“თქმის კულტურა მაქვს, მაგრამ დამალვის – არა”

28

ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე ზოდიაქოთი ვერძი გახლავთ. როგორც ამბობს, სიჯიუტით ნამდვილად ჰგავს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ვნახოთ, კიდევ რა თვისებებია მასში დომინანტური.

მარიკა ბაკურაძე: დავიბადე 16 აპრილს, 1984 წელს. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, ვირთხის წელში დაბადებული. რამდენჯერაც წამიკითხავს ვერძის დახასიათება, იმდენჯერ დავთანხმებივარ ძირითად თვისებებში. არ მჯერა-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე ვინ ვარ, რომ უარვყო ასტროლოგია, როგორც მეცნიერება და არ დავიჯერო, მაგრამ ჩემი დიდი პატივისცემა ყველას, ვისაც ჩემზე მეტად სჯერა ამ ყველაფრის. მოვიტყუები, რომ ვთქვა, პროგნოზებს ვუსმენ და დღეებს ან ცხოვრებას ამის მიხედვით ვგეგმავ-მეთქი.

– ვერძები ძალიან პოზიტიურები და ენერგიულები არიან, სულ მოძრაობენ…

– პოზიტიური ვარ თუ არა, ალბათ, სხვამ უნდა თქვას, ენერგიულობას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მე ენერგია საერთოდ არ მაქვს და დილით რომ ვიღვიძებ, უკვე ვკვდები (იცინის), თუ ფეხი გადავდგი, მერე მართლა ძალიან ბევრის გაკეთება შემიძლია. ბევრი დღე და ღამე გადამიბია, მძიმე რეჟიმით მიმუშავია ისე, რომ საერთოდ არ შემიმჩნევია. თუ დავიწყე, მართლა მოტორივით შემიძლია მუშაობა, ეს ნამდვილად ასეა.

– არის ძალიან წრფელი და ალალი გულის, პირდაპირი და უანგარო.

– კი, იმდენად პირდაპირი ვარ, თითქმის ნულის დონეზე მაქვს დიპლომატია. სათქმელს, კარგია თუ ცუდი, ყოველთვის ვამბობ. მარტო სხვასთან მიმართებით კი არა, საკუთარ ნაკლზეც პირდაპირ შემიძლია საუბარი. შემეშალა რამე? დამავიწყდა რაღაც? იმის ნაცვლად, რომ მიზეზები მოვიგონო, მაშინვე ვიდანაშაულებ თავს და ხმამაღლა ვამბობ ამის შესახებ. ჩემი ცუდი თვისება კიდევ ის არის, რომ როგორი პირდაპირიც მე ვარ, ისეთივე დამოკიდებულებას ვითხოვ სხვისგან. მინდა, რომ კარგიც და ცუდიც პირდაპირ მითხრან. ეს ბევრს უჭირს და აქედან იწყება პრობლემები.

– როცა ვინმეს პირდაპირ, დიპლომატიის გარეშე ეუბნები რამეს, უხეშ ადამიანად არ მიგიჩნევენ, იქიდან გამომდინარე, რომ სიმართლე ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენი არ არის?

– უხეშად არა, იმიტომ, რომ უტაქტოდ არ ვიტყვი. სათქმელს არ დავიტოვებ, მაგრამ ფორმას ვიპოვი. თქმის კულტურა მაქვს, მაგრამ დამალვის – არა (იცინის).

– ვერძს თუ შეუძლია, რამით დაგეხმაროს, არ დაინანებს, რასაც მისთვის გაიმეტებ, ათმაგად დაგიბრუნებს.

– მე თუ შემიძლია სხვისთვის რამის გაკეთება, ზუსტად ვიცი, რომ ბოლომდე გავიღებ ყველაფერს, მაგრამ სხვას ათმაგად დავუბრუნებ თუ არა, მაგაზე წინასწარ ვერ ვიტყვი, გააჩნია ჩემს შესაძლებლობას, რაც შემიძლია, აუცილებლად დავუბრუნებ, მაგრამ ეს რამდენმაგი იქნება, არ ვიცი (იცინის). რაც ჩემს შესაძლებლობებშია, იმას სრულიად უანგაროდ და დაუზარებლად, მთელი გულით გავუკეთებ ადამიანს. გამიკეთებია კიდეც. არავის ვამადლი, მაგრამ ასეა. თუმცა, კიდევ ერთი ცუდი თვისება მაქვს, რამეს რომ გავაკეთებ, საჭირო თუ გახდა, ვიტყვი კიდეც, რომ მე ეს გავაკეთე და გკითხავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი? ამაშიც პირდაპირი ვარ. მერე ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ვინმეს რამეს ვამადლი. ასე არ არის, მაგრამ ხომ უნდა აღვნიშნო? წლების მატებასთან ერთად, ვაკვირდები და ვხვდები, რომ თუ არ დააფიქსირე რას აკეთებ, თუ ხაზი არ გაუსვი, შენ რომ გგონია ყველა ყველაფერს ხედავს და ხვდება, სინამდვილეში, თურმე, ასე არ არის და შეიძლება, ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა და ვერავინ ვერაფერი დაინახა. ამიტომ ვამბობ. რატომ არ უნდა ვთქვა, თუ რამე გავაკეთე სამარცხვინოა? თუმცა, ის, რომ ეს დამადლებად აღიქმება, უკვე აღარ მომწონს.

– ვერძები ძალიან ემოციურები და ფიცხები არიან, ადვილად აბობოქრდებიან ხოლმე.

– კი, გეთანხმები. ფიცხი ვარ, გულზე თუ მომხვდა რამე, დიდ გავლენას ახდენს ჩემზე. ბოლო სამი-ოთხი წელია, დროის მართვა ვისწავლე. გავფიცხდი რაღაცაზე და მზად ვარ ადამიანს შესაბამისად ვუპასუხო, მაგრამ ჩემს თავს ვამშვიდებ: „მოდი, ახლა გაჩერდი“. არ მინდა, ბრაზმა დრო დამაკარგვინოს. ვცდილობ, მოთმინება გამოვიმუშაო. იცი, როგორი ტიპი გავხდი? ფილმს რომ ვუყურებ და კულმინაციური მომენტია, ადამიანს დანა აქვს აღებული და აპირებს, რომ მეორე ადამიანს დაარტყას, მოიქნია და… მე ამ დროს შემიძლია ფილმი, დავაპაუზო, ჩემს საქმეებს მივხედო და მერე გამახსენდება, რომ კინოს ვუყურებდი, ნეტა რა ქნეს-მეთქი, გავიფიქრებ და გავაგრძელებ ყურებას.

– ვერძები განსაკუთრებულად ვერ იტანენ მატყუარა და ორპირ ადამიანებს.

– ვაიმე, მეზიზღება ასეთი ქცევები. მე მწამს, რომ ტყუილი ყოველთვის გამომჟღავნდება და მერე უარესი იქნება. ამიტომ, პირდაპირ თქმას არაფერი სჯობს. მირჩევნია, მწარე სიმართლე მითხრა, ვიდრე მომატყუო. თქვი, რა, ნუთუ ამის თავი არ გაქვს?! ტყუილი ხომ მიუღებელია და რაღაცის ართქმაც ტყუილია ჩემთვის, ვერც ასე მოქცევას ვიტან. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას საერთოდ აღარ ვაგრძელებ. ჩემს ასაკში აღარ არის ამის დრო. რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო მეზარება ვიღაცების გათვალისწინება, ლოდინი და რევერანსების კეთება (იცინის). მე ცუდს არავის გავუკეთებ, მაგრამ სამაგიეროდ ვთხოვ, მეც ანალოგიურად მომექცნენ. თუ ასე არ გამოდის, უკვე მწყინს და მირჩევნია, ურთიერთობა დავასრულო. თუ ურთიერთობაში, სადმე ტყუილი გაჩნდა, აზრი აღარ აქვს გაგრძელებას, როგორ ურთიერთობასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე.

– ყოველთვის შენ გვერდით იქნება, მაგრამ სულელი არ არის, რომ თავი მოგატყუებინოს და როგორც კი იგრძნობს, რომ დაუნახავი ხარ, მაშინვე დისტანციას დაიჭერს.

– კი, ასეა და ვიმახსოვრებ ასეთ მომენტებს. როცა ვაფიქსირებ, მე ათჯერ მოგიკითხე და შენ ერთხელაც არ გაგახსენდი მაშინ, როცა არ გჭირდებოდი და მარტო მაშინ მკითხულობ, როცა რაღაცაში გჭირდები, აღარ მინდა არაფერი, აღარც მე მოგიკითხავ.

– ისე ამოგშლის მეხსიერებიდან, თვითონაც კი ეჭვი შეგეპარება საკუთარ არსებობაში.

– „სადაც წვრილია, იქ გაწყდეს“. შეიძლება, გაგიჭირდეს ადამიანის მეხსიერებიდან ამოშლა, რადგან მასთან ემოციები გაკავშირებს, მაგრამ ერთხელ რომ მოიქცევა არასწორად, დამთავრებულია. არ მჯერა, რომ თუ ადამიანმა მართლა გაწყენინა, დაგავიწყდება ან ის გამოსწორდება და მეორედ იმავეს აღარ გააკეთებს. ვაპატიე და ასე შემდეგ – არ მჯერა. რაც მოხდა, ის ყოველთვის გემახსოვრება და ყველა ჩხუბზე ამას გაახსენებ, თუ არ გაახსენებ, შენ მაინც გაგახსენდება. ამიტომ, თუ ბზარი გაჩნდება, გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ. რა თქმა უნდა, სერიოზულ მიზეზებზე ვსაუბრობ, ღალატი იქნება, ტყუილი თუ ურთიერთშეურაცხყოფა. ელემენტარულ პრობლემებს არ ვგულისხმობ. თუ ადამიანმა ერთხელ მოგატყუა ან გიღალატა, ამას კიდევ გააკეთებს და როცა ეს მოხდება, მერე იმას ინანებ, პირველად რომ მოხდა, მაშინვე რატომ არ დავშორდიო. წერტილის დასმა რთულია, მაგრამ ასაკი ამასაც ამარტივებს. ორი წლის წინ სტივენ სპილბერგმა ასეთი რამ მითხრა: ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რა არ მინდოდა და ეს უკანასკნელი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ზედმეტ რამეებს არ ვენდებოდიო. ძალიან სწორი მესიჯი მივიღე მისგან. ამიტომ, როცა მიხვდები, რომ რაღაც არ გინდა და აღარ გიღირს, უნდა დათმო.