“ჩვენი ოჯახი იმაზე კარგი შედგა, ვიდრე წარმოგვედგინა” – როგორ შეცვალეს ერთმანეთი ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ

55

მსახიობისა და მომღერლის, ანდრია გველესიანის, მეორე ნახევარი ასევე მსახიობი მაიკო ვაწაძეა. ისინი ერთად თეატრალური უნივერსიტეტიდან მოდიან. თავიდან მეგობრები იყვნენ და ეს გრძნობა სამ წელიწადში დიდ სიყვარულში გადაიზარდა. მათი ოჯახი უკვე ხუთ წელს ითვლის, ჰყავთ ვაჟი, სანი.

ამჟამად ცოლ-ქმარი ახმეტელის თეატრში ერთ სპექტაკლში თამაშობს და მაიკო თვლის, რომ ქმართან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია. დღეს მათ სიყვარულში სიმშვიდისა და ჰარმონიის ეტაპია. ერთმანეთი უკეთესობისკენ შეცვალეს. მაიკომ “სარკესთან” საუბრისას აღიარა, რომ მისი სიჯიუტე და სიხისტე სიყვარულმა მოალბო და ურთიერთობაში მეტი დათმობა გაჩნდა.

– მაიკო, როგორი ეტაპია ახლა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში?

– ხმამაღალი განაცხადი თუ არ გამომივა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ოჯახი იმაზე კარგი შედგა, ვიდრე წარმოგვედგინა. იდეალური ალბათ არაფერია, მაგრამ ვცდილობთ, ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდეს ოჯახში.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ოჯახურ ცხოვრებაში, ერთმანეთის ხასიათებს, მოთხოვნებს და აზრებს ვითვალისწინებთ. როდესაც ისმის კითხვა, რა არის სიყვარული, ერთი კონკრეტული პასუხი არ გამაჩნია და ვფიქრობ, რომ ერთი შეფასება ამ გრძნობას არც აქვს. ჩემთვის სიყვარული არის ურთიერთპატივისცემა. ეს აუცილებელია როგორც წყვილის შემთხვევაში, ისე მეგობრების და მშობლების სიყვარულში. ყველაფერი ურთიერთპატივისცემიდან იწყება.

რაც მთავარია, ჩვენს სიყვარულში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველანაირი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მეგობრობით დაწყებული სიყვარული უფრო მყარია.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რაც ანდრიას სიყვარული გამოჩნდა?

– თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები ვიყავით და პირველივე ეტაპიდან ძალიან კარგად ვმეგობრობდით. წარმოდგენაშიც არ გვქონდა ის, რომ შეიძლებოდა ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაზრდილიყო. სიყვარული ჩვენს მეგობრობაში იმდენად უცებ მოვიდა, რომ ორივე გაოგნებული ვიყავით.

– რამდენი ხანი გაგრძელდა თქვენი მეგობრობა სიყვარულამდე?

– სამი წელი დაახლოებით.

– ამ სამი წლის განმავლობაში არასოდეს გიფიქრიათ, რომ შეიძლება გვერდით თქვენი ცხოვრების მამაკაცი იდგა?

– მხოლოდ იუმორის დონეზე თუ ვიტყოდით რამეს ამ კუთხით, ჩვენი შეყვარებულობა ვერ წარმოგვედგინა. რატომღაც თეატრალურ უნივერსიტეტში იმდენად მეგობრულები ვიყავით, რომ სერიოზულ გრძნობებზე არავინ ფიქრობდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩვენს ჯგუფში სამი წყვილი შედგა.

– ბევრს გაუკვირდა თქვენი სიყვარულს ამბავი?

– აზრები შუაზე გაიყო, ზოგი ამბობდა, რომ ჩვენგან წყვილს დიდიხანია ელოდა, ზოგისთვის კი მოულოდნელი იყო.

– როგორი მეორე ნახევარი გიდგათ გვერდით, როგორი მეოჯახეა ანდრია?

– პირველ რიგში, იდეალური მამაა. ზოგადად, იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე რეალურად ჩანს. მხოლოდ ოჯახთან მიმართებაში არ ვამბობ ამას, ასეთია ის ყველანაირ ურთიერთობაში. როდესაც ანდრიას სამუშაო რეჟიმს ვუყურებ, მაინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო დრო ყველას დაუთმოს, ჩვენს ძაღლსაც კი. ჩვენს შვილს ყურადღებას კი არ აკლებს, იმასაც კი ცდილობს, ყველა პროცესში იყოს ჩართული.

– განსხვავდება ანდრია მამობამდე და მამად გახდომის შემდეგ?

– კი. მართალია, მამობამდეც ყურადღებიანი იყო, მაგრამ სანის დაბადების შემდეგ მისი გონება მთლიანად ბავშვით არის მოცული. თეატრში რეპეტიციები, მუსიკალურ ტექსტთან ერთად გათენებული ღამეები… ამ ყველაფერს, ზუსტად ვიცი, რომ სანისთვის აკეთებს. მამობამ აშკარად გააძლიერა და დიდი მოტივაცია მისცა.

– სანი მამას ჰგავს?

– ყველაზე მაგარი ალბათ ის არის, რომ ბავშვი რაც იზრდება, უფრო და უფრო მამას ემსგავსება აღნაგობით, გამოხედვით. ჩვენი შვილის მსგავსებასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა – ზოგი მე მამსგავსებს, ზოგი ანდრიას.

– თუ პოულობთ განსხვავებას შეყვარებულ ანდრიასა და ქმარ ანდრიას შორის?

– ვფიქრობ, თანაცხოვრებისას უფრო დავღვინდით. ორივე ძალიან ემოციური და ფეთქებადი ადამიანი ვართ. ბევრს ჰგონია, ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ. რეალურად ძალიან პრინციპული და ცოტა ჯიუტი ადამიანი ვარ. ვცდილობ, ყოველთვის ჩემი გავიტანო, მაგრამ თანაცხოვრებისას ჩვენი ეს თვისებები გარკვეულწილად ჩავახშვეთ.

წლებმა უფრო დაგვასტაბილურა, უფრო კარგად ვიცით ერთმანეთის ხასიათი, რა გვსიამოვნებს, რა მოგვწონს. როცა გვეკითხებიან, რაზე ჩხუბობთო, არც კი მახსენდება საკითხი, რომელზეც შეიძლება ჩხუბი მოგვივიდეს. ძალიან მომწონს ეს პერიოდი, როდესაც ურთიერთობაში სრული ჰარმონიაა.

– ცოლ-ქმარი ერთად თამაშობთ სპექტაკლში. რა პლუსები და მინუსებია, როდესაც სცენაზე გვერდით მეუღლე გიდგათ?

 ამას ძალიან დიდი პლუსი აქვს. ანდრია ძალიან კარგი პარტნიორია. როგორც თევზი წყალში, ისე ვარ სცენაზე მის გვერდით. მინუსად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ რეპეტიციების დროს ხშირად ვცდილობთ, ერთმანეთი დავარწმუნოთ, როგორ ჯობია, ვიმუშაოთ. საერთოდ, ანდრია ძალიან კარგი შემფასებელია პროფესიული თვალსაზრისით.

– ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდათ. სიურპრიზი მოგიწყოთ ქმარმა?

– შეყვარებულობის პერიოდში კვირა არ გავიდოდა, სიურპრიზებით არ გავეხარებინე. ანალოგიურად ახლაც აგრძელებს, უბრალოდ, ცოტა ინტერვალები გაიზარდა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბუნებრივია. მისი დაკავებულობიდან გამომდინარე, კიდევ რომ რჩება დრო, სიურპრიზზე იფიქროს, უკვე მაინც დიდი საქმეა. ამ დაბადების დღესაც უამრავი პატარ-პატარა სიურპრიზი იყო მისგან.

– გამოდის, რომ ანდრია თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, დიდ დროს ვერ ატარებს ოჯახში, ამის გამო ხომ არ წუწუნებთ ხოლმე?

– სხვათა შორის, ამას წინათ ვფიქრობდი ამ საკითხზე. როცა თავის საქმეშია, ვცდილობ, ზედმეტად არ შევაწუხო და ტელეფონზეც არ ვურეკავ. ბოლოს აქეთ მეხვეწება, ხანდახან დამირეკე, მომიკითხეო. მე იმდენად მესმის მისი საქმის, რომ არ მინდა, ხელი შევუშალო.

ძალიან ვენდობით ერთმანეთს და არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთ მეორე ნახევარს დაჰყვებიან რეპეტიციებზე და მუშაობის პროცესში დამსწრეს პოზიცია უკავიათ. ეს ჩემთვის მიუღებელია. მეც ხშირად მიწევს ხოლმე გადაღებებზე წასვლა ან გვიანი რეპეტიციები. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე და საქმე და თუ ამ სივრცეში შეიჭრები, ეს სულაც არ გამოხატავს მის მიმართ სიყვარულს.

– მეუღლის პირადი სივრცის არსებობა ეჭვიანობას არ იწვევს?

– მე ვარ ისეთი ადამიანი, თუ ვიეჭვიანე და გავგიჟდი, გადავირიე, ვერაფრით ვიქნები კომფორტულ მდგომარეობაში და ასეთ გარემოში ვერ ვიცხოვრებ. ამიტომაც ჩვენს ურთიერთობაში მთავარია ნდობა და ურთიერთპატივისცემა, ეჭვიანობის ადგილი არ არის. ადრეულ პერიოდში იყო რაღაც მცირე ეპიზოდები, მაგრამ რაც უფრო მეტად გავიცანით ერთმანეთი, მივხვდით, რომ ეჭვიანობას ჩვენს სიყვარულთან კავშირი არ აქვს.

– საოჯახო საქმეებიდან რაში გეხმარებათ ანდრია, როცა ამის დრო აქვს?

– სამზარეულოში ნამდვილად არ შეიშვება, კოვზიც კი არ უნდა დააჭერინო საჭმლის მოსარევად, რადგან აუცილებლად გააფუჭებს. მოკლედ, ანდრია სამზარეულოში შესაშვები კაცი არ არის. სამაგიეროდ, მე ვარ გურმანი და გემრიელ კერძებსაც ვაკეთებ. ანდრიას ძალიან უყვარს ჩემი მომზადებული პასტა კარბონარა. სხვათა შორის, როცა დრო აქვს, ალბათ წელიწადში ორჯერ, ჩემთან ერთად სრულად არის ჩართული სახლის გენერალურ დალაგებაში.

– პანდემიის დროს გვახსოვს თქვენი დუეტიც, მას შემდეგ ანდრიას სულ აქვს სურვილი, რომ აგამღეროთ. უნდა ველოდოთ თუ არა ამ მხრივ გააქტიურებას?

– არა, ანდრიამაც უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენ შეიძლება ოდესმე დუეტი ჩავწეროთ. ეს იყო პანდემიიდან გამომდინარე ამბავი. იმდენად ჩავიკეტეთ მაშინ, რომ ანდრიას რეალურად ადამიანი აღარ დარჩა გვერდით, რომელთან ერთადაც იმღერებდა. ამიტომაც გამოვიდა ჩვენი ექსპრომტი.

ზოგადად ძალიან კრიტიკული ადამიანი ვარ საკუთარი თავის მიმართაც, ამიტომ ვფიქრობ, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ჩვენი სიმღერა ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე არ ვარ მომღერალი და თუ სიმღერა დამჭირდება, ამას სცენაზე სპექტაკლში ვიმღერებ. მომღერლის ამბიცია ნამდვილად არ გამაჩნია.