“ჩემი ზედმეტსახელია ვანგა, ცოტა მეშინია კიდეც საკუთარი თავისა და სიზმრების”

82

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა არის მსახიობ ეთო გუგავას წარმატების მთავარი მიზეზი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ეთო გუგავა: მომწონს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ცხოვრებაში არაფერი არ მომცემია შრომის გარეშე. არაფერი მომიგია, არასდროს არაფერი მიმიღია, გაღების გარეშე. ხომ არიან ადამიანები, გარეთ რომ გავლენ და საოცრებას იპოვიან ან ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ ვიღაც დიდ ქონებას უტოვებს – გამორიცხულია, ასეთი რამ ჩემს თავს მოხდეს (იცინის).

რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისაა, რომ საოცრად იღბლიანი ვარ ჩემი შვილების გამო. მიხარია, რომ ვხედავ, როგორებიც არიან. ქმარს მაინც ირჩევ და აქ იღბალი არ არის გადამწყვეტი. რეალურად, ცხოვრებაში ყველაფერს ირჩევ შვილების გარდა და მადლობელი ვარ, რომ ამაში ძალიან გამიმართლა.

– ალბათ, მეორე ნახევრის სწორად არჩევაშიც უნდა გაგიმართლოს.

– სწორი არჩევანის გაკეთებას იღბალი კი არა, ტვინი სჭირდება (იცინის), ადამიანის გაცნობა და შეცნობაა საჭირო. იღბლის იმედად ქმრის არჩევა არ მესმის. არსებობს გამოთქმა – როგორ გაუმართლა, რა კარგი ცოლი ჰყავს ან რა კარგი ქმარი ჰყავსო. სინამდვილეში არ არის ასე. გამართლების კი არა, ეს პარტნიორის სწორად არჩევის შედეგია. ადამიანი ცხოვრების თანამგზავრს თვითონ ირჩევს. ადრე, როცა ქალებს იტაცებდნენ, მართლაც იღბალზე იყო, ვის როგორი შეხვდებოდა, მაგრამ ახლა მე ვფიქრობ, ეს საქმე იღბალთან არ არის კავშირში, უბრალოდ, ადამიანს კარგად უნდა იცნობდე. ადამიანის შესაცნობად არ კმარა მცირე დრო და არ კმარა მხოლოდ სიყვარული. არც გარე შეხვედრებია საკმარისი. სანამ ადამიანს სამუდამო თანამგზავრად აირჩევ, მანამდე მასთან თანაცხოვრების ეპიზოდიც უნდა გქონდეს. შეიძლება, ყველა დღეს ერთად არ ატარებდეთ, მაგრამ რესტორანსა და კაფეში ჯდომის ან სკვერში გასეირნების გარდა, უნდა არსებობდეს პირადი, ინტიმური ცხოვრება და აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საწოლს არ ვგულისხმობ, ბევრი რამ იგულისხმება. მინიმუმ, ის უნდა იცოდე, როგორ ჭამს ეს ადამიანი სახლში, რადგან რესტორანში ყველა იპრანჭება. როგორია გაღვიძებისას, როგორია პრობლემის წინაშე, როგორი გვერდში დგომა იცის პრობლემების დროს. ბევრი ისეთი დეტალია, რასაც რომანტიკული შეხვედრების დროს ვერ შეიცნობ და სიურპრიზები ლამაზი ქორწილის შემდეგ დაიწყება. ამიტომ წყვილმა ჯერ ფერადი ეტაპი უნდა გაიაროს, შემდეგ მეტი პასუხისმგებლობები აიღოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება, დაუკავშირონ თუ არა ცხოვრება ერთმანეთს თავიანთი პლუსებითა და მინუსებით.

– რამდენად შრომისმოყვარე ადამიანი ხარ?

– ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი აღმოვჩნდი. ადრე მეგონა, რომ ასეთი არ ვიყავი, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული და აქედან გამომდინარე, მინდა თუ არა, შემიძლია თუ არა, ზოგჯერ თავს ზემოთაც ვპოულობ ძალას იმის გასაკეთებლად, რაც ჩემს ოჯახს სჭირდება. ძალიან ბევრი წელია, მივხვდი, რომ სახლშიც და გარეთაც ბევრი შრომა შემიძლია.

– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?

– ეგ უფრო ჩემი ნატვრაა (იცინის). არა, ხანდახან არის დღეები, როცა შეიძლება, ცოტა მოეშვა. იშვიათად, მაგრამ ერთი დღე საკუთარ თავსაც დაუთმო, წამოწვე და არაფერი აკეთო. აქ, რა თქმა უნდა, მთელი დღე არ იგულისხმება. ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ყველას სძინავს. მაშინ ვიწყებ ჭამას, ფილმის ყურებას – არაფერს ვაკეთებ სიამოვნების მიღების გარდა. განსაკუთრებით მიყვარს ღამე გემრიელად ჭამა, გამოვალაგებ მთელ მაცივარს, დავიდგამ წინ, ლეპტოპს ჩავრთავ და ფილმს ვუყურებ (იცინის). ან დილით, ბავშვებს რომ სკოლაში გავუშვებ და ერთი-ორი საათი სახლში არავინ არის, რა ბედნიერებაა, რომ შეგიძლია, ძილი გააგრძელო. ძილი მუდმივად მენატრება (იცინის).

– წარუმატებლობის დროს რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?

– ოჯახში ყველაზე ძლიერი მოტივატორი მე ვარ. მე გავცემ ენერგიას და დადებით ემოციებს. არ ვაძლევ ოჯახის წევრებს ცხვირის ჩამოშვების უფლებას. ეს, ძირითადად, მე და ჩემს მეუღლეს გვეხება, რადგან პასუხისმგებლობები ჩვენ გვაკისრია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვებს სირთულეები არ ვაგრძნობინოთ. ჩემი მეუღლე უფრო პესიმისტია. მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე მე, მაგრამ მე რთულ მომენტში, მაშინვე ყავარჯნის ფორმას ვიღებ, შევეხიდები და ვარწმუნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს. მეც ვიწყებ მოქმედებას, ისიც და პრობლემებს ერთად ვუმკლავდებით. მეუღლეს პრობლემასთან მარტოს არასდროს ვტოვებ. არასდროს ვეტყვი, შენ კაცი ხარ და მარტომ მოაგვარე ან რამე მსგავსი. ყველაფერში მაქსიმალურად ვარ ჩართული და ყველანაირ პასუხისმგებლობას ერთად ვუმკლავდებით. როგორც კი რაღაც არ გამოდის, მე მაშინვე ვფერადდები, გარემოს ვაფერადებ, რომ ბავშვებმა არაფერი იგრძნონ, რომ ჩემს მეუღლეს განწყობა შევუქმნა და როგორღაც გამოდის ხოლმე.

– ჰყვები, როგორ ცდილობ მეუღლისთვის, მაგრამ როცა თვითონ გაქვს რთული პერიოდი, თავს როგორ იმხნევებ?

– მე მყავს ძალიან ბევრი და მაგარი მეგობარი. როგორც კი რაღაც გამიჭირდება, რა პრობლემაც არ უნდა იყოს, მაშინვე სამეგობროს ჩატში იწერება, რომ რაღაც ვერ ვარ და წამი არ არის გასული, რომ მაშინვე ყველა გროვდება. ჩემს ცხოვრებაში მეგობრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ.

– ესე იგი, ადამიანებში იღბლიანი ხარ.

– რაც შეეხება ადამიანებს ჩემს ცხოვრებაში – ოჯახი, დედმამიშვილები, მშობლები აღარ მყავს, მაგრამ მამა, ვისთანაც გავიზარდე, ჩემი მშვიდობისა და ბედნიერების მტრედია, მეგობრები – არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბოლომდე თვალდახუჭული ვენდობი. ჩემთვის თითოეული მათგანი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ფეხბურთის გუნდისთვისაა მამარდაშვილი (იცინის). ჩემი მეგობრები ჩემი სალი კლდეები არიან. ჩემს შვილებს უკითხავთ, რომელი მეგობარი გიყვარს ყველაზე მეტადო და მართლა ყველა თანაბრად მიყვარს და მეიმედება. მეც ასევე ვარ მათი გვერდში მდგომი. ახლა ამ საუბარში მივხვდი, რომ სინამდვილეში ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. მართალია, ჯეკპოტი არ მომიგია, მაგრამ მარტო ეს არ არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.

– თუ უფრთხილდები საკუთარ თავს ფიზიკურ და მენტალურ დონეზე?

– სამწუხაროდ, არა. ვუფრთხილდები კი არა, არ ვზოგავ თავს. ჩემთვის ბედნიერების მომტანი და ჩემი კომფორტის ზონა სხვა ადამიანებზე ზრუნვაა, მათთვის უნდა დავიხარჯო, რომ ემოციურად შევივსო. მიყვარს, როდესაც ადამიანებს რაღაცას ვუკეთებ. განა ის არ მიყვარს, როცა მე მიკეთებენ, მაგრამ ჩემი ბედნიერება, ძირითადად, სხვისთვის სიხარულის მინიჭებასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანს გავახარებ, გავაცინებ და გავახალისებ, მაშინ ვივსები ენერგიით. საკუთარ თავს არ ვზოგავ, დასვენება მჭირდება, ის მჭირდება, ეს მჭირდება – ეს ჩემთვის გამორიცხულია. ახლა რომ მკითხო, რა გინდაო, ვერ გიპასუხებ, არ ვიცი (იცინის).

– გარეგნობაზე რამდენად ზრუნავ?

– საშინელი ქალი ვარ, შენიშვნებს ვიღებ შვილებისგან, განსაკუთრებით უფროსი ქალიშვილისგან. სულ მეუბნება, ცოტა თავს მიხედეო. ახლა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რემონტი საკუთარი ხელით გავაკეთოთ. უბედნიერესი ვარ, არც ფრჩხილს ვიკეთებ, არც თმას ვიღებავ და საერთოდ აღარ ვუვლი თავს. ადრე კიდევ რაღაცას ვცდილობდი (იცინის). ცხოვრებაში არ მივარჯიშია, მაგრამ მე მიყვარს ჩემი სხეული ისეთი, როგორიც ვარ. დრო რომ მქონდეს და საშუალებაც, დიდ ცვლილებებს მაინც არ შევიტანდი ჩემს თავში. ერთადერთი, რემონტს რომ დავასრულებთ, ვარჯიშს დავიწყებ. რადგან უკვე ცოტა ასაკშიც ვარ, გამხდარი ვარ და არ მინდა, არასასიამოვნოდ გამოვიყურებოდე. ვფიქრობ, რომ ვარჯიში და ცურვა კარგი იქნება. არადა, ამ დროს ძალიან მიყვარს მოვლილი ქალები, დილისა და საღამოს რუტინას რომ იტარებენ. აუცილებელი არ არის პლასტიკურები, ბოტოქსები და ფილერი, უბრალოდ, შურით ვუყურებ ქალებს, რომლებიც თავს უვლიან. არ ვიცი, მეზარება თუ პატივს არ ვცემ საკუთარ თავს, მაგრამ ეს მე არ გამომდის. 40 წლის რომ გავხდი, ცოტა გავერთე, ქალების ჯგუფშიც ვაქტიურობდი, რაღაც პროცედურებს ვიტარებდი, მაგრამ ძალიან მალე მომბეზრდა. ჩემი თავი ლამაზ ქალად არ მიმაჩნია, მაგრამ მომწონს და მიყვარს ისეთი, როგორიც ვარ.

– როგორი ინტუიცია გაქვს?

– ძალიან კარგი, ჩემი ზედმეტ სახელი არის ვანგა. მეგობრები ძალიან ხშირად მეუბნებიან, მართლა ვანგა ხარო და ცოტა მეშინია კიდეც საკუთარი თავისა და სიზმრების. ისე ლამაზად შემიძლია, ჩემი სიზმარი ავხსნა და მერე მართლა ისეთი სიზუსტით ხდება, ჩემი ახსნილი, რომ ვიძაბები ხოლმე. სხვათა შორის, ახლა პუტინის დაპატიმრებას ველოდები, სიზმარში მაქვს ნანახი (იცინის). მინდა, გითხრათ, რომ მის დაპატიმრებაში რაღაც წვლილი ერთ-ერთ ქართველს უნდა მიუძღვოდეს და ეს შემოდგომით ან ზამთარში მოხდება (იცინის). შემიძლია, ადამიანის ფოტო ვნახო და მის შესახებ წარმოდგენა შევიქმნა, მისი პროტოტიპი შევქმნა, რაც ყოველთვის მართლდება. იცოცხლე, ფანტაზიორი ვარ! (იცინის) ამ დროს მე არ მჯერა წინასწარმეტყველებების, მკითხავების, მჩხიბავების და ასე შემდეგ, მაგრამ ინტუიციის მჯერა და ინტუიტიურად ბევრი რამის თქმა შემიძლია. ეს ძალიან მეხმარება.