულშიჩამწვდომი ლირიკული რომანსები და დახვეწილი ქალაქური სიმღერები არაერთი მომღერლის თუ ანსამბლის რეპერტუარის მშვენებაა. მან ტრადიციული, კლასიკური განათლება მიიღო – მუსიკალური სკოლა, ათწლედი, კონსერვატორია. სწავლის და პროფესიული სრულყოფის პროცესი დღემდე არ შეუწყვეტია.

პიონერთა სასახლეში სიარულმა და “მზიურის” მესამე თაობაში მღერამ დიდი როლი შეასრულა მომავალი კომპოზიტორის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. ფერადი და ბედნიერი კადრები ხშირად ახსენებს თავს, როცა “მზიურთან” ერთად გასტროლებს იხსენებს.

ყოველთვის შრომისმოყვარე იყო, 17 წლისას უკვე მოსწავლეები ჰყავდა. სიყვარულიც ადრიანად ეწვია. ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, თავადაც ახალგაზრდა მშობლები შვილებთან ერთად იზრდებოდნენ. სამწუხაროდ, უბედურმა შემთხვევამ ეს ბედნიერება შეიწირა – ქმარი ავტოკატასტროფაში დაეღუპა.

საყვარელმა საქმემ გადაარჩინა და მის ცხოვრებაში ისევ დადგა ნათელი პერიოდი… ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული ეტაპი უდგას. ბაკურ ბაკურაძესა და თანამოაზრეებთან ერთად “იმედის” ეთერში “ავტოგრაფის” მუსიკალური პროდიუსერია.

შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში დღემდე გამოვლილ გზაზე ქეთი გაბისიანმა “სარკესთან” ისაუბრა.

– ქეთი, ჩვენ გვყავს ოთხი დიდი კომპოზიტორი ქალბატონი, რომლებითაც ამაყობს მთელი საქართველო. ხომ არ იყო მათი შემოქმედების გავლენა, რომ თქვენ ეს პროფესია აირჩიეთ?

– მართალი ბრძანეთ, რომ ამ ქალბატონების ღვაწლი შეუფასებელია ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ ისინი დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ და მაქვს ბედნიერება, მათი უმცროსი მეგობარი ვიყო. ჩვენ შეგვიძლია შემოქმედების ხაზითაც გვქონდეს ერთმანეთთან ნაყოფიერი ურთიერთობა და ადამიანურადაც შეგვეძლოს მეგობრობა.

8 მაისს ფილარმონიაში მარიკო კვალიაშვილის დიდი კონცერტია დაგეგმილი, რაშიც ჩართული ვარ. ვხედავ, როგორი ახალგაზრდული ენერგიით, რა შესაშური შემართებით ემზადება ქალბატონი მარიკო. ასევე, როგორც მუსიკალური პროდიუსერი, ვმუშაობ ნუნუ დუღაშვილის კონცერტზე, ვუშვებთ მისი ნაწარმოებების ნოტებს, კონცერტი კი ოქტომბერში გაიმართება.

მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, “მზიურის” მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ. ბავშვობიდან ჩართული ვიყავი საკონცერტო ცხოვრებაში, ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ ხელოვნების აკადემიაში, ბოლოს კი კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი დავამთავრე.

სიტყვა “კომპოზიტორი” ძალიან ფართო ცნებაა, უნდა ამართლებდე ამ წოდებას არა მარტო ნიჭიერებით, განათლებითაც. ყოველთვის დიდი დატვირთვით ვმუშაობდი, პანდემიის პერიოდშიც არ გავჩერებულვარ. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ “იმედის” გადაცემა “ავტოგრაფის” მუსიკალური პროდიუსერი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ.

– “ავტოგრაფი” ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემაა სატელევიზიო სივრცეში. როგორ დაიბადა ამ გადაცემის იდეა და როგორ შეასხით ხორცი?

– როგორც ხდება კარგი, საინტერესო პროდუქტის შექმნა. ვფიქრობ, თავდაპირველად მთავარია სწორი ადამიანების ანუ თანამოაზრეების შეხვედრა. საუბრებში იბადება იდეები, შეჯერდება და ბოლოს იმარჯვებს ის იდეა, რომელიც ყველასთვის მისაღებია. ამ შემთხვევაში ჩემი და ბაკურ ბაკურაძის (“ავტოგრაფის” ავტორი და რეჟისორი) საუბრებით, კამათით დაიწყო “ავტოგრაფის” სიცოცხლე. რა თქმა უნდა, მარტო ვერ შევძლებდი იდეის განხორციელებას, შეიკრა ფანტასტიკური გუნდი – სცენარის ავტორი თამარ მახარაძე, ჟურნალისტი ეკა მელქაძე, რედაქტორი და პროდიუსერი მაია მაისურაძე, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი ოპერის ორკესტრთან ერთად.

მთავარი აზრი და იდეა ამ გადაცემის ის არის, არ დავივიწყოთ, საიდან მოვდივართ და ვიცოდეთ, სად მივდივართ. ის ადამიანები, ვინც საქართველოს კულტურასა და ისტორიაში ნამდვილი ეპოქა შექმნეს, ყოველთვის გვახსოვდეს. ვინც ცოცხალია, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, მოვეფეროთ, გავაცნოთ, შევაყვაროთ ახალგაზრდა თაობას. არ უნდა გაწყდეს თაობათა შორის კავშირი, ახალმა ძველის პატივისცემა, დაფასება უნდა ისწავლოს.

– გადაცემა ყოველკვირეულია და ძალიან დატვირთული იქნებით. ალბათ მაინც პოულობთ დროს შემოქმედებისთვის. თქვენი სიმღერები ძალიან ამდიდრებს ქართულ ესტრადას.

– 2020 წელს მქონდა კონცერტი ოპერის თეატრში და დაიწყო კიდეც პანდემია, დაიხურა საკონცერტო დარბაზები და მეც მთლიანად “ავტოგრაფზე” გადავერთე. მზაობა, რომ დიდი კონცერტი შევთავაზო მაყურებელს, უკვე მაქვს, ნელ-ნელა ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. “თეატრალურ კვარტეტს” ოქტომბრის ბოლოს ექნება იუბილე, მათთვის ვწერ სიმღერებს, ასევე “შვიდკაცას” შვილობილ ანსამბლ “ჰერიოს” რეპერტუარზე ვმუშაობ. სულ ახლახან მე და ნუკრი კაპანაძემ ჩავწერეთ ახალი სიმღერა, პრემიერა ,,აკუსტიკაშიძძ იყო. ბაკურმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ხულოს რაიონში არსებულ უხუცესთა ანსამბლ “ბერმუხაზე” და ამ ფილმისთვის გავაკეთე საუნდტრეკი.

– დღეს ბევრი წერს და ასრულებს, ასე ვთქვათ, ქალაქურ სიმღერას. სამწუხაროდ, ის სიფაქიზე და ფილიგრანული შესრულება, რაც ქალაქურ სიმღერას ახასიათებს, დაიკარგა. თქვენ ამ ჟანრშიც მუშაობთ. რითი გამოირჩევა ნამდვილი ქალაქური სიმღერა ფანოღურ-ქალაქურ-დარდიმანდულისგან?

 მეც ყოველთვის ხაზს ვუსვამ ამ განსხვავებას. ჩემი შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქურით, ბალადებსაც ვწერ, რომანსებსაც, პატრიოტულ სიმღერებსაც, მუსიკალური თემაც ბევრია. რაც შეეხება ქალაქურს, ყველაზე საშიში ჟანრია, ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გადიხარ, მილიმეტრებით გადაიხრები და მორჩა, გაფუჭებულია სიმღერა.

ქალაქური რას ნიშნავს? შენს ქალაქს უნდა გაგონებდეს უპირველესად. სუფთა თბილისური, ძველი ქალაქური წყობის, როგორც ძველი ქალაქური პოეზიაა – საიათნოვა, ეთიმ გურჯი. მუსიკაც იქითკენ უნდა წავიდეს, თბილისური ელფერი უნდა ჰქონდეს, ეშხი, სიტურფე, ჰარმონია. ახლა ყველაფერს ქალაქურს ეძახიან და გული მტკივა.

– ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი პოეტები, რომელთა ლექსებზე იწერებოდა ქალაქური უკვდავი სიმღერები – პეტრე ბაგრატიონი, მორის ფოცხიშვილი, მურმან ლებანიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი… თქვენ ვისთან გიყვართ მუშაობა?

– წლებია, ვმუშაობ ირინა სანიკიძესთან, ნანა ცინცაძესთან, მაკა ბლიაძესთან, უამრავი სიმღერა გვაქვს ერთად გაკეთებული. ახლა გულმა გამიწია, ძალიან მომწონს მარიამ წიკლაური. ჩემი და ნუკრის სიმღერაც მის ტექსტზეა. “თეატრალურის” ბიჭებისთვის და “ჰერიოსთვისაც” მარიამის ლექსები შევარჩიე, ახალი სუნთქვა შემოიტანა ჩემს შემოქმედებაში. უდიდესი მადლიერი ვარ მათი, ვინც ჩამოვთვალე. ჩემი მეგობრები არიან.

მე იმ კომპოზიტორთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ტექსტი, რადგან შეიძლება აბსოლუტურად გაანადგუროს ტექსტმა მუსიკა ან პირიქით, საშუალო მუსიკაც სასიამოვნო მოსასმენად აქციოს. რაც ასაკი მემატება, უფრო ფრთხილად ვეკიდები ამ საქმეს. ზოგჯერ დიდი პაუზებიც მაქვს, შესაფერის ტექსტს რომ ვერ ვპოულობ. ლექსი ბევრია კარგი, მაგრამ იმ სტრიქონებმა მე უნდა შემძრას, ჩემში დაბადოს მუსიკა, ამიტომ არ არის იოლი მოსაძებნი.

– ხელოვანი ქალის ოჯახზე ვისაუბროთ. როგორ წარიმართა თქვენი პირადი ცხოვრება?

– არავინ იცის, რას გვიმზადებს ბედი. ბევრი რამ დატრიალდა ჩემს თავს. პირველ მეუღლეს, ვაჟა კუჭაიძეს, ბავშვობიდან ვიცნობდი. პატარა ვიყავი – 17 წლის, როცა ცოლად გავყევი. ანსამბლ “დარიალში” მღეროდა თემურ ქევხიშვილთან. ორი შვილი შეგვეძინა – გელა და ნატა. ერთად გავიზარდეთ. 10 წლის შემდეგ ქმარი ავტოკატასტროფაში დამეღუპა, უდიდესი ტრაგედია განვიცადე. ალბათ ვერ გადავრჩებოდი, რომ არა მუსიკა. სულ ვმუშაობდი, ფიქრისთვის დროს არ ვიტოვებდი. მშობლები იყვნენ ჩემი საყრდენი, მათ გამაზრდევინეს შვილები და მომცეს ცხოვრების გაგრძელების ძალა.

შვილები გაიზარდნენ. რამდენი რამ არის ჩატეული იმ დროში, როცა იზრდებოდნენ. მადლობა ღმერთს, ორივემ თავისი გზა იპოვა. პროფესია აირჩიეს და კარგი ადამიანები დადგნენ. გელას ერთი ბიჭი ჰყავს, უკვე 10 წლის არის. ნატა მეუღლესთან ერთად ბერლინში ცხოვრობს. შარშან მთელი ზაფხული მათთან გავატარე, ბიჭი, ნიკო, შეეძინათ და იმ დროისთვის ჩავედი.

მუსიკამ შემახვედრა ჩემს მეორე ქმარს, ლევან დეისაძეს. შესანიშნავი მუსიკოსია, ბასისტი. საქმეც გვაკავშირებს ერთმანეთთან და სიყვარულიც და, რაც მთავარია, კარგი მეგობრები ვართ.

– ძალიან კარგია, რომ საყვარელ საქმეს ემსახურებით. სიმღერები, პროექტები, სამსახური ტელევიზიაში… განტვირთვის, და-სვენებისთვის დრო გრჩებათ?

– ჩემმა მშო-ბლებმა სახლი შეიძინეს საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში. მერე ასაკმა მოიტანა, მეც მომინდა ქალაქგარეთ ცხოვრება და მათ გვერდზე ავიშენე სახლი. ეს ყოფილა ნეტარება, საკუთარი ეზო, ყვავილები, ბოსტანი. ყველაფერს ვაკეთებ, მოსავალი მომყავს. ჩემი ხელით დაკრეფილ ბოსტნეულს, მწვანილს სულ სხვა გემო აქვს.

ბედნიერებაა, რომ მაქვს საშუალება, მუდმივ რუტინას, ქალაქის ხმაურს, მტვერს, საცობებს მოვწყდე, წავიდე და ჩემს სამოთხეში დავისვენო.

– თქვენი სფეროსთვის უცხო არ არის ინტრიგები, ფეხისდადება, ზურგსუკან ქსელის ხლართვა. შეჯახებიხართ მსგავს უსიამოვნებებს?

– მოვახერხე და დავიცავი თავი ასეთი უსიამოვნებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მიხდება საზოგადოებაში ტრიალი და ჩემი სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობა, არ ვარ ისეთი, ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, მუდმივად კამერებთან ტრიალებს და ყველასთან გათქვეფილია. შემიძლია ზღვარის გავლება, რომლის იქით არც მე გადავალ, არც სხვას გადმოვუშვებ. ამას ზოგადად მოგახსენებთ, ჩემს მეგობრებს არ ეხება. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცებზე გული მტკენია, მაგრამ ვცდილობ, წყენას არ ავყვე, არ დავიმახსოვრო.

– როცა აჯამებთ თქვენს ცხოვრებას, რას ფიქრობთ, “პროგრამა მინიმუმი” შეასრულეთ?

– შემოქმედებითად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში წარმატებული პერიოდები, რითაც კმაყოფილი უნდა ვიყო, მაგრამ მე არასდროს მაკმაყოფილებს. ვფიქრობ, ჩემი რესურსი არ ამომიწურავს, ამიტომ ვეუბნები ჩემს თავს – იყურე წინ, წინ უფრო დიდი საქმეები გელოდება.