“გვინდა რომ ქორწილი საქართველოში გვქონდეს მომავალ ზაფხულს, საცხოვრებელ ლოკაციად კი ამ ეტაპზე უფრო საქართველო განიხილება”

33

ცოტა ხნის წინ ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა. მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული.

– მარიამ, მოგვიყევით თქვენს ნიშნობაზე, რომელიც საქმროს დედის – სოფი ლორენის იუბილეზე გაიმართა. ემოციებით სავსე საღამო იქნებოდა და მინდა, მთავარი მომენტების გახსენება გთხოვოთ…

– ჩემი და კარლოს ნიშნობა ქალბატონი სოფიას დაბადების დღეს არ მომხდარა, ეს მოხდა 19 სექტემბერს, ანუ დაბადების დღის წინა დღეს, უბრალოდ, ეს სიახლე მაშინვე არ გამისაჯაროებია და მეორე დღეს გამოვაქვეყნე. როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია მედიასაშუალებების შეცდომაში შეყვანა, რომლებიც შემდეგ ამ ინფორმაციას აზიარებდნენ.

რაც შეეხება ნიშნობას, რეალურად კარლომ რამდენიმე თვის წინ მთხოვა ხელი, სპონტანურად, ბეჭდის გარეშე, თბილისის აეროპორტში და ბუნებრივია, ვიცოდი, რომ ეს ფაქტი ერთ დღესაც ოფიციალურ სახეს მიიღებდა. ასე რომ, ძალიან მოულოდნელი თვითონ ხელის თხოვნის ფაქტი არ ყოფილა, მაგრამ იყო სიურპრიზის ელემენტები, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, ეს რა დროს ან როგორ ვითარებაში მოხდებოდა. ჩავედით რომში და როდესაც სასტუმროს ნომერში ავედით, კარლომ სწორედ იქ დამახვედრა ნიშნობის ბეჭედი, ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, მუხლი მოიყარა და მკითხა, ვისურვებდი თუ არა მის ცოლობას. მეც ვუთხარი ახლა უკვე ოფიციალური კი. კარლომ მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, ისურვა მამაჩემთან, საქართველოში დარეკვა და ახლა მას სთხოვა ქართულ ენაზე ჩემი ხელი. ბუნებრივია, მამასგანაც მიიღო თანხმობა და ეს ყოველივე იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ემოციური და დაუვიწყარი წუთები.

– თქვენი და კარლო პონტის სიყვარული საკმაოდ დიდ დროს ითვლის. როგორც ვიცი, ერთმანეთი „ინსტაგრამზე“ გაიცანით. მინდა, პირველი ემოციები გაიხსენოთ, მაშინ შეგეძლოთ ასეთი სცენარის თუნდაც წარმოდგენა?

– სამი დღის განმავლობაში ისე ვმესიჯობდით, მისი სახელი, გვარი და ზუსტი ვინაობა არ ვიცოდი. მესამე დღეს კი, როდესაც ვინაობა გამიმხილა, ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, სანამ ვიდეოზარით არ დავრწმუნდი, რომ კარლო ნამდვილად კარლო იყო. სასიამოვნო განცდა იყო, რომ ასეთი წარმატებული პიროვნების გაცნობის პატივი მხვდა წილად, მაგრამ ასეთ სცენარს, როგორც შემდგომში ჩვენი ამბავი განვითარდა, ნამდვილად არ ველოდი.

– ალბათ, ყველას ყურში ხვდება სტატუსები – „ცნობილი დირიჟორი“, „სოფი ლორენის ვაჟი“… მითხარით, ამ ყველაფრის გარეშე, როგორი ადამიანია უბრალოდ თქვენი საქმრო კარლო პონტი? რა თვისებების გამო შეიყვარეთ ისე ძალიან, რომ უკვე ოჯახის შესაქმნელად ემზადებით?

– კარლო რა თვისების გამოც შემიყვარდა ვფიქრობ, ეს არის მისი უბრალოება და უშუალობა, საოცარი იუმორის გრძნობა და მზრუნველობა. მასთან შემიძლია, ვიყო ის, ვინც ვარ – თავისუფალი და ლაღი. ეს კი, ვფიქრობ საკმარისია, რომ ადამიანთან ერთად მოგინდეს მთელი ცხოვრების გატარება.

– საინტერესოა, ის როგორ გახასიათებთ თქვენ?

– მას ხშირად აღუნიშნავს, რომ მოსწონს ჩემი ხედვა ცხოვრების მიმართ, ენერგეტიკა, რასაც ვასხივებ და გულწრფელი დამოკიდებულება ყველგან და ყველაფრის მიმართ.

– რა გეგმები გაქვთ ქორწილთან თუ ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით ან სად აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?

– გვინდა, რომ ქორწილი საქართველოში გვქონდეს მომავალ ზაფხულს. საცხოვრებელ ლოკაციად კი ამ ეტაპზე უფრო საქართველო განიხილება, მაგრამ ვნახოთ.

– როგორც ვიცი, სადედამთილოს უკვე კარგად იცნობთ. როგორი ადამიანი აღმოჩნდა უდიდესი ვარსკვლავი პირად ურთიერთობაში და საქართველო თუ გააცანით?

– ქალბატონი სოფია არის უაღრესად თბილი ადამიანი, გაცნობის დღიდან მისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება. შესაბამისად, კიდევ უფრო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვს ძალიან კარგი იუმორი და ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალბატონი სოფია ისედაც იცნობდა ჩვენს ქვეყანას, რადგან ის საქართველოს, ქალბატონი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, 2016 წელს ესტუმრა, მაგრამ მეც როდესაც საშუალება მეძლევა, უფრო და უფრო მეტს ვუყვები საქართველოზე, ქართული სამზარეულოდან ვეცადე, მას ისეთი კერძები გაესინჯა, რომელიც აქამდე დაგემოვნებული არ ჰქონდა, მაგალითად, ხინკალი და ხაჭაპური, რაზეც აღფრთოვანდა და ეს იყო დიდი კომპლიმენტი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონი სოფია ცნობილია კულინარიული ნიჭითაც.

– ბოლო პერიოდია, თქვენი ცხოვრებით მთელი საქართველო ინტერესდება – ამას როგორ შეეგუეთ?

– თავიდან ცოტა მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ჩემ მიმართ ამხელა ინტერესი წამოვიდა, მაგრამ უკვე შევეჩვიე და რაც მთავარია, ჩემი და კარლოს სიყვარულის გასაჯაროებას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა თქვენი საშუალებითაც. უღრმეს მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს გულშემატკივარს ჩვენი ბედნიერების ასე გულწრფელად გაზიარებისთვის.

– თქვენი საქმროს საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებაც მინდა გკითხოთ: როგორ მოსწონს ჩვენი ქვეყანა?

– კარლოს ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, განსაკუთრებით ჩვენი მრავალხმიანი სიმღერები, გასტრონომიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვინდა საქართველოში ქორწილი, ის არის, რომ ამ გზით ჩვენს ქვეყანას გაიცნობს მისი უამრავი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან.

– როგორ გაუგეს ერთმანეთს თქვენმა შვილმა და საყვარელმა ადამიანმა? როგორ შეეწყო თქვენს ოჯახს უცხოელი სასიძო?

– როდესაც ქალბატონები პირად ცხოვრებაში ვაკეთებთ არჩევანს, დარწმუნებული ვარ, ყველა დედა ითვალისწინებს შვილის ფაქტორს და ბუნებრივია, ჩემთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუ როგორ გაუგებდნენ ერთმანეთს ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი, რაშიც ძალიან გამიმართლა და მიხარია, რომ დემეტრესა და კარლოს ერთმანეთი ძალიან უყვართ. კარლო ჩემს ოჯახსაც იდეალურად შეეწყო და სულ აღნიშნავს ხოლმე, რომ ხასიათებით იტალიელებს ძალიან ვგავართ. შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრებთან თავიდანვე კომფორტულად იგრძნო თავი და მისთვის ეს გარემო უცხო არ ყოფილა.

– საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვთ. დასასრულს, თქვენი წარსული და ახლანდელი საქმიანობების შესახებ მოგვიყევით.

– წარსულში პროფესიით ფარმაცევტი ვიყავი და ჩემი საქმიანობით 12 წლის განმავლობაში ვზრუნავდი ადამიანებზე, რაც ძალიან მსიამოვნებდა. პანდემიის პერიოდში კი, როდესაც პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული ეტაპი მქონდა, რადგან სწორედ მაშინ მომიწია პირველი ქორწინების დასრულება, ვფიქრობდი, მჭირდებოდა რაიმე, რაზეც ყურადღების გადატანას შევძლებდი და ეს აღმოჩნდა სპორტი, უფრო კონკრეტულად კი – ზუმბა. შეიძლება ითქვას, რომ სტრესისგან და დეპრესიისგან სპორტმა მიხსნა. სწორედ საკუთარ თავზე მიღებულმა შედეგებმა მომცა მოტივაცია, რომ დავუფლებოდი მეორე პროფესიას და ახლა მე დავხმარებოდი სხვა ქალბატონებს გაჯანსაღებასა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში. მართლაც, ამ გადაწყვეტილებით ძალიან მალე გავხდი ზუმბას ლიცენზირებული ინსტრუქტორი. თავიდან გარშემო მყოფები ჩემს ამ არჩევანს სერიოზულად არც აღიქვამდნენ, რადგან პროფესიის რადიკალური ცვლილება არც ისეთი მარტივი ჩანს ხოლმე, მაგრამ მე მივყევი ჩემი გულის ხმას და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ პროფესიაში ვარ და უკვე ამ საქმიანობით ვემსახურები ადამიანებს.

მინდა, ჩემი ისტორიით მოტივაცია და მაგალითი ვიყო იმ გოგონებისა და ქალბატონისთვის, რომლებიც ახლა რთულ გზას გადიან და თავს დაკარგულად გრძნობენ, რადგან მეც ძალიან რთული გზის გავლა მომიწია, სანამ აქამდე მოვიდოდი. ადრეულ ასაკში გადავიტანე დედის გარდაცვალება, იმედგაცრუებები – პირად ცხოვრებაში, ქორწინების დასრულება, კიდევ ბევრი რამ… აღარ დაგამძიმებთ დეტალებით, მაგრამ დღეს აქ ვარ, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა შემიძლია, ვთქვა, რომ მე ეს გამომივიდა და ფეხზე წამოდგომა მაინც შევძელი. მჯერა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ მაქვს.

მიენდეთ უფალს და სამყაროს, რადგან მე შევძელი, ესე იგი, თქვენც შეძლებთ და არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევთ სუფთა გულითა და მადლიერებით.