“სამშობლოს სიყვარული ემიგრანტებზე მეტად არავინ იცის“ – მამუკა ლომაშვილის “თბილისური საღამო“ ბრუკლინში
ცნობილი პაროდისტი და მსახიობი, მამუკა ლომაშვილი უკვე 3 წელია, ემიგრაციაშია და პირად საუბრებშიც და საჯაროდაც ყოველთვის ამბობს, რომ სამშობლოს მონატრება ერთ-ერთი მძიმედ გადასატანი გრძნობაა, ემიგრანტებისთვის. ამის გამო, გადაწყვიტა, ბრუკლინში გაეკეთებინა ახალი პროექტი, ამერიკაში მყოფი ქართველებისთვის და ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
3 წელია, ემიგრაციაში ვარ და კარგა ხანია, მქონდა წყვეტა ჩემს საქმიანობასთან. ნინი შერმადინს აქვს არაჩვეულებრივი სტუდია, შარშან იქ გავაკეთე სპექტაკლი, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა ჩემზე და მომინდა, რომ სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ დავუბრუნდე სცენას და გავაგრძელო ჩემი საქმიანობა როგორც რეჟისორის ამპლუაში, ესტრადაზე, ასევე, როგორც წამყვანმა. ამიტომ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ლამაზი საღამო.
25 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, რესტორან „x ფაქტორში“ რომელიც მდებარეობს ბრუკლინში, ტარდება არაჩვეულებრივი პროექტი, „თბილისური საღამო“, სადაც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები და კომპოზიციები გაჟღერდება, ქართული სიმღერისა და ესტრადის მსახიობების მონაწილეობით.
ეს მართლაც თბილისური საღამო იქნება, ძალიან თბილი, სიყვარულით სავსე, რაც განსაკუთრებით გვჭირდება ემიგრანტებს. ძალიან დიდი მონდომებით ვარჩევთ რეპერტუარს: იქნება სიმღერები, ლექსები, კომპოზიციები ჩვენი საყვარელი არტისტების მონაწილეობით.
სცენაზე იქნებიან ვლად არამოვი, ნინი შერმადინი, ცუცა კაპანაძე, გია ფეიქრიშვილი, ირაკლი შარაძე. საღამოს მე და ცუცა გავუძღვებით. საღამოს ბოლოს იქნება ძალიან საინტერესო სიურპრიზი, რომელიც ყველა იქ მყოფს აავსებს სიყვარულით, სიხარულით და ალბათ ცრემლსაც კი მოჰგვრით. ასე რომ, ძალიან საინტერესოდ განვითარდება ჩვენი საღამო.
ემიგრანტობა ძალიან ძნელია. სამშობლოს სიყვარული კი ემიგრანტებზე მეტად არავინ იცის და იმ დედებზე მეტად, ვინც შვილები დატოვა და ემიგრაციას მიაშურა. ამიტომ ასეთი პროექტები საჭიროა, რომ სამშბლოს მონატრება მოვიკლათ და ერთმანეთს სითბო და სიყვარული გავუზაიროთ, რაც დიდხანს გაგვყვება და გაგვიადვილებს სამშობლოსთან და ოჯახთან განშორებას.