იღბალი და შრომისმოყვარეობა – რამ ითამაშა ქეთი გომართელის წარმატებაში გადამწყვეტი როლი, ამაზე ის თავად მოგვიყვება.
– ქეთი, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევ თავს?
ქეთი გომართელი: მე თავს უდავოდ ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ ბევრი მიზეზის გამო. დავიწყოთ იქიდან, რომ ვარ შვიდთვიანი და ჩემი დაბადება წარმოუდგენელი მოცემულობა იყო ნაყოფის არასწორი მდებარეობის გამო. რადგან გადავრჩი, დავიბადე და სრულიად ჯანმრთელი მოვევლინე ქვეყანას, უკვე იღბლიან ადამიანად ვითვლები. შემდეგ იმიტომ ვარ იღბლიანი, რომ უფალმა მარგუნა მშობლები, რომელთა დაუჯერებელ და არარეალურ პირველ კლასში დაწყებულ სიყვარულზე თაობები საუბრობდნენ, თუმცა, ეს ცალკე თემაა და ეს ინტერვიუ ვერ დაიტევს. შესაბამისად, სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე და ლაღი ბავშვობა გამოვიარე. მყავს და, რომელიც ჩემი მთავარი საყრდენი და სიმდიდრეა. ცხოვრების გზაზე შემხვდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უახლოეს მეგობრებად იქცნენ და ყველაზე რთულ მომენტებსა თუ სასიხარულო სიტუაციებში მეიმედებიან, მავსებენ, მაძლიერებენ და მაბედნიერებენ. როგორ შეიძლება, იღბლიან ადამიანად არ ვთვლიდე თავს, როდესაც ცხოვრებამ ეს ყველაფერი საჩუქრად მარგუნა, ჩემი ყოველგვარი ძალისხმევისა და ჩართულობის გარეშე?!
– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?
– მიმაჩნია, რომ შრომისმოყვარეობა ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რაც ჩემში არსებობს. ვთვლი, რომ თუ ცხოვრებაში რაიმე პატარა წარმატებას გინდა, მიაღწიო, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო, მუდმივად უნდა განვითარდე, იმუშაო საკუთარ თავსა და მიზნებზე, და მჯერა, რომ ასეთ დროს იღბალს და შესაძლებლობებსაც მიიზიდავ. წარმატებისთვის ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია – შრომისმოყვარეობაც და იღბალიც, მაგრამ პროცენტულად თუ დავყობთ, ალბათ 99% შრომისმოყვარეობაა, ხოლო 1% – იღბალი, მაგრამ ეს 1% აუცილებელია, რადგან საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე, რომ ნახონ შენი უნარები, შესაძლებლობები, რომლებსაც ისევ და ისევ შენი შრომით გამოიყენებ და განავითარებ.
– როდის აძლევ თავს სიზარმაცის უფლებას?
– როდესაც ვგრძნობ, რომ ფიზიკურად და გონებრივად მესაჭიროება დასვენება და სხეული აღარ მემორჩილება. შუალედური შესვენებები აუცილებელია, რომ უფრო ძლიერი და სულიერად ჯანმრთელი დავუბრუნდე ჩემს საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. სიზარმაცე ამ დროს ჩემთვის არა სისუსტე, არამედ ძალების აღდგენაა.
– წარუმატებლობის შემთხვევაში, რთულ პერიოდებში რა გეხმარება ფეხზე წამოდგომაში?
– წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე წამოდგომაში გვერდით მყოფი ადამიანები და მათი თანადგომა ყოველთვის მეხმარება. ასეთ დროს დედა და და არიან ჩემი მთავარი მოტივატორები, ისინი მარწმუნებენ, რომ ყველაფერს შევძლებ და არ უნდა დავნებდე. მათი სიტყვები მავსებს იმედითა და ძალით, რომ ბრძოლა განვაგრძო. ისინი მუდმივად გვერდში მიდგანან და ყოველთვის მახსენებენ, რომ უნდა ვიბრძოლო და გავაგრძელო ის გზა, რომელიც დავიწყე. ყოველთვის მეხმარებოდა მამას რჩევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაბრუნებაში. თუმცა, რაც მამა ფიზიკურად გვერდით აღარ მყავს, ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ, წარმოვიდგინო, რას მეტყოდა, როგორ დამარიგებდა და ყოველთვის ვპოულობ ძალას, რომ არ დავნებდე და ფეხზე წამოვდგე.
– ცხოვრებისეული სირთულეები რამდენად გიშლი ხელს პროფესიაში?
– რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული სირთულეები ხელისშეშლელი გარემოებებია პროფესიულად გაზრდისა და განვითარებისთვის. თუმცა ვცდილობ, სირთულეები გამოწვევებად მივიღო და შესაძლებლობებად ვაქციო. ხშირად სირთულეების გადალახვა მოტივაციის წყაროა, რომელიც მაძლიერებს და მაძლევს იმედს, რომ ყველაფრის გადალახვა შემიძლია. ასე ახსნა რთულია, მაგრამ მერწმუნეთ, ნებისმიერი გამოწვევა შესაძლებლობად უნდა გარდაქმნათ. მთავარია, ასეთ დროს შეინარჩუნოთ ემოციური მდგრადობა და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.
– რამდენად ზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე?
– გარეგნობაზე ზრუნვა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პირადი კომფორტისთვისაც მნიშვნელოვანია. თავდაჯერებული ვარ, როდესაც საკუთარი თავი მომწონს, ამიტომ ამასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ და ვცდილობ, ყოველთვის ფორმაში ვიყო. ამ ბოლო დროს განწყობას ფერადი ტანსაცმელიც მიმაღლებს და ამასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. სამომავლოდ ვარჯიშსაც ვგეგმავ და ამასაც თუ მოვაბი თავი, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს (იცინის).
– კარიერისტი ხარ?
– კარიერაზე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვამახვილებ, თუმცა გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებ მხოლოდ კარიერის გამო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა არჩევანი პირად ღირებულებებს, ურთიერთობებსა და შინაგან ჰარმონიას დაემყაროს. თუკი რაიმე ჩემს პირად ცხოვრებასა და სტაბილურობას ხელს შეუშლის, კარიერის წინაპირობა ვერ იქნება.
– როგორი ინტუიცია გაქვს?
– ინტუიციას არ ვუჩივი და ინტუიტიურად ყოველთვის ვგრძნობ საფრთხეს, ვხედავ რისკებს, ამიტომ ვიზღვევ თავს. ადამიანებთან ურთიერთობებში ეს თვისება ძალიან მეხმარება.
– შეცდომებზე სწავლობ?
– რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველანი ვუშვებთ და იმ აზრზე ვარ, რომ შეცდომები „მოსულა“, მაგრამ მათზე სწავლა ზრდას ნიშნავს. ჩემი შეცდომები მაძლევს გამოცდილებას და მეხმარება, უკეთესი გავხდე.
– რა შემთხვევაში შეიძლება, დაყარო ფარ-ხმალი?
– ერთადერთხელ დავყარე ფარ-ხმალი და ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ საკუთარ თავში მენახა ძალა სიცოცხლის გასაგრძელებლად. როდესაც მამა გარდაიცვალა, მქონდა უდიდესი ბრაზი, უსამართლობის განცდა და მინდოდა, მხოლოდ მასთან, იმ სამყაროში ყოფნა, სადაც გაგრძელდებოდა ჩემი ზღაპრული ცხოვრება. მაგრამ ისევ ჩემი ოჯახისა და პირველ რიგში დედის გვერდში ყოფნის საჭიროების დანახვით ვიპოვე ძალა, გავაგრძელე ცხოვრება და მეგობრების დახმარებით ფეხზე დავდექი. ამიტომ ერთადერთი, რაც ფარ-ხმალს დამაყრევინებს, საყვარელი ადამიანის დაკარგვაა, რაც აღარასოდეს მინდა, გამოვცადო.
– როგორ წარმოგედგინა ბავშვობაში საოცნებო მომავალი და რამდენად შეეფერება მას დღევანდელი რეალობა?
– საინტერესო კითხვაა… ბავშვობაში ბევრი ოცნება მქონდა, რეალურიც და ზღაპრულიც… მინდოდა, ვყოფილიყავი ლამაზი, ნიჭიერი, წარმატებული, აღიარებული ადამიანი და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზეც ვოცნებობდი (იცინის). რომ გავიხსენო პატარა ქეთის ოცნებები და ამჟამინდელ რეალობას შევადარო, დღევანდელი ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და რთულია, ვიდრე ბავშვობაში ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახლა არ მაქვს ზუსტად ის, რასაც მაშინ წარმოვიდგენდი, ბევრ ისეთსაც მივაღწიე, რაზეც მაშინ ოცნებაც არ შემეძლო. ახლა უფრო რეალისტურად ვუყურებ ჩემს მიზნებსა და ოცნებებშიც უფრო მოზომილი ვარ. სამომავლოდ კი ვხვდები, რომ ბევრი შრომა და მუშაობა მჭირდება, რათა შევინარჩუნო და კიდევ გავაუმჯობესო ის, რასაც აქამდე მივაღწიე. ცხოვრებამ ისიც დამანახვა, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ მიზნის მქონე ადამიანად ყოფნა, არამედ აუცილებელია მტკიცე ნება, რწმენა და მუდმივი განვითარება.