“არც ფიზიკურ ძალას ვუჩივი და მორალურად ხომ საერთოდ ქვა და რკინა ვარ”

60

ვნახოთ, რამდენად სჯერა ზურა მანჯავიძეს ზოდიაქოსი, რა თვისებებია მასში დომინანტური და რით არ ჰგავს საკუთარ ნიშანს.

ზურა მანჯავიძე: 31 ოქტომბერს დავიბადე, ზოდიაქოთი მორიელი ვარ, თუმცა, რომ ვთქვა, სასწაულად მჯერა ზოდიაქოსი-მეთქი, არ იქნება მართალი. მაგრამ, ნაწილობრივ მჯერა. გადაცემაში ისეთი პარტნიორი მყავს, ბატონი მიშა ცაგარლის სახით, ყოველთვის ვეცნობი ზოდიაქოსთან დაკავშირებულ სიახლეებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ზოგადად ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ზოდიაქოზე ვერ ავაწყობ ჩემს ცხოვრებას და ამით ვეღარ დავიტვირთავ გონებას (იცინის).

– გვეუბნებიან, მორიელები ძალიან ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიანო. ასეა თქვენს შემთხვევაშიც?

– კი, ვეთანხმები. ნამდვილად ძალიან ძლიერი ნებისყოფა მაქვს. ცხოვრებაში თუკი რამისთვის მიმიღწევია, ყველაფრისთვის ჩემი ნებისყოფის დამსახურებით, ასევე, იმ ხასიათის, რაც ნებისყოფასა და შეუპოვრობას უკავშირდება. საერთოდ, ფარ-ხმლის დაყრა არ მჩვევია. ეს რომ ჩემი თვისება ყოფილიყო, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი.

– ძალიან პრინციპულიც ყოფილხართ.

– ამაშიც ვეთანხმები, პრინციპულიც ვარ. ყველა საკითხში ასეა. თუ რამეში დავრწმუნდები, მერე ჩემს პრინციპებს ბოლომდე ვიცავ. რა თქმა უნდა, სხვის აზრს მოვისმენ და ყველანაირად გავითვალისწინებ, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს. თუ არ დავრწმუნდები, რომ ჩემი აზრი მართებული არ არის, ბოლომდე ვაწვები. თუ დამარწმუნებენ, რომ რაღაცაში ვცდები, მაშინ შემიძლია პრინციპების დათმობა, მაგრამ თუ ვიცი, რომ მართალი ვარ, ბოლომდე მივყვები ჩემს სიმართლეს.

– მორიელებს შეუძლიათ, გაუძლონ ცხოვრებისეულ დარტყმებს ყოველგვარი წუწუნისა და თავის შეცოდების გარეშე…

– ზოგადად, წუწუნი არ არის ჩემი სტილი. ყველანაირად ვცდილობ, ყველა წინააღმდეგობას ამის გარეშე გავუძლო. არ მიყვარს სხვისთვის ჩემი პრობლემების თავს მოხვევა. ამდენი ხანი ასე გამიძლია, არ მქონია მარტივი ცხოვრება, მაგრამ გავიტანე თავი და იმედია, მომავალშიც ასე იქნება (იცინის).

– მორიელი საიმედო მეგობარია და საშიში მტერი. ასეა?

– ნამდვილად. ამაში სრულად ვეთანხმები. მეგობარი ნამდვილად საიმედო ვარ, ისევე, როგორც მტერი ვარ საშიში. თუ ვინმეს გადავეკიდე, მერე ძალიან რთულად მომიბრუნდება მასზე გული. ზოგადად, ბოღმიანი არ ვარ, მაგრამ გულისტკენა მიმყვება ხოლმე. თუ ადამიანზე გული ამიცრუვდა, თუ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა, მერე უკვე რთულია მისი აღდგენა და ურთიერთობის გაგრძელება.

– იმდენად პოზიტიური ხართ, ვერ წარმომიდგენია, სასტიკი იყოთ, ვინმეს სამაგიერო ცუდად გადაუხადოთ…

– ეგრე არ ვიქცევი, არავის ვუმტრობ, მაგრამ მთავრდება ჩემთვის იმ ადამიანთან ურთიერთობა, განწყობა აღარ მაქვს მის მიმართ. რაც არ უნდა ვეცადო, გადაჭრილ ძაფს ვეღარ ვკრავ, ვეღარ ვამთელებ ურთიერთობას, თორემ ადამიანმა თუ მაწყენინა, წამებით ნამდვილად არ მოვკლავ (იცინის). უბრალოდ, ყველაფერს ვასრულებ და ეს არის ყველაზე დიდი სისასტიკე. ჩემთან რომ აღარ ექნება ურთიერთობა, ხომ ხვდებით რამდენს კარგავს ადამიანი (იცინის). მეტი სისასტიკე როგორღა უნდა გამოვიჩინო?! (იცინის).

– მორიელი ძალიან ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად.

– ჰო, ახლახან დავბრუნდი ოლიმპიადიდან სამი მედლით (იცინის). თუმცა, ამასაც ვეთანხმები. რეალურად არც ფიზიკურ ძალას ვუჩივი და მორალურად ხომ, საერთოდ, ქვა და რკინა ვარ (იცინის).

– მორიელები ძალიან მიმზიდველები არიან და როგორი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეთ, მაგნიტივით იზიდავენ გარშემო მყოფებს…

– აბსოლუტურად მართალია, მით უმეტეს, როცა ჩემნაირი მომხიბვლელი გარეგნობა ემატება ამ ყველაფერს, ხომ საერთოდ (იცინის). საკუთარ ხიბლთან გამკლავება მე თვითონაც მიჭირს (იცინის). თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ ურთიერთობები არ მიჭირს, პირიქით, ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ალბათ, ჩემი შარმი და ხიბლი მაქვს. ეს, ალბათ, ზუსტად ამ კომუნიკაბელურობასა და მეგობრულობაში გამოიხატება. ძალიან ადვილად ვუგებ ადამიანებს და მოკლე დროში შემიძლია დაახლოება.

– მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ჩაკეტილიც ყოფილხართ. მორიელი, ერთი შეხედვით, ძალიან მხიარული ჩანს, მაგრამ კარგად ნიღბავს ემოციებს. უამრავი პრობლემაც რომ ჰქონდეს, ძალიან უზრუნველ და მხიარულ ადამიანად მოგაჩვენებთ თავს.

– კი, ეს თვისება მაქვს და ასეთი მომენტებიც მქონია ცხოვრებაში. იყო პერიოდები, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, ყველანაირად ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ ჩემი ახლობლები და მეგობრები ამას ვერასდროს იგებდნენ. თვითონაც სულ მეუბნებოდნენ, ამდენი პრობლემა გაქვს და სულ ასეთ კარგ ხასიათზე როგორ ხარო. ერთხელ, სუფრაზე ვიყავით, სადღეგრძელოს სვამდნენ და თქვეს, ნახეთ, ყველაფრის მიუხედავად, როგორ კარგად არისო და გავაპროტესტე, როდის მკითხეთ, როგორ ვარ-მეთქი. არ გიკითხიათ და ხომ არ დავიწყებ წუწუნს. თუ შემეკითხებით, მოგიყვებით-მეთქი (იცინის). ხანდახან ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ, მაგრამ ყოველთვის იმას ვცდილობ, ეს სხვას არ მოვახვიო თავს.

– უხეშად პირდაპირები არიან…

– არა, ამას ვერაფრით ვერ დავეთანხმები. მე ჩემი იმერული დიპლომატია მაქვს. ძალიან ტაქტიანი ვარ და თუ ვინმესთვის რამის თქმა მინდა, ვცდილობ, ლამაზად და ტაქტიანად ვუთხრა და არა უხეშად ვაჯახო და ადამიანი შოკში ჩავაგდო.

– მორიელებს ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება უყვართ, ამიტომ თავდაუზოგავად შრომობენ და სხვებისგანაც თავგანწირვას მოითხოვენ. აქედან გამომდინარე, მორიელი უფროსის ხელში ნამდვილად არ გაზარმაცდებით.

– საერთოდ, კი, ძალიან მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. მინდა, რომ სხვებიც ჩართულები იყვნენ ყველა საქმეში. „ფორტეს“ გოგოები მსაყვედურობენ ხოლმე: შენ თვითონ როგორი ენერგიულიც ხარ, იმავეს ითხოვ ჩვენგან და ჩვენ შენნაირები არ ვართო. გვაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით „კონფლიქტები“ (იცინის). ასეა, სხვებსაც ისე ვთხოვ, როგორც საკუთარ თავს.