რა სისუსტეებს ებრძვის თამთა ჭელიძე საკუთარ თავში და რა შემთხვევაში შეიძლება მისი ვულკანივით ამოფრქვევა

65

მომღერალი თამთა ჭელიძე მორიელის ნიშნის ქვეშაა დაბადებული. ვნახოთ, რამდენად ახასიათებს მას ამ ნიშნის თვისებები.

თამთა ჭელიძე: 16 ნოემბერს დავიბადე და შესაბამისად, ზოდიაქოთი მორიელი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ფანატიკურად, მაგრამ ზოდიაქოსი მჯერა. ყოველდღიურად არ ვეცნობი პროგნოზს, დამოკიდებული არ ვარ ამაზე. ბავშვობაში უფრო მეტად ვიყავი დაინტერესებული, შესაბამის ლიტერატურასაც ვკითხულობდი და შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს ზოდიაქოს ნიშანს ნამდვილად ვამართლებ.

– მორიელის რა თვისებები გაქვს გამოკვეთილი?

– მაქსიმალისტი ვარ, პერფექციონისტი. მორიელები ეჭვიანებიც არიან. მეც ბავშვობიდან საკმაოდ ეჭვიანი ვიყავი, მაგრამ რაც ასაკში შევედი, ზომიერად ეჭვიანი გავხდი, თითქმის აღარც ვარ, თუმცა ვარ მესაკუთრეც. ცნობილია, რომ მორიელი ძალიან მაგარი მეგობარია და მეც მიმაჩნია, რომ კარგი მეგობარი და უზომოდ ერთგული ადამიანი ვარ, ცოტა მკაცრიც და საქმეში საშინლად მომთხოვნიც. ყველაზე ლმობიერი, თბილი და ტკბილი ვარ მეგობრებთან, მაგრამ დანარჩენებთან საშინლად მკაცრი ვარ (იცინის).

– გამორიცხულია მორიელი ქალის მზერას თვალი გაუსწოროთ და შეცბუნების ან შიშის შეგრძნება არ დაგეუფლოთ. ასეა?

– შიშის შეგრძნება არა, მაგრამ მორიელებს ძალიან გამჭოლი მზერა აქვთ. მზერით ყოველთვის ვხვდები, რომ ადამიანი მორიელის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. არის ჩვენში რაღაც ისეთი, რაც არცერთ სხვა ზოდიაქოს არ აქვს. დაკვირვებული ვარ, რომ ჩემს გამოხედვაშიც არის ძლიერი ენერგეტიკა.

– მორიელებს რაც უფრო ახლოს გაიცნობთ, მით უფრო მეტად იგრძნობთ, როგორ მოქმედებს თქვენზე მისი მაგია, ანუ გასაოცარი უნარი, თავი მოაწონოს სასურველ მამაკაცს…

– ჩემი თავიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ მორიელი ისე იპრანჭება, ვერ შეამჩნევ ამას და თითქმის არ არსებობს მორიელისთვის მოუნადირებელი ნადავლი (იცინის). მორიელი ისედაც იპყრობს ყურადღებას. ეს მაგია მისი აურისა და ძლიერი ენერგეტიკის დამსახურებაა. თუ ინტელექტიც აქვს და გარეგნობაც, ის უკვე სრული პაკეტია და გარანტირებული აქვს ნებისმიერი მამაკაცის ყურადღება (იცინის).

– მორიელი ქალის ლექსიკონში მოუხელთებელი კაცი არ არსებობს, ისევე, როგორც დაულაშქრავი მწვერვალი ან მიუღწეველი თანამდებობა. მართლა ასეა?

– კი, მორიელს თუ რამე უნდა, იმას აუცილებლად გააკეთებს. როდესაც მიზანს დავისახავ, თუ მისი განხორციელება მინდა, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ მეზარება, მაშინ საერთოდ არაფერს ვიზამ. მონდომება რთულია, სულ ერთი წამია საჭირო ეჭვის შესატანად, თუ დავფიქრდი და ყოყმანი დავიწყე, მერე უკვე ცუდად არის საქმე. ესე იგი, უკვე აღარ მინდა, მაგრამ თუ გადავწყვიტე, რომ რაღაც ნამდვილად მინდა, მიზანს აუცილებლად მივაღწევ. საერთოდ, ყველაფერი იმ წუთს, დღეს კი არა, უკვე გუშინ მინდა. ძალიან სულსწრაფი ვარ.

– ეს პრობლემებს არ ქმნის?

– ძალიან დიდ პრობლემებს მიქმნის. გარშემო სხვა ადამიანები ვერ გყვებიან. არც არის აუცილებელი, რომ შენი ტემპი ჰქონდეთ. თუნდაც, სამსახურში რამეს რომ ვიტყვი და მინდა, ორ წამში გავაკეთო და გავაკეთებინო სხვასაც, იქნებ, იმ სხვას სულ არ უნდა ჩქარა მუშაობა, არ აქვს ასეთი მიზანი ან ტემპი. ამიტომ მე თუ მინდა, რამე გავაკეთო და თან ძალიან სწრაფად, ისევ და ისევ ჩემი რესურსით უნდა გავაკეთო. აქედან გამომდინარე, ჩემს თავზე ყოველთვის ძალიან ბევრს ვიღებ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. არ არის კარგი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, განსაკუთრებით სამსახურში.

– თუ მორიელი ქალი თქვენით დაინტერესდა, ნუ ელოდებით შეყვარებული ქალისთვის დამახასიათებელ გულყრებს, პირიქით, პირველ ეტაპზე შეიძლება, აისბერგივით ცივი იყოს…

– კი, ეგრეა (იცინის). როცა ადამიანი მომწონს, ძალიან ცივი ვარ. არ ვიცი, რატომ, ამას ვერ ახსნი, ეს უნებურად ხდება, სპეციალურად არ ვაკეთებ. მორიელები ძალიან გულწრფელები ვართ, ტყუილი არ გვიყვარს, ამიტომ, თამაში არ შეგვიძლია.

საერთოდ, სამი ტიპის მორიელი არსებობს. ერთი – ძალიან მძიმე შემთხვევაა, ძალიან უარყოფითი პიროვნებები არიან და მათ ბევრი ბოროტების ჩადენა შეუძლიათ. მართლა ძალიან ცუდი ადამიანები არიან. თუმცა, ამასთან ერთად, არსებობენ საშუალო და მსუბუქი თვისებების მქონე მორიელები. მე მიმაჩნია, რომ მსუბუქსა და საშუალოს შორის ვარ, კარგი შუალედი მაქვს ნაპოვნი. ძალიან „მოხოდილ“ მორიელებსაც ვიცნობ, ასეთი არ ვარ, მაგრამ არც სუსტი ვარ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვარ. ალბათ, ესეც ზოდიაქოს ნიშნის გავლენაა.

– აისბერგის პოზიციას იმისთვის იყენებენ, რომ პარტნიორს კარგად დააკვირდნენ, შეისწავლონ და სამომავლოდ ზუსტად გათვალონ მასთან ურთიერთობა.

– საერთოდ ყველას და ყველა დეტალს ვაკვირდები, ადამიანი ვერაფერს გამომაპარებს. თუმცა, ჩემი ეს თვისება უცხო ადამიანებზე მუშაობს. როცა ადამიანი უკვე ჩემი შინაურია, მასზე დაკვირვება მიჭირს და ბევრი რამ მეპარება. მერე შეიძლება, ბევრი რამ მომატყუო კიდეც, მაგრამ უცხო ადამიანი ვერც ვერაფერს გამომაპარებს და ვერც მომატყუებს. თუ მიყვარს ადამიანი, მხოლოდ მამაკაცს არ ვგულისხმობ, ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს, მას კრიტიკული თვალით აღარ ვუყურებ.

– თუ მორიელმა ქალმა შეატყო, რომ პარტნიორს მასთან მოკლევადიანი ფლირტი ან გართობა უნდა, ჯობს, სასწრაფოდ მოშორდეთ, თორემ ასეთ შემთხვევაში, ამაზე საშიშ ზოდიაქოს ვერ იპოვით.

– მორიელთან გართობა იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ურთიერთობა ქორწილით დაასრულო (იცინის). თუ მორიელს უნდა, მოკლევადიანზეც დაითანხმებ და გრძელვადიანზეც, ძალიან თავისუფლები არიან, მაგრამ საშიშია იმ კუთხით, რომ მერე ძალიან რთულია მორიელისგან თავის დაღწევა. მისი ქარიზმატულობისა და ენერგეტიკის დამსახურებით, უფრო და უფრო მეტად უყვარდებათ. მასთან რაც უფრო დიდი ხანი გაქვს ურთიერთობა, მით უფრო გიჭირს დასრულება, მეტი და მეტი გინდა. ამიტომაც არ ურჩევენ მორიელთან მოკლევადიან ურთიერთობას. მოკლევადიანი სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან ჯობს (იცინის).

– მორიელები ძალიან პრინციპული და ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები არიან…

– კი, ძალიან პრინციპული და ძლიერი ადამიანი ვარ. მარტივი ცხოვრება არ გამომივლია, მაგრამ ფეხზე მყარად ვდგავარ. დღემდე ვებრძვი ჩემს სისუსტეებს და სანამ არ დავამარცხებ, ეს ბრძოლა მანამ გაგრძელდება. რაც არ მომწონს, იმას ვერასდროს შევეგუები. არ ვარ ადამიანი, რომელიც დათმობებზე წავა, თუნდაც საკუთარ თავთან. მე მიმაჩნია, რომ შეგუება დამარცხებას ნიშნავს. თუ იბრძვი, ბოლომდე უნდა იბრძოლო და გამოასწორო ის, რაც არ მოგწონს. თუ ამის უნარი არ გაქვს, საერთოდ არ დაიწყო ბრძოლა.

– რამდენად კარგი მეოჯახე ხარ?

– მეოჯახეობაში ბევრი რამ იგულისხმება. თუ საჭმელების კეთებაზე ვისაუბრებთ, ეს ნამდვილად არ ვიცი. ამ ბოლო დროს ვისწავლე ორი კერძის მომზადება, სულ ამას ვაკეთებ და გავუწყალე ყველას გული (იცინის). თუ მეოჯახეობა ჰიგიენას გულისხმობს, ამაზე ნამდვილად ძალიან ვზრუნავ. ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მიყვარს, ყველაფერი საათებში მაქვს გათვლილი და არ მომწონს ჩემს გეგმებში ცვლილებების შეტანა. მეოჯახე ვარ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კარიერაზე უარი უნდა თქვა. საერთოდ, მგონია, რომ მორიელს თუ დიასახლისობა უნდა, ამას სიამოვნებით გააკეთებს. თუ კარიერაა მისთვის პრიორიტეტი, აქაც წარმატებული იქნება, მთავარია, რა უნდა, მორიელი ძალით ვერაფერს გააკეთებს. ორივეც შეუძლია ერთად, მაგრამ შეიძლება, უფრო მეტად კარიერისტია. მე ვერ ვიტყოდი, რომ კარიერისტი ვარ. ასე რომ იყოს, ძალიან ბევრ რამეს შევძლებდი. მე არც საქმის გარეშე შემიძლია და არც ოჯახის. ჩემს შვილს ძიძა არ ჰყოლია და სანამ ის ათი წლის არ გახდა, მე არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით, ჩემს პროფესიას, რომელიც ღამეს უკავშირდება და ამიტომ, აუცილებელი არ არის, დღე წახვიდე სადმე და ბავშვი დატოვო. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ორივეს თავისი ადგილი აქვს.

– მორიელები საკუთარ ემოციებს ძალიან კარგად აკონტროლებენ.

– მე – ვერა. ემოციებს ვერ ვაკონტროლებ. ეს ძალიან მიჭირს და ზუსტად ეს არის ჩემი სუსტი წერტილი, რაც ძალიან მაზარალებს. ეს არის ის, რასაც მუდმივად ვებრძვი. კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ყველანაირ ურთიერთობასა თუ გადაწყვეტილებაში, სამსახურში და საერთოდ ყველგან, ემოციები წინა პლანზეა და მე მუდმივად ვცდილობ მათ მართვას. მგონია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან აფექტური ხასიათი მაქვს და შეიძლება, მართლა ვულკანივით ამოვიფრქვე. რა ვქნა, ვერ ვიტან თავხედ და უზრდელ ადამიანებს და მათ ქმედებებზე შეიძლება, მართლა „გავაფრინო“. ასევე, ვერ ვიტან დაუნახაობასა და უმადურობას.

– შურისძიება გახასიათებს?

– არასდროს დავივიწყებ, თუ ვინმემ მაწყენინა და თუ ოდესმე საშუალება მექნება, აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს. მე რომც არაფერი გავაკეთო, რატომღაც ყოველთვის ისე ხდება, რომ თუკი ვინმე გულს მატკენს ან უსამართლოდ მომექცევა, ის თავისას მალევე იღებს. ჩემგან არა, სამყაროსგან, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არავისთვის მისურვებია ცუდი. მაგრამ მეც თუ ოდესმე საშუალება მომეცემა, აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს იმისთვის, რაც გამიკეთა.