“მირჩევნია შიშს თვალებში ჩავხედო, ვიცი უკან თუ დავიხევ, გადამთელავს”

47

ნიკოლოზ ხაჩიძის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ნიკოლოზ ხაჩიძე?

ნიკოლოზ ხაჩიძე: ყველაზე რთული შეკითხვაა, რაც შეგიძლია, დამისვა, ესაა იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს. მგონია, რომ არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– მგონია, რომ ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებოა მშვიდი ცხოვრება. როცა მშვიდად ვარ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად.

– ოდესმე გიკეთებია ისეთი საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა?

– ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ პროფესიად ისეთი საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამ საქმის გარდა არაფერი მიკეთებია. 15 წლიდან ჟურნალისტიკაში ვმუშაობ, ამ გზიდან არასდროს გადამიხვევია და ბედნიერი ვარ ამის გამო. თავის დროზე, როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, ალბათ, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად სწორ ნაბიჯს ვდგამდი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– რამდენად გულჩვილი ხარ?

– სხვათა შორის, ვარ. სულ ვცდილობ ემოციების შეკავებას, მაგრამ ბოლო პერიოდში დავაფიქსირე, რომ ძალიან ხშირად, როცა სოციალურ ქსელში, მაგალითად, საქველმოქმედო ვიდეოები მხვდება მოხუცებსა და ბავშვებზე, თვალებზე ცრემლი მადგება. იგივე ფილმებზე არასდროს დამმართნია. ერთადერთი, „ჯარისკაცის მამაზე“ ვიტირე. „ჰოლივუდურ“ ფილმებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულისამაჩუყებელი სცენარი მინახავს, ცრემლი არასდროს წამომსვლია.

– ბოლოს როდის იტირე ბედნიერებისგან ან ტკვილისგან რეალური ამბების გამო?

– მგონი, ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე ტკივილისგან. ბედნიერების ცრემლებს რაც შეეხება, ეგ განცდაც წლებია, არ მქონია.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს…

– ეგ სისულელე მგონია. მამაკაციც ადამიანია, შესაბამისად, გრძნობები მასაც აქვს და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მისი ცრემლი სასირცხვილოა. პირიქით, დიდი ვაჟკაცობაა, როცა შეგიძლია, ემოცია თავისუფლად გამოხატო. ამას დიდი გამბედაობა სჭირდება.

– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?

– ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. პირველ რიგში, ჩემ გარშემო ვისაც ვალები აქვს, ყველას გავუსტუმრებდი და მათი ბედნიერებით გავიხარებდი (იცინის). ჩემთვის ბინას ვიყიდდი, სადაც კომფორტულად ვიცხოვრებდი. რაც დამრჩებოდა, იმას კარგ საქმეში დავაბანდებდი, რომ სამომავლოდ შემოსავალი მქონოდა.

– გინდა, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი იყო, გიოცნებია ამაზე?

– ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე, მაგრამ როცა იზრდები, ბევრ რამეს აცნობიერებ და მეც, როცა სერიოზულად დავფიქრდი, მივხვდი, რომ მსოფლიო დონის პოპულარობა 50 პროცენტით ძალიან მაგარია. მეორე 50 პროცენტით კი – ძალიან რთული, რადგან როდესაც ასეთი წარმატებული ხდები, გერთმევა ყველაფერი, რაც მანამდე შენი პირადი იყო და თითქოს, საკუთარი ცხოვრება აღარ გაგაჩნია. არ ვიცი, რამდენად კომფორტულია მუდმივად ყურადღების ცენტრში ცხოვრება და გამჭვირვალე შუშის მიღმა ყოფნა. ამიტომ მიოცონებია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მინდა ეს რეალობად იქცეს. ალბათ, ჯობს, უფრო ოცნებების სფეროში დავტოვო. უკვე აღვნიშნე, რომ მშვიდი ცხოვრება მიყვარს და ამ მასშტაბის პოპულარობა სიმშვიდეს ნამდვილად წამართმევს.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე არასწორ საქციელად, რასაც შესაძლოა, სინანულიც უკავშირდება?

– რამდენჯერმე უარი ვთქვი კარგ შემოთავაზებაზე. იმ პერიოდში მიმაჩნდა, რომ დროში ვერ შევუთავსებდი. საქმე სერიალში მონაწილეობას ეხებოდა, მაგრამ მერე დავთანხმდი და ჩემი შეცდომა გამოვასწორე. პირადშიც ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვნანობ. ჯობდა, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, არა მგონია, დღეს თავი კომფორტულად გვეგრძნო, ამიტომ არაფერს შევცვლიდი.

– შეცდომის აღიარება შეგიძლია?

– კი. თუ აფექტურ მდგომარეობაში ვარ, როგორც კი დავმშვიდდები, მაშინვე შემიძლია, ჩემი შეცდომა ვაღიარო. მაქსიმუმ, 10 წუთი მჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ შეცდომა დავუშვი და ბოდიში უნდა მოვიხადო. შეიძლება, სიტყვიერად „ბოდიში“ არ ვთქვა, მაგრამ ჩემს ყველა საქციელში ჩანდეს, რომ ვნანობ იმას, რაც ვთქვი ან გავაკეთე.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია?

– სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, მაგრამ რესპონდენტს დავურეკე ინტერვიუზე შესათანხმებლად და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ადამიანი შევითანხმე, იმავე სახელის, გვარში მხოლოდ ორასოიანი განსხვავებით. საუბარს რომ შევყევით, ინტერვიუს თემების გაშლა დავიწყე და დავაფიქსირე, რომ უხერხულ პაუზებს აკეთებდა. ვიგრძენი, რომ ეს თემები მის სფეროს საერთოდ არ უკავშირდებოდა. მერე ხმის ტემბრზე დავაკვირდი და მივხვდი, რომ სხვას ველაპარაკებოდი. ბოდიში მოვუხადე და ამაზე ბევრი ვიცინეთ. იმედი მაქვს, რომ გულით გაეცინა და არა ზრდილობის გამო (იცინის). იმ მომენტში ხომ არავინ მიყურებდა, მაგრამ მახსოვს, შემრცხვა და ძალიან გავწითლდი. ძალიან უხერხული მომენტი იყო. ისეც მომხდარა, რომ შეტყობინება გამიგზავნია შეცდომით იმ ადამიანისთვის, ვისზეც სხვას ვწერდი ამ მესიჯში. მაგალითად, პროდიუსერისთვის მინდოდა მიმეწერა რესპონდენტზე და პირდაპირ რესპონდენტს მივწერე.

– ოდესმე რამე მოგიპარავს?

– კი, ბავშვობაში სოფელში მეზობელს ქათმის კვერცხები მოვპარე. სახლში ძალიან ბევრი კვერცხი გვქონდა, ანუ მოპარვის საჭიროება არ იყო, მაგრამ რატომღაც ასე გადავწყვიტე (იცინის). მერე ამ კვერცხით გოგლი-მოგლი მოვამზადე და ძალიან ბედნიერად მივირთვი. არც სინდისს შევუწუხებივარ და მეზობელიც ვერაფერს მიხვდა. პირდაპირ საქათმიდან ავიღე ის კვერცხი და ალბათ, საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ (იცინის). დღემდე ვერ ვხსნი, საერთოდ რატომ გავაკეთე ეს (იცინის). კიდევ ბიბლიოთეკიდან მომიპარავს წიგნი, უფრო სწორად, წამომიღია და აღარ დამიბრუნებია. ჟურნალისტიკის შესახებ იყო წიგნი, რამე განსაკუთრებული ღირებულების არა (იცინის).

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ხომ არსებობს რაღაცები, რისი პატიებაც გიჭირს, ტყუილია ჩემთვის ზუსტად ის, რისი პატიებაც ძალიან მიჭირს. რამდენად ცუდიც არ უნდა გააკეთო, თუ აღიარებ, ამიხსნი და მეტყვი, რომ უნებურად გამოგივიდა, გამორიცხულია, რომ ვერ მივიღო, მაგრამ თუ ვხვდები, რომ მატყუებ, ნდობა ისე მეკარგება, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. იგივენაირად ვარ საკუთარ თავთან მიმართებაშიც. ვცდილობ, საერთოდ არ მოვიტყუო. ჩემი ტყუილების მაქსიმუმია „საცობში ვარ“, მაშინ, როცა სახლიდან გავდივარ. ან თუ ვაგვიანებ, ვამბობ, რომ ხუთ წუთში ვიქნები. ეს დიდად არავის აზიანებს. ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ეს არის – შენი ტყუილით სხვა არ უნდა დააზიანო.

– ხვდები, როცა გატყუებენ?

– კი, ძირითადად, ვხვდები, მაგრამ არის სიტუაციები, როცა თავს ვიტყუებ და არ ვიმჩნევ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ის ადამიანი არ ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში. ჩემი პასუხი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვწყვეტ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან გაგრძელების აზრს ვეღარ ვხვდები. არ ვარ ადამიანი, რომ რამე ვერ გაგიგო და ამის მიუხედავად, თუ მაინც ტყუილები გჭირდება, ესე იგი, ჩვენს ურთიერთობას აზრი აღარ აქვს.

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– როდესაც პირველად დავჯექი პირდაპირ ეთერში. ძალიან მეშინოდა, ხელები სულ ოფლიანი მქონდა. საეთერო მაკიაჟი მეკეთა, მაგრამ ალბათ, სახეზე სულ გავთეთრდი. ძალიან პატარა ვიყავი, ბოლო წამებში იმასაც ვფიქრობდი, შეცდომა ხომ არ დავუშვი, აქ რომ ვარ-მეთქი. მინდოდა, გავქცეულიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამის გამომჟღავნება ზედმეტად ბავშვური და ცუდი საქციელი იქნებოდა. ზოგადად, როცა რაღაც ისეთი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაც შიშს იწვევს, არ ვიბნევი, უკან არ ვიხევ, მირჩევნია, შიშს თვალებში ჩავხედო, რა სახისაც არ უნდა იყოს; ვიცი, რომ უკან თუ დავიხევ, ეს შიში გადამთელავს.

– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადე?

– ყველაზე დიდი ტკივილის მიზეზი იყო ჩემი კლასელის გარდაცვალება 16 წლის ასაკში. ეს იყო ყველაზე დიდი და პირველი ტკივილი. როცა სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შენგან, გგონია, რომ მხოლოდ მოხუცები მიდიან და უცებ, ის ადამიანი გარდაიცვლება, ვისთან ერთადაც სკოლაში ერთ მერხთან იჯექი. თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვხვდებოდი, რაც ხდებოდა სიზმარი იყო თუ რეალობა.

– რა მოხდა?

– ძალიან ცუდი ისტორიაა. 90-იანი წლების ბოლოს მოხდა… ჩემი კლასელი შეძლებული ოჯახიდან იყო და ფულის გამოძალვის მიზნით ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცება უნდოდათ. ავტომობილში ისხდნენ, ვინც საჭესთან იყო, არ დაემორჩილა გამტაცებლებს, რის შემდეგაც გამტაცებლებმა ცეცხლი გაუხსნეს და ტყვია ჩემს კლასელ გოგონას მოხვდა. მთელი ოჯახი იჯდა მანქანაში და მხოლოდ ის დაიღუპა.

– ყველაზე დიდ უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხარ?

– სამწუხაროდ, ყოველდღიურად ძალიან ბევრ უსამართლობას ვეჯახები. ხშირად მხვდება ნეპოტიზმი, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება. ვიღაც ვიღაცის ბიძაშვილია, ვიღაც – ნათესავი და ამის გამო ნიჭიერი ადამიანები იჩაგრებიან, რაც ჩემთვის ძალიან დიდი უსამართლობაა. ვიღაცებს ლანგრით ერთმევათ გარკვეული პედესტალი, ვიღაცები კი წლების განმავლობაში წვალობენ და მაინც უჭირთ სასურველი შედეგის მიღწევა. „ჩემიანის“ გამო ნიჭიერი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს.