24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა. როდის გაუჩნდა მას ბარიატრიის გაკეთების სურვილი, რამ უბიძგა ამისკენ და როგორ გრძნობს თავს საკმაოდ ბევრი დაკლებული კილოგრამის შემდეგ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბარბარა სამხარაძე: ცვლილებები ძალიან მაშინებს, მაგრამ ვცდილობ, მივიღო და შევეგუო, იმიტომ, რომ ამის გარეშე, ფაქტობრივად, ცხოვრება არ გრძელდება და წინ არ მიდის. ასე რომ, რთულად, მაგრამ მაინც ვიღებ სიახლეებს. აი, რისკიანი კი ვარ. თუ ვიცი, რა შეიძლება, რისკით მივიღო და ორმოცდაათი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს, აუცილებლად ვრისკავ. ერთგვარი რისკი იყო, ბარიატრია რომ გადავწყვიტე. არ მეგულება ინტერნეტსივრცეში ადამიანი, რომელიც ხმამაღლა ღაღადებს იმას, რომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა უნდა მიიღონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. შეიძლება გამხდარი ამას ამბობდეს, მაგრამ ჭარბწონიანი – არასოდეს. ყველა ადამიანს აქვს შინაგანი შფოთვები, კომპლექსი და მე ხმამაღლა ვამბობდი, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ ჩვენი თავი, როგორებიც ვართ, როგორიც ღმერთმა გაგვაჩინა-მეთქი.
– ჭარბი წონის გამო შინაგანი კომპლექსი არ გქონდა?
– წონაზე შინაგანი კომპლექსი მაშინ მიჩნდებოდა, როცა ცუდ კომენტარს წავიკითხავდი. ტყავიდან ვძვრებოდი, ჩემი ნიჭის მაქსიმუმს ვდებდი და მაინც ვიზუალზე ამახვილებდნენ ყურადღებას – რამხელააო. ჩემს გაკეთებულ საქმეზე რომ თვალს ხუჭავდნენ და მარტო ჩემი ვიზუალი ჩანდა, მაშინ კომლექსი მიჩნდებოდა კი არა, მინდებოდა, ყველაფერი წამეშალა. შეიძლება, ბევრმა თქვას, აქამდე რატომ არ გაიკეთე ოპერაცია და დაიგდე წონაო. ასე არ არის საქმე. როცა ცვლილებებზე იწყებ ფიქრს, მაშინ მიდიხარ იმ აზრამდე, რომ უნდა შეიცვალო. 2023 წლის აგვისტოს ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება, ბარიატრია გამეკეთებინა.
– მანამდე, შენი ძალებით თუ ცდილობდი დაკლებას?
– მანამდე, დიეტებს ვიცავდი, მაგრამ დავიღალე, ხან ვიკლებდი, ხან ვიმატებდი და საბოლოო ჯამში, ისევ ჭარბი წონის ვიყავი. დიეტებით ვცდილობდი, წონის კორექციას, მაგრამ ამაოდ. დაკლებულ წონაზე სტაბილურად, ორ თვეზე მეტხანს ვერ ვჩერდებოდი. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს და გაზიანებს. რაც არ უნდა იძახო, მიიღე ისეთი შენი თავი, როგორიც ხარო, პირველ რიგში, შენს თავთან გიჭირს აღიარება და იმიტომ ამბობ ამას ხმამაღლა, რომ შენ თავს გააგონო და დააჯერო. მოკლედ, გავხსენი ანგარიში, დავიწყე ფულის შეგროვება და გადავწყვიტე კუჭის ოპერაციის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, თავიდან კუჭის ოპერაციაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, მინდოდა ექიმთან მისვლა სიმსუქნის პრობლემის გამო და გაგება, შეიძლებოდა თუ არა სამომავლოდ ოპერაციის ჩატარება. ანგარიშის გახსნიდან ორ კვირაში ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემიდან დამიკავშირდა მთავარი პროდიუსერი და მითხრა: დავით აბულაძის კლინიკას აქვს შემოთავაზება, სურს უფასოდ ჩაგიტაროს ოპერაცია, ჩვენ ამას გავაშუქებთ და თუ გინდა, იყო ჩვენი გადაცემის გმირი, მოიფიქრე და გვითხარი პასუხიო.
– ბევრი იფიქრე, სანამ პასუხს ეტყოდი?
– პასუხი იმ საღამოსვე უნდა მეთქვა და მანამდე ვუთხარი. სხვათა შორის, გადაწყვეტილების მიღების დღე იყო ყველაზე რთული. ოპერაციის დღეც კი არ ყოფილა ასეთი რთული. მოკლედ, გადავწყვიტე, გავმხდარიყავი სხვა ადამიანი, სხვა ვიზუალით და ამ განწყობით შევედი საოპერაციოში. ერთი სიტყვით, შანსი ხელიდან არ გავუშვი და მთლიანად ვენდე საუკეთესო ექიმს, ბატონ დავით აბულაძეს.
– ოჯახის წევრებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ?
– ჩემმა დამ იცოდა და გვერდით მედგა. დედამ იცოდა, რომ ფულს ვაგროვებდი, მინდოდა ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მინდოდა მისთვის ნერვიულობა ამერიდებინა. ამიტომ არ ვუთხარი ოპერაციის ჩანიშვნის ზუსტი თარიღი. მეორე დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ გავიკეთე და კარგად ვიყავი.
– ერთი წელი მალავდი და რატომ?
– ოპერაცია 2023 წლის 1 დეკემბერს ჩამიტარდა და ერთი წელი იმიტომ ვმალავდი, ჩემი სურვილი იყო, ნანუკას გადაცემაში გამოვჩენილიყავი შეცვლილი, წონადაკლებული, სულ სხვა ბარბარა. სხვათა შორის, ბევრი მწერდა: სად ხარ, რატომ აღარ აქტიურობო, რატომ არ დებ სოციალურ ქსელში შენს ვიდეოებს და ფოტოებსო, ამ ყველაფრის პასუხი უკვე იცით (იცინის). ახლა აღარ მჭირდება მალვა და იმიტომ არ ვჩანდი და გემალებოდით, მინდოდა სხვანაირი დავბრუნებულიყავი. ხალხი რომ მხვდებოდა ქუჩაში, ვერ მცნობდნენ.
– როგორი იყო ეს ერთი წელი, რა შედეგი გაქვს და რამდენი დაიკელი?
– პირველი ორი თვე, სასწორს არ გავკარებივარ. სხვების მაგალითზე, წესით, 30 კილო უნდა დამეკლო და 2 თვეში 15 კილო მქონდა დაკლებული. ამ შედარებით ნელა კლებამ ფსიქოლოგიური ზიანი მომაყენა. ვიფიქრე, რაღაცას არასწორად ვაკეთებ-მეთქი. 100-150 გრამს ვჭამდი, ეს რა არის და ამაზეც ვფიქრობდი, ზედმეტს ხომ არ ვჭამ-მეთქი. ორგანიზმი ისედაც შოკშია და ამას ემატება ფსიქოლოგიური მომენტი – ის თუ იკლებს, მე რატომ არ ვიკლებ. მინდოდა, უმოკლეს დროში უდიდესი შედეგი მქონოდა. ეს იმდენად მსტრესავდა, თითქოს ჰაერი არ ჩამდიოდა ორგანიზმში და ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა, რომ ამ ყველაფერს შევგუებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შედეგი საკმაოდ შესამჩნევი მაქვს, ისეთი, რომ მაკვირდებიან და ვერც მცნობენ. ფიქრობენ: ნეტავ ეს ბარბარაა თუ არაო. ვხუმრობ ხოლმე: ჩემმა წონამ, ჩემი ცნობადობაც თან წაიღო-მეთქი (იცინის). ოპერაციიდან 1 წელში 56 კილო დავიკელი. სასწორთან აღარ ვმეგობრობდი და არც ახლა ვმეგობრობ. ვფიქრობ, როცა შენს თავთან ჰარმონიაში ხარ, სასწორი უნდა დაივიწყო. თავად ვხვდები, რომ კი დავიკელი, მაგრამ ისევ ჭარბწონიანად ვითვლები და კიდევ ბევრი მაქვს დასაკლები. ბევრ ტანსაცმელს არ ვყიდულობ, რადგან ვიცი, წონაში კლების გამო, ვერ ჩავიცვამ, დიდი მექნება. გემოვნება არ შემცვლია, ისევ ისე ვიცვამ, უბრალოდ, ახლა უფრო მიხდება (იცინის). ეს ერთი წელი მთლიანად ჩემს თავს ვაჩუქე. არც იმაზე მიდარდია შემოქმედებაზე გავლენას მოახდენს-მეთქი, არც იმას ვდარდობდი სიმღერას რომ არ ვწერდი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი ჯანმრთელობისთვის დამეთმო ყურადღება. ჩემი თავი პატარა ბავშვივით გამოვზარდე და გავზარდე ამ ერთ წელში. მქონდა შეგრძნება, ვხვდებოდი, ამ ერთი წლის შემდეგ ჩემთვის სხვა ეტაპი და სხვა ცხოვრება დაიწყებოდა.
– თუმცა, ამ ერთ წელში, შეძელი და შექმენი საკუთარი მუსიკალური სტუდია…
– ჩემს ინტუიციას ძალიან ვენდობი. ჰოდა, ჩემმა ინტუიციამ მითხრა: ბარბარა, ადექი და გააკეთე სტუდია. ჩემს დას გავუმხილე ეს ამბავი, ვიქირავე ფართი ახმეტელის მეტროსთან ახლოს და შევქმენი საკუთარი სტუდია. მოლოდინს მართლა გადააჭარბა რაც ხდება, ტელეფონი არ ჩერდება, იმდენი მსურველია. თან, ექსკლუზიურადაც გეტყვით, რომ ჩემი მსმენელი ჩემს ახალ სიმღერასაც მოისმენს, რომელიც უკვე ჩავწერე. გამოვიდა, რომ ის ერთი წელი ჩემთვის ყველაზე დიდი უმოქმედობის და ყველაზე დიდი მოქმედების დრო იყო (იცინის). ეს წელი ჩემთვის ოცნებების ახდენის წელი აღმოჩნდა. როცა პალატაში დავწექი, გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა, იმ უცნობი მომავლისკენ მივდიოდი, რომელიც არ იქნებოდა ცუდი. უცნობმა მომავალმა გაამართლა და წარმატებული აღმოჩნდა. რასაც ვერ ვიფიქრებდი წლების წინ, ის ამიხდა.