„მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში…“

17

ახლახან, მსახიობის – თედო ბექაურის ოჯახი კიდევ 1 წევრით გაიზარდა.

პატარა დანიელი ჯერ მხოლოდ 3 კვირისაა. როგორც თედომ გვითხრა, უფროსმა შვილმა – დემეტრემ მამობა ასწავლა. შესაბამისად, მეორე შვილის დაბადებას უფრო ძლიერი ემოციით შეხვდა, რის შესახებაც ჟურნალ „გზას“ ესაუბრება.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მეორე შვილის შეძენის შემდეგ?

– ისევ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი მაქვს. უბრალოდ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია. მეორე შვილმა მეტი სიხარული და ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. თან, ახლა მე მყავს დატოვებული (იღიმის)… რა თქმა უნდა, პირველი და მეორე შვილის სიხარულის განცდაში განსხვავება არის, მაგრამ შვილი შვილია – ორივე ერთნაირად ძლიერად მიყვარს. პირველი შვილის შეძენის მოლოდინისას, ჯერ არ ვიცოდი, მამობა რა იყო. უფროსმა შვილმა მამობა მასწავლა. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი მაპოვნინა და მშობლების ამაგი უფრო მეტად დავაფასე.

– თქვენი ოჯახის ახალ წევრზე მოგვიყევით – როგორი ბავშვია?

– დანიელი ძალიან საყვარელი ბიჭია. რაც მთავარია, ტირილი არ უყვარს. რა თქმა უნდა, თუ მოშივდება, ტირის (იღიმის)…

– დანიელის ასაკში უფროსი შვილი როგორი იყო?

– საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან – გარეგნობითაც, ხასიათითაც… ჯერჯერობით, ასეა. ვნახოთ, მომავალში როგორ იქნება.

– ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით, თქვენ და თქვენი მეუღლე როგორ „თანამშრომლობთ”?

– ერთმანეთს ვეხმარებით. რომელ ჩვენგანსაც გვცალია, შვილებსაც ის უვლის. შვილების გაზრდაში ორივე ვმონაწილეობთ, უფრო მეტად – მეუღლე, რადგან თავად ძირითადად, სულ შინიდან გასული ვარ.