როგორ იპოვა სოფო ოხანაშვილი 11 წლის წინ თვითმფრინავში გაცნობილმა ადამიანმა და რა უცნაური თავგადასავლები გადახდათ მათ

58

ჟურნალისტ სოფო ოხანაშვილის სიყვარულის ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს, რომლის მთავარი გმირობაც, ალბათ, ბევრ გოგონას უნატრია. ყველაფერი წლების წინ დაიწყო, სოფო და ეუჯენ გრიგა ერთმანეთს თვითმფრინავში შეხვდნენ და ერთად გატარებულმა რამდენიმე საათმა მათი მომავალი შეცვალა.

სოფო ოხანაშვილი: მე და ეუჯენი 2011 წელს თვითმფრინავში შევხვდით ერთმანეთს და რამდენიმე საათი ერთად ვიმგზავრეთ. ამის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, არანაირი ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ერთ დღეს, ის ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მალე ოჯახის შექმნაც გადავწყვიტეთ. პირველად 2011 წლის თებერვალში შევხვდით და 11 წლის შემდეგ, თებერვალში დავქორწინდით.

ჩვენი პირველი შეხვედრის წინაპირობები ჩვენს ამბავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ეუჯენი შემთხვევით მოხვდა იმ თვითმფრინავზე, რომლითაც მე სტამბოლიდან დუბაიში მივფრინავდი – მისი რეისი გაუქმდა. საქმე ისაა, რომ თვითმფრინავში მეც დავაგვიანე. ინდოეთში მივფრინავდი „როიტერის“ კურსებზე, ბილეთები კომპანიამ შემიძინა. რამდენიმე გადაჯდომა მიწევდა და ფრენებს შორის ძალიან ცოტა დრო მქონდა. მე ვიყავი ბოლო მგზავრი, რომელიც გულამოვარდნილი ავიდა თვითმფრინავში და კარიც დაიხურა. მე და ეუჯენი ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდით და ალბათ, ჩემმა დაგვიანაბემაც მიიქცია ყურადღება. როგორც მახსოვს, ძალიან სწრაფად დავამყარეთ კომუნიკაცია. თვითმფრინავით ძალიან ბევრჯერ მიმგზავრია. უამრავი ადამიანის გვერდით ვმჯდარვარ, ბევრი გამიცნია, შემითვალიერებია, მაგრამ ეუჯენის შემთხვევა კიდევ სხვა იყო, ეს ადამიანი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან კარგად მახსოვს ის ფრენა. ისიც კი მახსოვს, როგორ ეცვა მაშინ.

– როგორი იყო რამდენიმესაათიანი გზა?

– ძალიან უშუალო და ბუნებრივი. თითქოს, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით. ერთი წუთითაც არ მქონია უხერხულობის განცდა. ზოგადად, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანთან ამდენი საათის განმავლობაში ერთი წამითაც კი არ ჩამოვარდნილა უხერხული სიჩუმე და არც ხელოვნურად დაგვიწყია თემების ძიება. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ იუმორით გაჯერებული საუბარი გვქონდა. ხუთი საათის განმავლობაში ბევრი ვიცინეთ და მგონია, რომ ერთმანეთს ძალიან კარგი განწყობა შევუქმენით.

– გახსოვთ რაზე საუბრობდით ხუთი საათი?

– პირველი კითხვა ან წინადადება არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, როცა გაიგო ქართველი ვიყავი, თვალები გაუნათდა და მითხრა, მე ქართველ ბიჭებთან ერთად ვმსახურობდიო. როგორც გითხარით, მე ინდოეთში მივფრნავდი, „როიტერის“ კურსებზე, ეუჯენი კი – ავღანეთში. ის ყოფილი სამხედროა, ახლა უკვე რუმინული ჯარის ვეტერანი გახლავთ. ამ მომენტისთვის ლიბიაში მუშაობს – დიპლომატიურ მისიებს უსაფრთხოების კონსულტაციას უწევს და თან, მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამჯერად ევროკავშირის მისიაშია ჩართული. ასე რომ, საქართველოს გაგონების შემდეგ ასმაგად კეთილგანწყობილი გახდა ჩემ მიმართ. ძალიან მიყვარს ქართველი ხალხიო, მითხრა. კიდევ ბევრ თემას შევეხეთ. ბოლოს, გასასვლელისკენ რომ მივდიოდით, ჯენტლმენურად მოიქცა და ჩემი პატარა ჩემოდანი მან ატარა (იცინის). გამომშვიდობებისას მეილი მთხოვა და ჩავაწერინე, მაგრამ მისი ვეღარ ჩავინიშნე, რადგან მის რეისზე ჩასხდომა გამოაცხადეს და სასწრაფოდ დავიშალეთ. ასე დამთავრდა ჩვენი კონტაქტი მაშინ.

– დღეს რას ამბობს, ალბათ, შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

– ბევრჯერ უთქვამს, მაშინვე რაღაც ვიგრძენიო. ფლირტი თუ ქიმია საუბარშივე იგრძნობოდა ორივე მხრიდან. თუმცა, თვითონ მეუბნება, რომ უფრო ჩემი მხრიდან – შენ გატყობდი, რომ ზოგადად მესაუბრებოდი და ხალისობდი მგზავრობით, მე კი მაშინვე რაღაც განსხვავებული ვიგრძენიო.

ის არ არის ისეთი კომუნიკაბელური, როგორიც მე, მაგრამ იქ მე ეს არ მიგრძნია. მერე მითხრა, მე ასე არავის ველაპარაკები და ძალიან გამიკვირდა, შენთან რომ ასე შემოვედი კომუნიკაციაშიო. თვითმფრინავში მისი ულუფა ნამცხვარიც შევჭამე და ამითაც ძალიან კმაყოფილი იყო (იცინის). მახსოვს, რომ ვფიქრობდი, რა უცნაურია, უცხო ადამიანთან თავს ასე კარგად ვგრძნობდი და ამდენად ახლობლად აღვიქვამდი-მეთქი.

ასე იყო თუ ისე, ჩვენი მგზავრობა დასრულდა და დავიშალეთ. მე ერთი კვირა გავატარე ინდოეთში, სადაც საკმაოდ დატვირთული ვიყავი და მეილის შესამოწმებლად ვერ მოვიცალე. თბილისში რომ დავბრუნდი, მაშინ შევამოწმე და ეუჯენისგან შეტყობინება დამხვდა. აქედან დაიწყო ჩვენი მიმოწერა, მაგრამ სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ისეთი სიცოცხლისუნარიანი. დაახლოებით, სამ კვირაში მიმოწერა შევწყვიტეთ, მაგრამ მიზეზი არც კი გვახსოვს. იმ პერიოდში ეუჯენი ავღანეთში აფეთქებაში მოყოლილა, ფეხები დაუზიანებია და გარკვეული პერიოდი კლინიკაში გაუტარებია. სავარაუდოდ, მისი მხრიდან მიზეზი ეს იყო, ჩემი მხრიდან – ვერ ვიხსენებ, მაგრამ ასე გამოვიდა და ჩვეულებრივად განვაგრძე ცხოვრება.

ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ კიდევ ერთი დეტალია, ერთი შემთხვევითობა, რომელიც ამ ამბავს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. პროფესიული უნარების განვითარებაზე მუდმივად ვზურავ და „როიტერის“ კურსებზე წასვლა, რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ ორი შესაძლებლობა მქონდა, რომი და ინდოეთი. რომში წასვლას ვგეგმავდი, რადგან ინდოეთში უკვე ნამყოფი ვიყავი და თან რომი ჩემი ოცნების ადგილია. თუმცა, ბოლო წუთებში აღმოვაჩინე, რომ თემატიკა, რომელიც იქ უნდა გაგვევლო, არ მაინტერესებდა. ამიტომ აპლიკაციის შევსებისას, ბოლო წამს გადავიფიქრე და სულ ნახევარი საათი იყო დარჩენილი დედლაინის დასრულებამდე, როცა არჩევანი ინდოეთზე გავაკეთე. გავგზავნე ჩემი მონაცემები, მაგრამ მეორე დღეს ვირუსის „დამსახურებით“ ისე ცუდად ვიყავი, ტელეფონის ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ერთადერთ ზარს ვუპასუხე, რომელიც უცნობი ნომრიდან შემოვიდა, რადგან მერე გადარეკვას ვეღარ მოვახერხებდი. აღმოჩნდა, რომ ლონდონიდან, „როიტერიდან“ მირეკავდნენ. მითხრეს, რომ კურსზე შემარჩიეს და ასე აღმოვჩნდი იმ თვითმფრინავში, სადაც ეუჯენიც შემთხვევით მოხვდა.

– ახლა დრო თქვენი ამ შეხვედრიდან 11 წლით გადავახვიოთ. რა მოხდა შემდეგ?

– 2022 წელია და „ფეისბუქზე“ მეგობრობის თხოვნა მომდის. გავხსენი გამომგზავნის პროფილი და ფოტოები ვნახე, მაშინვე ვიცანი და ამოტივტივდა ჩემს გონებაში ეს ადამიანი, რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა. სახელი და გვარი არ მეცნო და მეილზე გადავამოწმე. დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ის იყო და ერთადერთი, რაც მივწერე, იყო „რილი?“ (მართლა), რაშიც ჩავატიე მთელი ჩემი გაოცება. მეგობრობის თხოვნაც დავუდასტურე და ასე განახლდა ჩვენი ურთიერთობა. გვერდზე მყოფებს რომ ვეუბნებოდი, მეგობრობა 11 წლის წინ თვითმფრინავში გაცნობილმა ადამიანმა გამომიგზავნა-მეთქი, კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო, რამდენად უჩვეულო რამ ხდებოდა ჩემს თავს.

თავიდან პეპლები არ ყოფილა, უფრო ცნობისმოყვარეობის გამო ვუსვამდით კითხვებს ერთმანეთს. როცა ვკითხე, რამ გაგახსენა ჩემი თავი, ან როგორ დამიკავშირდი-მეთქი, მითხრა, ქართველი ბიჭების გამო საქართველო სულ იყო ჩემი ყურადღების ცენტრში და არაერთხელ გამახსენდი, მაგრამ მეილი დავკარგე და ვერ დაგეკონტაქტებოდიო. სხვათა შორის, საოცარი ისტორია მომიყვა. საქართველოს შესახებ ერთი ვიდეო უნახავს, სადაც ასახულია, რომ კაცი, წლების წინ დაკარგულ ძაღლს შემთხვევით ხვდება ქუჩაში, ქაშუეთის ეკლესიის წინ და ძაღლი პატრონს ცნობს. საოცარი კადრები იყო და მას რომ ვუყურე, წლების წინ დაკარგული ურთიერთობა და შენ გამახსენდი; მაშინვე გადავწყვიტე, რომ უნდა მეპოვნე. სახელი და პროფესია მახსოვდა, ქართველი ბიჭებისგან ვიცოდი, რომ თქვენი გვარები შვილზე მთავრდებოდა და „ლინქდინზე“ ამ მონაცემებით რამდენიმე ანგარიში ვიპოვე, მერე კი ფოტოთი ადვილად გიცანიო. ამგვარად, გვარიც გაიგო და მერე „ფეისბუქზე“ მიპოვა და დამეკონტაქტა კიდეც (იცინის).

როგორც ვთქვი, თავიდან ინტერესის დონეზე გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ძალიან მალე ისევ დაბრუნდა ძველი შეგრძნებები და თან საოცარი ნდობა გამიჩნდა მის მიმართ.

– როდის შეხვდით?

– თურმე, დიდხანს გეგმავდა თბილისში ჩამოსვლას. 2022 წლის ივნისის ბოლოს განვაახლეთ ურთიერთობა და სექტემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა, თუმცა, ბილეთები ივლისის დასაწყისშივე უყიდია (იცინის). თუ საწყის თარიღად ამ წელს ავიღებ, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. დეკემბერში ხელი მთხოვა და თებერვალში ვიქორწინეთ. გამომდინარე იქიდან, რომ თავის სახლში, სამშობლოში, ისედაც ცოტა დროს ატარებდა და ძირითადად, მისიებში იყო, გადაწყვიტა, რომ საქართველოში გადმოსულიყო საცხოვრებლად. აქ კიდევ უფრო შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ისტორია კი ასეთი გამოვიდა – ორივესთვის განსაკუთრებით ძვირფასი, რომელსაც მოწიწებით ვყვებით ხოლმე და ყოველი მოყოლისას, კიდევ ერთხელ განვიცდით იმ სასიამოვნო შეგრძნებებს, რაც ამ ამბავს თან ახლავს.