როგორ აუსრულა ბოლო სურვილი მზია გეწაძემ დედას და როგორი იყო მათი განშორება

69

მომღერალმა მზია გეწაძემ ახლახან დედა დაკარგა. ბოლო ორი თვე მათი ოჯახისთვის მძიმე აღმოჩნდა. როგორც მზია ამბობს, ყველაფერი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო, თუმცა, ასაკოვანი დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მზია გეწაძე: დედის დაკარგვა წარმოუდგენლად დიდი დანაკლისი და სიცარიელის შეგრძენებაა. ჯერ კიდევ ვერ გავითავისე, რომ ჩვენთან აღარ არის. დედას 13 ივლისს მოუვიდა ინსულტი. სახლში ვიყავით. საუბრობდა და ხმა რომ შეეცვალა და შევხედე, დავინახე, რომ ნიკაპი გვერდზე წაუვიდა, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა. წამი არ დამიკარგავს, მაშინვე სასწრაფო გამოვიძახე და კლინიკაში გადავიყვანე. ჩემი ძალიან კარგი მეზობლები მომეხმარნენ. დედა რეანიმაციაში იყო 18 დღე. 24-ში მე იტალიაში მივფრინავდი საერთაშორისო ფესტივალზე. ძალიან ვნერვიულობდი, რომ წავსულიყავი და რამე მოსვლოდა. რეანიმაციაში არავის უშვებენ, მაგრამ სამედიცინო პერსონალს ჩემი მდგომარეობა რომ ავუხსენი, გამონაკლისი დაუშვეს და დედასთან შემიშვეს დასამშვიდობებლად. შევედი და ძალიან თბილი სიტყვები ვუთხარი დედას. ვუთხარი, რომ შორ გზაზე მივდიოდი და ის უნდა გამეკეთებინა, რაც მას ძალიან უნდოდა. მართლა ასე მოხდა. საერთაშორისო ფესტივალიდან პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება ჩამოვიტანე. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ, რისკენაც ისევ დედამ მიბიძგა. მეუბნებოდა, ახლა თუ არ წახვალ, მერე როდისღა გინდა, წახვიდეო. ფრენის შიში მაქვს და რაც უფრო მოგემატება ასაკი, უფრო გაგიჭირდებაო. 31-ში რომ ჩამოვფრინდი, ჩემმა ძმამ პირდაპირ რეანიმაციაში წამიყვანა. გვითხრეს, რომ შეგვეძლო, დედა მეორე დღეს გამოგვეყვანა. ალბათ, მიხვდნენ, რომ მდგომარეობა უკან-უკან მიდიოდა და სახლში გამოგვატანეს, რომ სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახურ გარემოში გაეტარებინა. დედა კონტაქტური იყო. რასაც ველაპარაკებოდი, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ცალ მხარეს ვერ ამოძრავებდა. ლაპარაკობდა, მაგრამ ძირითადად, გარჩევა მიჭირდა. მე ჭიშკარი მესმოდა და თურმე წითელხევის ჭის წყალს მთხოვდა. სოფლიდან მოტანილი წყალი სდომებია. ჩემი ძმა წავიდა და მოუტანა. რასაც გვთხოვდა, ვუსრულებდით. ეს მამშვიდებს. არაფერი დაგვიკლია, რაც შევძელით, ყველაფერი გავუკეთეთ. ყველა დაგვლოცა. სახლში რომ გამოვიყვანეთ, მინდოდა, ჩემი ხელით მომევლო. თბილისიდან ჩემი ბიჭიც ჩამოვიდა და მეხმარებოდა. ერთი კვირა სახლში გვყავდა, მაგრამ დედა წონით ცოტა მძიმე იყო და ძალიან გვიჭირდა გადაბრუნება. არადა, გაგვაფრთხილეს, რომ გადაბრუნება-გადმობრუნება საჭირო იყო, რომ ნაწოლები არ გასჩენოდა. დასახმარებლად ჩემს ძმას ვეძახდით ხოლმე. ძალიან ვიწვალეთ ჩვენც და დედამაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფასიან კლინიკაში გადაგვეყვანა, სადაც ნაინსულტარ ხალხს მკურნალობენ. თანხას გადაიხდი და რამდენ ხანსაც დასჭირდება, იმდენ ხანს მოუვლიან პროფესიონალები ისე, როგორც წესი და რიგია. ყოველდღე დავდიოდი, ვნახულობდი, ყველა დეტალს ვაკვირებოდი და პერსონალის მადლობელი ვარ, ძალიან კარგად უვლიდნენ. 21-ში ვნახე დედა და წამოვედი. ღამე დამირეკეს და მომისამძიმრეს. ბოლოს რომ ვნახე, უკვე მივხვდი, რომ ეს მალე მოხდებოდა. სუნთქვა უჭირდა, თითქოს სიცხისგან ბოდავდა. მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავი ადამიანი ნანახი არ მყავდა, დედას ხომ ყოველწუთას ვაკვირდებოდი და მისი მდგომარეობა უკვე გასაგები იყო. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავუკეთეთ და მხოლოდ ეს მამშვიდებს. გვითხრეს, სანამ ორგანიზმი გაუძლებს, იცოცხლებსო და თვე და რვა დღე გაუძლო.

– როგორი დედა იყო, როგორი ქალბატონი?

– დედა 1943 წელს დაიბადა, გაგანია ომის დროს. ოჯახში მე-11 შვილი იყო. გაჭირვებაში გაიზარდა, მიუხედავად ამისა, ასწავლეს. უმაღლესი დაამთავრა, ღვინის ტექნოლოგი იყო. ის და მამა ერთმანეთს ინსტიტუტში შეხვდნენ და ოჯახი ბოლო კურსზე შექმნეს. მთელი ცხოვრება შრომობდნენ. არაფერი ჰქონდათ, ყველაფერი ნულიდან დაიწყეს. დედა ძალიან ცდილობდა, შვილებისთვის კარგი განათლება მოეცა. დედაც და მამაც თავად მედალოსნები იყვნენ, ამიტომ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. აქედან გამომდინარე, ჩემს სახლში უამრავ წიგნს ნახავთ. რომ იტყვიან, წიგნებს მიაქვს ჩვენი სახლი, მათ ყველა ოთახში ნახავთ. დედას საჭმლის საყიდლად რომ მივცემდი ფულს, წავიდოდა და წიგნებს ყიდულობდა, თითქოს გვაკლდა. თან ერთს კი არა, ორს – ჩემთვის და ჩემი ძმისთვის, რომ არ გვეჩხუბა.

– როგორ გედგათ გვერდით, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდები გქონათ?

– დედა იყო ჩემი ერთადერთი მდედრობითი სქესის მეგობარი. მე საერთოდ დაქალები არ მყავს. ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძმაკაცები მყავს. დიდი ხანი ვიმუშავე რესტორანში და კოლექტივი იქ სულ მამაკაცებისგან შედგებოდა. დედა იყო ადამიანი, ვისთვისაც ყველაფრის თქმა შემეძლო, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა. აუცილებლად დამარიგებდა, თუ საჭირო იყო, გამიბრაზდებოდა. არ მოსწონდა, თუ მოდუნებულს მხედავდა და სულ ცდილობდა, ჩემთვის ბიძგი მოეცა. თუ დაინახავდა, რომ ცხვირი ჩამოვუშვი და დეპრესია დამეწყო, არაფრით არ მომასვენებდა. როგორ იქცევი, ბავშვი გიყურებს, ადექი და რამე სცადე, მე შენ ყველაფერი გაგიკეთე და აბა, შენ რას აკეთებ შენი შვილისთვისო?! სულ მიჩიჩხინებდა, მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. მართლა სულ სადარაჯოზე იდგა და ცდილობდა, მაგრად ვყოფილიყავი. დედაჩემის დამსახურებაა ის, რომ მე პოპულარული გავხდი.

პანდემია რომ დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა, მათ შორის, ჩემი სამსახურიც, დაიწყო თავისებურად შეძახილები, სად არის ახლა რესტორანი, არ არის, ადექი და რამე გააკეთე. ამდენი ფული რომ გადაგიხადეთ და ყველგან გატარეთ, რომ რაც საჭირო იყო გესწავლა, ახლა უნდა გამოიყენოო, მეუბნებოდა. მან მიბიძგა მოქმედებისკენ.

– ალბათ, ძალიან ბედნიერი იყო, როცა ნახა, რომ მისი შვილი ასეთი პოპულარული გახდა.

– ვაიმე, დედაჩემი საოცრად ბედნიერი იყო. ეს ყველაფერი ჩემზე მეტად უხაროდა. მე ყოველთვის მინდოდა პოპულარობა, მაგრამ წლები რომ გადიოდა და არ გამოდიოდა, ვფიქრობდი, კარგი, არ არის და რას ვიზამთ-მეთქი. დედაჩემი არ დანებებულა. სულ მახსენებდა, შემომიძახებდა ხოლმე: აბა, რას შვები, მიდი, იმოქმედე და შედეგი აუცილებლად იქნებაო. დღეს რაც მაქვს და ვინც ვარ, ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა.

– მერე გაჩნდა კრიტიკული კომენტარებიც, ამაზე რას ამბობდა?

– ყველაფერს კითხულობდა. ლეპტოპში ჩავურთავდი სოციალურ ქსელს, კომენტარებს ვაჩვენებდი და ყველას ხმამაღლა კითხულობდა. ძალიან სწყინდა, როცა რამე ცუდი შეხვდებოდა. იტყოდა ხოლმე, ამის დამწერს რა უნდა უყოს კაცმაო?! მერე დააყოლებდა, ვაიმე, რა ცოდოა ვინცაა, სულ არ იცის ცხოვრებაო. ანდა, ვაიმე, ამ საწყალმა არ იცის, რა ელოდება, შეიძლება, თვითონ უარესის გადატანა მოუხდეს და შენ როგორ დაგცინისო. ზოგზე ძალიან ბრაზდებოდა. რომ არ იციან, როგორ გწერენ ასეთ რამესო. სულ ცოტა ხნის წინ, ერთი ქალბატონის კომენტარი ამომივარდა, მიწერდა: „ფუ, შენს ქალობას“. რამდენიმე ღამის უძინარი ვიყავი, მძიმე მდგომარეობაში, ვიცი, რომ დედა მიკვდება და ვერ ვშველი. ამ დროს ვკითხულობ, „ფუ, შენს ქალობას“. გადავედი ამ ქალბატონთან პირად შეტყობინებაში და მივწერე, ჩემო სიხარული, რაც იქ დამიწერე, დამირეკე ვიდეოთვალით და პირში მითხარი, თუ ამის ტ… გაქვს-მეთქი. მომწერა, მე ჩემი აზრი გამოვთქვიო. ეს აზრი არ არის, ეს შეურაცხყოფა არის-მეთქი, ვუთხარი. ბოლოს ბოდიში მომიხადა, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდით, ვუთხარი, მე შენ გაჩვენებ, როგორია, როცა ადამიანი არ გიცნობს და გლანძღავს და ნახავ, რა განმაცდევინე მე ამ დილით-მეთქი. ვუთხარი და მისი კომენტარი ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე. მიყვნენ და ლანძღეს ეს ქალი ჩემმა გულშემატკივრებმა. ორი-სამი დღის მერე მივწერე, როგორ ხასიათზე ხართ, ქალბატონო, გესიამოვნათ-მეთქი?! მეც ღმერთმა შემინდოს და თქვენც, მეორედ ასე არავის მოექცეთ-მეთქი. არ შეიძლება ასე მოქცევა, ჯობს ყველამ თავის ქალობას მიხედოს. როგორია, მომაკვდავი დედა რომ გეუბნება, მეტი აღარ შემიძლია, მიშველე, მზიაო და გული გეწურება, ღამეები არ გძინავს და ასეთ რამეს კითხულობ?! საბოლოო ჯამში, მამშვიდებს ისიც, რომ დედა სამჯერ ვაზიარეთ და განწმენდილი გავუშვით იმქვეყნად. ბედნიერი წავიდა, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილიც ნახა და ძალიან გახარებული იყო. დედას გამო ვიყავი ქუთაისში. ალბათ, ახლა თბილისში გადმოვალ და ჩემს საქმიანობას დედაქალაქიდან გავაგრძელებ.