“მდიდარი კაცი რომ მოდის და გეკითხება რამე ხომ არ გჭირდებათო – ეს მკლავს და მინდა ჩემი თხის რქა შუბლში გავურჭო”

60

თხის რქა ერთ–ერთ ყველაზე რთულ ზოდიაქოდ ითვლება. ყველასთვის საყვარელი ხელოვანი ნუგზარ კვაშალი სწორედ ამ ნიშნის ქვეშ არის დაბადებული და ვნახოთ, რამდენად არის ის თხის რქის ტიპური წარმომადგენელი.

ნუგზარ კვაშალი: 1952 წლის 15 იანვარს დავიბადე, ანუ ძველი სტილით, ბედობას. რქიანი არა, მაგრამ ზოდიაქოთი თხის რქა გახლავართ. მჯერა ზოდიაქოსი და ცაგარელის. მეგობარია, კარგი კაცია და რაღაც–რაღაცებს ზუსტად არტყამს. არის რაღაცები, რასაც წინასწარ ვერავინ მიხვდება, მაგრამ დიდწილად ემთხვევა ჩემი და ჩემი ზოდიაქოს თვისებები, ასე რომ, დამთხვეულები ვართ, ბატონო.

– თხის რქა ზოდიაქოს ურთულეს ნიშნად ითვლება, ეთანხმებით?

– ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ურთულესი ადამიანი ვარ. მე თვითონ ვერ გამიგია რა მინდა და სხვამ რა უნდა გაიგოს ჩემი?! სამაგიეროდ, 51 წელია, ერთი მეუღლე მყავს, ის არის ჩემი ცხოვრების მეგზური და ისიც ინაწილებს ჩემს ურთულეს ხასიათს, ამიტომ ეს ყველაფერი შუაზე იყოფა და ძალიან რთულიც აღარ გამოვდივარ.

– თუ თქვენს ზოდიაქოს დავუჯერებთ, ძალიან სასტიკი უნდა იყოთ.

– სასტიკი რა მხრივ? შურისძიება მიყვარს. რევოლვერის სროლა და ადამიანის დუელში გამოწვევა არ მინდა, მაგრამ თუ ადამიანმა გიღალატა, შურის საძიებლად შეიძლება, შენც ცუდად მოექცე. თუმცა, აქამდე არ მიდის საქმე, იცით რატომ? – შენ თუ არასწორად მოიქცევი, არ ვიცი, ვისგან, ღმერთისგან თუ სამყაროსგან, მაგრამ ყველაფერი უკან გიბრუნდება. თუ კაცს ცუდს გაუკეთებ, ზუსტად იგივე დაგემართება შენც. მე ეს გამომიცდია. ასეა თუ ისე, მაგალითად, თუ კაცი მიღალატებს, მეც ვუღალატებ. ამიტომ, ცოლები არ ღალატობენ ქმრებს, ქმრები ღალატობენ, იმიტომ რომ ცოლებს შურისძიების თავი არ აქვთ.

– ასე გგონიათ?

– ასე მგონია, ჩემი თაობის ცოლებიდან გამომდინარე, თორემ ახლანდელ გოგონებში არ ვიცი, როგორი სიტუაციაა.

– თხის რქები არ არიან ოჯახზე მიჯაჭვულები, მუდმივად ეძებენ რაღაც განსხვავებულს და ფუფუნებით სავსეს.

– მაგაშია საქმე, ჩემზე ყოფილა ეს. მე ხომ, ძირითადად, სულ გასტროლებზე ვიყავი – ევროპა, აზია, ამერიკა… და ხუთი თვით რომ ხარ წასული, აღარ ხარ ოჯახზე მიჯაჭვული, იშვებს ის ჯაჭვები. თხის რქას უყვარს, როცა ოჯახზე არ არის მიჯაჭვული. ფუფუნებას რაც შეეხება, როცა ფუფუნების საგნებს იღებ, რა ჯობია, თვითონაც გაფუფუნებული ხარ (იცინის).

– მამაკაცი თხის რქა ეჭვიანი ყოფილა.

– თხის რქებს ძალიან უყვართ ლამაზი ქალები. ჩემს ცოლზე რომ დავქორწინდი, ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. მეც არა მიშავდა (იცინის). გარეთ რომ გამოვდიოდით და ვხედავდი, ხალხი უყურებდა, ისეთი ეჭვიანი არ ვყოფილვარ, რომ რამე ჩამედინა, მაგრამ გულში მაინც არ მსიამოვნებდა და ვფიქრობდი, რატომ უყურებენ, ამათი… რეალურად, ქუჩაში რომ ლამაზი ქალი გაივლის, შეხედავ, რა თქმა უნდა. ზოგი ისეთი ეჭვიანია, შეიძლება, გესროლოს, მაგრამ მე ეგეთი არ ვყოფილვარ. ელემენტარული ამბები კი ყოფილა შეხლა-შემოხლაც, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა.

– თხის რქებს უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმა. მგონია, რომ ეს თქვენ არ შეგეფერებათ…

– ჩვენ სამეგობროში იცით, როგორი სიტუაციაა, ოცი წლით უფროსი მეგობრებიც გვყავს და 30 წლით პატარებიც. შეიძლება, ისეთი ადამიანი დაგიდგეს გვერდით, ვისაც სულ ორი თვეა იცნობ და ამ მოკლე დროში ისეთი მეგობრობა გაგიწიოს, რომ 50 წლის მეგობარმა ვერ მოახერხოს. ვერ ვიტყვი, რომ ახალი მეგობრების შეძენა მიჭირს. უბრალოდ, ძველი მეგობრები რომ ვსხედვართ სუფრასთან, ვერიდებით ჩვენს კომპანიაში ვიღაც ახლის შემოჭრას, თუმცა, შეიძლება ისეთი ადამიანიც შემოიჭრეს, რომ ყველას გვაჯობოს სიყვარულსა და მეგობრობაში.

ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. ორი წელია, ისეთი მეგობრები შევიძინეთ სამეგობრომ, ყველას რომ გვაჯობეს და ყველას დაგვანახვეს, რომ ნამდვილი მეგობრობა კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე 25-30 წლით ახალგაზრდები არიან.

– თხის რქები ადამიანებს ფინანსური შესაძლებლობებით გამოარჩევენ. არის ეს კრიტერიუმი თქვენთვის პრიორიტეტი ურთიერთობაში?

– არავითარ შემთხვევაში. ჩემი ცხოვრების პრაქტიკა სხვას ამტკიცებს. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მეგობარი, რომელმაც უცებ ფული იშოვა, გამდიდრდა და ძალიან შეიცვალა. თავისნაირ მდიდრებთან დაიწყო მეგობრობა და ჩვენ ჩამოგვშორდა. ვამბობდით, ალბათ, ჩვენ გვეშლებოდა და ეს ფულის შოვნამდეც იყო ასეთი. ფულმა, უბრალოდ, გამოავლინა მისი უარყოფითი მხარეებიო.

თხის რქებს კიდევ, იცით, რაზე გვეშლება ნერვები? – მდიდარი კაცი რომ მოდის და იცი, რომ პატივისცემა უნდა. მოდის და გეკითხება, რამე ხომ არ გჭირდებათ?! ეს მკლავს და მინდა, ჩემი თხის რქა შუბლში გავურჭო. რას ჰქვია, რამე ხომ არ მჭირდება, როცა ყველაფერი გადასარევად იცი და ყველაფერი შეგიძლია?!

– თხის რქა ძალიან მომთმენია.

– რა შემთხვევაში – მაგინებენ და ხმას არ ვიღებ თუ რა იგულისხმება? სხვები რომ სხედან, ღვინოს სვამენ, მე ვზივარ და ვუყურებ? სხვათა შორის, ვაკეთებდი ასეთ რამეს. ერთხელ სამეგრელოში ვიყავი. ათი კილოგრამის დაკლება მჭირდებოდა და ხალხი რომ დასხდებოდა და ჭამდნენ, ელარჯს, ხარჩოს, სულგუნს და ასე შემდეგ, მე მათ ვუყურებდი და ვაშლს ვჭამდი. ამაზე მეტი მოთმინება რა გინდათ? ოღონდ ხუთნაირი ვაშლი მქონდა. ერთს ეწერა სუპი, მეორეს მწვადი, მესამეს ნამცხვარი და ასე შემდეგ.

– შეიძლება, არ ეტყობოდეს და არც ამჟღავნებდეს, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, თურმე, სულით რომანტიკოსები ხართ.

– არა, არა. ხომ შეიძლება, რაღაცით განსხვავებული ვიყო? რას ნიშნავს რომანტიკულობა? მაგალითად, მეუღლისთვის ღამე აივნის ქვეშ სიმღერა მოსულა, წერილების გამოგზავნაც. ჩემი ცოლი რომ ფეხმძიმედ იყო, ყოველდღე წერილების დასტას ვუგზავნიდი. ერთ ქაღალდზე ერთ სიტყვას ვწერდი, ჩავდებდი 45 წერილს 45 კონვერტში და ვუგზავნიდი ყოველდღე ამერიკიდან, მართლა, დღეში – 45 წერილს. უხაროდა და ვაკეთებდი. ერთხელ ლენინგრადიდან თოჯინა გამოვუგზავნე, რადგან უყვარდა. ეს რომანტიკულობას ნიშნავს? მე ამას ელემენტარულ ჯენტლმენობად ვთვლი.