“ყველამ ვიცით რომ ჩვენი ცხოვრება დროებითია და მაინც მზად ვართ ერთმანეთს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ”

79

ვახტანგ ტატიშვილის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ვახტანგ ტატიშვილი?

ვახტანგ ტატიშვილი: მოქალაქე, რომელსაც ბევრი ქართველი იცნობს, რომელსაც ბევრი უმღერია, ბევრი უთქვამს, ბევრი უცინია და ბევრჯერ ჩაფიქრებულა.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ბავშვობაში გემრიელად ჭამასა და ბევრ თამაშზე ვოცნებობდი. მერე კარგად სწავლა მინდოდა. შემდეგ მინდოდა, კარგი კაცი გამოვსულიყავი. შემდეგ, თუ შეცდომებს დავუშვებდი, მინდოდა, მათი გამოსწორება შემძლებოდა. ასეა, ცხოვრებაში ნელ-ნელა იცვლება ოცნებები. ახლა ვოცნებობ, რომ ყველა ქართველი საქართველოს კეთილდღეობაზე ოცნებობდეს.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– კომუნისტურ პარტიაშიც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მჯეროდა კომუნიზმისა და სოციალიზმის, ასე იყო საჭირო, რომ თავისუფლად გევლო საზღვარგარეთ, გასტროლზე და ასე შემდეგ. პარტიის წევრი თუ იყავი, შეგეძლო, პატარა კრიტიკაც გამოგეთქვა. ისე ვინ რას გაპატიებდა საბჭოთა წყობაში. საბჭოთა ჯარშიც ვიყავი ორი წელი და არც იქ ყოფნა მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო?! იატაკების რეცხვა და ყარაულში დგომა ვის უნდოდა, მაგრამ ვაკეთებდი.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ამისგან არის აწყობილი ადამიანის ცხოვრება. ხან გილხინს, ხან გიჭირს, ხან ერთი მიზეზის გამო ტირი, ხან – მეორის. ყველა ცუდ ამბავზე ცრემლი მომდის. მეგობარი რომ მოგიკვდება, რა თქმა უნდა, ცრემლი წამოგივა, მაგრამ სადღაც სიხარულის ცრემლიც ჩამოგიგორდება – როგორ არ გაგიხარდება, რომ ხედავ რას აკეთებენ ჩვენი სპორტსმენები და რამხელა რეზონანსი აქვს მათ გამოსვლებს მთელ მსოფლიოში.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ცოტას შენც მოგცემდი. ახალგაზრდა რომ ვიყო გეგმებს დავაწყობდი. ახლა რას ვიზამ, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს მივცემდი და ვეტყოდი, რაც გინდათ, გააკეთეთ, ახლა თქვენ უფრო მეტი ჭკუა გაქვთ და უკეთ იცით, როგორ უნდა მოიხმაროთ ეს ფული-მეთქი. იმასაც ვეტყოდი, რომ მათხოვრებს არ აუარონ გვერდი და ვისაც დახმარება სჭირდება, ხელი გაუმართონ. მათხოვარსაც გააჩნია, ზოგს პლაკატი უკავია ხელში და ზედ უწერია, „პახმელიაზე“ ვარ და გთხოვთ, დამეხმაროთო. პახმელიაზე თუ ხარ, შენი ბრალია, მე რატომ მთხოვ ფულს? ეს ცოტა არასრიოზულია, მაგრამ როცა შავებში ჩაცმული ქალი ზის მოწყალების სათხოვნელად, შეიძლება, აღარავინ ჰყავს მიმხედავი, შვილი ან ქმარი დაეღუპა და თვითონ აღარ შეუძლია მუშაობა. იმას გვერდი არ უნდა აუარო. ქალს განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ქალი უფრო ცოდოა სიბერეში, ვიდრე კაცი. ამიტომ როცა ასეთ ადამიანს დაინახავ, ისე არ უნდა მოიქცე, თითქოს ვერ ხედავ. ცუდი გრძნობაა, თუ ასეთი ადამიანი შემხვდა და ჯიბეში ფული არ მაქვს. ვფიქრობ ხოლმე, ნეტა რა იფიქრა ახლა ჩემზე თუ მიცნო-მეთქი. იქნებ ფიქრობს, ეს რანაირი ცნობილი მსახიობია, გვერდით გამიარა და არ დამეხმარაო, მაგრამ ხომ შეიძლება, იმ მომენტში მართლა არ მქონდა ფული და ამიტომ ვერ დავეხმარე.

– გიოცნებიათ, ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

– სულ არ მჭირდება მსოფლიო მასშტაბის ცნობადობა. მე მინდა, მთელი მსოფლიო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ომი შეწყვიტონ. აქამდე განვითარდა კაცობრიობა და ეს ვერ შეიგნო ადამიანმა. არა, ჩემია, არა ჩემია – ეს ცხოველური ინსტინქტი რამენაირად უნდა მოვიშოროთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ როდის მოხდება ასე? ჯერ ყველაფერი პირიქით ხდება. ახლა ბევრი ქვეყანაა მზად სხვა ქვეყნის დასაპყრობად. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება დროებითია და მაინც მზად ვართ, ერთმანეთს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ. ასე არ შეიძლება, კაცობრიობამ ცხოველური ინსტინქტები უნდა მოვიშოროთ. ერთმანეთის ჩაგვრის სურვილი არ უნდა გვამოძრავებდეს.

– რას ნანობთ წარსულიდან?

– ყველა ადამიანი აშავებს რაღაცას. მეც ვიცი, როდის რა დავაშავე, მაგრამ მე; როგორც მსახიობი, ადამიანი, რომელსაც ხალხი იცნობს, არ შეიძლება, ცუდად მოვიქცე, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. თუნდაც, ქუჩაში გინება, დებოშის ატეხვა ავიღოთ, ცნობილი კაცი რომ ხარ, გარშემო მყოფი ადამიანები ყურადღებას გაქცევს და „გაიძულებს“, კარგი იყო, კარგად მოიქცე. უხეშად რომ ვთქვა, რადგან მცნობენ, მე „იძულებული ვარ“, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცდილობდე, კარგი ვიყო. იმიტომ, რომ ეს მერე მაგალითია შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. თუ კარგად მოიქცევი, ყველა ნორმალური ადამიანი მოგბაძავს.

– პაემანზე სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს?

– მოვიარე მთელი მსოფლიო და ყველა ეროვნების ქალი გავსინჯე. ჩვენნაირი ქალები და ოჯახები არსად არის. ოჯახის გაგება, სტუმრის სიყვარული, საერთოდ ადამიანობის ასე ფართო გაგება იშვიათია, ამას ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავთ და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში დიდხანს იქნება. ეს მიმაჩნია ჩვენი ქალების ყველაზე კარგ თვისებად. რაც შეეხება ცოლქმრული ღალატის გამო დაშორებას, სერიოზულად არ ვუყურებ. თუ ქალს ან კაცს მობეზრდა მეორე ნახევარი და სხვასთან უნდა ყოფნა, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მობეზრდა და სულ ჩხუბობენ, ამას ჯობს, დაშორდნენ. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუმცა ერიდებიან დაშორებას, ამიტომაცაა, რომ პროცენტულად განქორწინებები ნაკლებია. თან, რომ შევხედოთ, დღევანდელ ქორწილებში რამდენი ფული იხარჯება, მერე როგორია ოჯახის დანგრევა (იცინის). ეს ხუმრობით, მაგრამ თუ ორ ადამიანს ერთმანეთი მობეზრდა, ჩხუბს მართლა დაშორება სჯობს. მერე შეიძლება, ისევ შერიგდნენ კიდეც. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს. მეორე ცოლი, მესამე ცოლი მოუყვანიათ და მეოთხედ ისევ ის მოუყვანიათ, ვისაც პირველად გაეყარა. თუმცა, ამდენი ექსპერიმენტიც არ არის საჭირო ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. შესახედავად უკეთეს ქალს რომ ნახავ, ამის გულისთვის ცოლთან გაყრა არ მიმაჩნია სწორად.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– იყო მომენტი, როცა შეიძლებოდა, მოვმკვდარიყავი, მაგალითად, ახალგაზრდობაში კინაღამ ზღვაში დავიხრჩვი, მაგრამ გადავრჩი. შიში ისეთი გრძნობაა, რომელიც მაშინ გიჩნდება, როცა რამე შენზე არ არის დამოკიდებული, მაგალითად, მიწისძვრა. არ იცი, როდის უნდა ელოდო და რა მოგელის მისგან, არ იცი, როგორ დაიცვა თავი. უბრალო ადამიანი იქნები თუ მთავრობის წარმომადგენელი, სულერთია, მისთვის ყველა ერთია. სხვა რამის შიში, რაც შეგიძლია, თავიდან აირიდო, სხვაა, ეს უფრო რისკია, მაგრამ შიშით იმის გეშინია, რაც დაგღუპავს, როგორც არ უნდა ეცადო, იქნება ეს რადიაცია, ცუნამი, მიწისძვრა თუ რამე ამდაგვარი. მეც შევსწრებივარ რამდენჯერმე მიწისძვრას და მაგ დროს მართლა შემშინებია.