new_year

თამთა კვარაცხელია: ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე

77

ულამაზესი ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც საკუთარი დაბადების დღე გამორჩეულად უყვარს და შესაბამისადაც აღნიშნავს.

თამთა კვარაცხელია: ცხოვრება სავსეა მომენტებით, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებენ, მათ შორის, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემი ამ სამყაროში მოვლენის დღეა. უმეტესად ადამიანებს უყვართ და ახარებთ საკუთარი დაბადების დღე. მათთვის ეს დღე დღესასწაულია, რომელიც აბედნიერებთ და არც მე ვარ გამონაკლისი. ვერ ვიტყვი, რომ დღესაც, როგორც ბავშვობაში, ჩემი დაბადების დღის დადგომას მთელი წელი მოუთმენლად ველი, თუმცა, ისევ ისე მიყვარს და განსაკუთრებულად ვემზადები, რადგან მის მოახლოებას ჩემთვის უკვე დამატებითი ღელვა ახლავს: ერთი მხრივ, წნეხს ვგრძნობ, რომ ეს დღე მოწვეულ სტუმრებთან ერთად განსხვავებულად და დასამახსოვრებლად აღვნიშნო; მეორე მხრივ, იმაზეც ვნერვიულობ, ვინ შევიყვანო სტუმრების სიაში ისე, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. ბევრს ვფიქრობ დეკორაციაზე, ტორტისა და სამოსის დიზაინზე, ვარჩევ ლოკაციას, მენიუს, ფოტოგრაფს, მუსიკალურ პროგრამას. ცალკე თავსატეხია სტუმრების მაგიდებთან გადანაწილება, ვცდილობ, ყველას სათანადო ყურადღება ვუწილადო და საბოლოოდ, იმის ნაცვლად, რომ გავერთო და კარგი დრო გავატარო, ამ დღეს ყველა წვრილმანზე შფოთვაში ვატარებ. ხან კი დრო ისე მეპარება, რომ საერთოდ ვერაფრის დაგეგმვას ვერ ვასწრებ. წლებთან ერთად, ამ დღის აღნიშვნის იმპროვიზაციებიც ვცადე და იდეებიც განვახორციელე.

– როგორ აღნიშნავ ხოლმე?

– ჩემთვის 13 ნოემბერი წელიწადის ის დღეა, რომელიც მხოლოდ ჩემია და რომელსაც ისე ვატარებ, როგორც იმ დღეს მინდა. უმეტესად დაბადების დღეს ვიწრო წრეში საყვარელი ადამიანების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გამორჩეულად აღვნიშნავ. მახსოვს, ერთხელ ამინდმა ხელი შემიწყო და პიკნიკი დავგეგმე. თემატური წვეულებაც არაერთხელ მომიწყვია, წავსულვარ სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ ჩემს შვილთან ერთადაც გავპარულვარ, ჩემი თავისთვის საჩუქრებიც გამიკეთებია, მთელი დღე სპაში დაქალებთან და ატრაქციონებზე ბავშვობის მეგობრებთან ერთადაც გამიტარებია. ამ დღის დაგეგმვა ერთხელ ჩემს დებსა და მეგობრებსაც კი მივანდე. მომავლისთვის ვიდეოც ჩამიწერია, სადაც წინა წლებს ვაჯამებდი და სამომავლო გეგმებს ვამხელდი. შარშან მასშტაბური ღონისძიება მოვაწყვე, რომელსაც 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. რაც ჯერ ვერ მოვასწარი და გავბედე, არის, ერთხელ მარტო აღვნიშნო ეს დღე საზღვარგარეთ მოგზაურობისას.

– საუკეთესოდ რომელი დაბადების დღე გახსენდება და რატომ?

– ჩემი საუკეთესო დაბადების დღე იყო, როცა 25 წლის გავხდი, რადგან მას პირველად ესწრებოდა ამ სამყაროში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ჩემი შვილი გეგა, რომელმაც სიყვარული და ადამიანებს შორის ცხოვრება მასწავლა. მახსოვს, ეს დღეც, ოჯახთან, ერთად ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნე.

– რამდენად გიყვარს საჩუქრების მიღება და რა საჩუქრები გახსენდება განსაკუთრებულად?

– საჩუქრების მიღება არ მიყვარს, რადგან არ მინდა, ადამიანები ჩემ გამო შეწუხდნენ. ძალიან მრცხვენია საჩუქრის გამორთმევაც. ისე ძალიან ვწუხდები ამ პროცესით, რომ ყოველ ჯერზე საშინელ დისკომფორტს განვიცდი. მესმის, რომ უნდათ, გამახარონ და ჩემგან სულ სხვა ემოციებს ელიან, მაგრამ ამ გრძნობას დღემდე ვერაფერს ვუხერხებ.

ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სიყვარული და ყურადღებაა, რომელსაც არც ერთი ნივთი არ შეედრება. რაც შეეხება დაბადების დღის საჩუქრის შერჩევის პროცესს, რთულია, რადგან უჭირთ გამოიცნონ, ზუსტად რა მომეწონება. საკმაოდ პრეტენზიული ვარ და ყოველთვის პატარა დეტალებში ვიცი, რა და როგორი მინდა. ამიტომაც დაბადების დღის საჩუქრებიდან იშვიათად მომწონს რამე. იმდენი რამ უჩუქებიათ, რთულია გამოვარჩიო, მაგრამ განსაკუთრებულად მაინც სამახსოვრო სამკაულები მახსენდება, რადგან რამდენიმეს ვატარებ. სიმართლე გითხრათ, სხვებისთვის საჩუქრების გაკეთება უფრო მიყვარს, რადგან მიყვარს ადამიანების გახარება.

– დარწმუნებული ვარ, ამ დღეს თაყვანისმცემლებიც განებივრებენ საჩუქრებით.

– თაყვანისმცემლებს ჩემი დაბადების დღე მანამ ეიმედებათ, სანამ აღმოაჩენენ, რომ მათთვის ამ დღესაც მიუწვდომელი ვარ. მე ვერ წარმომიდგენია, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს საჩუქარი, გამოვართვა ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობას არ განვიხილავ. არაერთხელ მითქვამს ძვირად ღირებულ საჩუქრებზე უარი და მათთვის იმედები გამიცრუებია.

– ბავშვობის დროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– ბავშვობაში ჩემი დაბადების დღე ჩემთვის დღესასწაული იყო და ძალიან მიყვარდა, მთელი წელი ამ დღის დაგეგმვაზე ვფიქრობდი. თინეიჯერობის ასაკამდე მშობლები სახლში მიხდიდნენ დაბადების დღეს, რადგან ბავშვისთვის რესტორანში გადახდა არ იყო მიღებული ფორმა. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა დედამ გამაფრთხილა, რომ იმ დღეს, ჩემს დაბადების დღეზე არავინ დამეპატიჟებინა, რადგან სახლში რემონტი გვქონდა და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა სტუმრების გამასპინძლებას. მახსოვს პირობა მივეცი, რომ მის თხოვნას გავითვალისწინებდი და დავუჯერებდი. გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ისე ძალიან მომინდა კლასელებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა, მოულოდნელად გადავიფიქრე და დედისთვის მიცემული პირობა დავარღვიე. მთელ კლასს გამოვუცხადე, რომ ჩემს დაბადების დღეზე ვეპატიჟებოდი. მათ ვთხოვე სახლამდე, რომელსაც 2-3 კილომეტრი გვაშორებდა, ფეხით წავსულვიყავით და დაბადების დღის მარში მოგვეწყო. გზად ვინც შემოგვხვდებოდა იმათგანაც მილოცვებს ვიღებდი და ვიმატებდი, სტუმრების სია კი გზა და გზა იზრდებოდა. შემთხვევით ოჯახის ახლობელმა დაგვინახა და როცა გაიგო ჩემი ზრახვების შესახებ გადაწყვიტა, სანამ მე მივიდოდი სახლში სტუმრების ამალასთან ერთად, მას მიესწრო ჩვენთვის, რათა ოჯახი გაეფრთხილებინა და მათთვის უხერხულობა აერიდებინა. მშობლებს სხვა გზა არ დარჩათ, ჩემთვის ის დაბადების დღეც უნდა გადაეხადათ. მაშინ მზა საჭმელებიც არ იყიდებოდა, მამაჩემი სამსახურიდან სასწრაფოდ გამოიძახეს და ბაზარში გააქციეს პროდუქტების მოსატანად, მეზობლები კი დედას ეხმარებოდნენ მოემზადებინათ ჩვენთვის საჭმელი და გაეშალათ სუფრა. ასეთი განსაკუთრებული მეთოდით ავაწიოკე ოჯახი და მთელი კორპუსი, ფანტასტიკური დრო ვატარე ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად, ის დაბადების დღე კი დაუვიწყარ მოგონებად ვაქციე. დღემდე დედაჩემი ღიმილით იხსენებს ამ ისტორიას, მართლა არ ვიცი, რატომ დაიჯერა, რომ იმ წელს დაბადების დღის აღნიშნვნის გარეშე ჩემი დატოვების უფლებას მივცემდი. რა მექნა, მართლა ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე.

– უზრუნველი ცხოვრება თუ ცხოვრება სიყვარულით – რას ისურვებდი?

– ჩემს გამოცდილებაში უზრუნველი ცხოვრება და სიყვარული ერთად იყო, არ მომიწია მათ შორის არჩევანის გაკეთება… მახსოვს ის არაჩვეულებრივი შეგრძნება, თითქოს დედამიწაზე სამოთხე ვიპოვე და ბედნიერება დავიმსახურე, როცა მოულოდნელად სიცარიელე, მარტოობა, ყველა შიში და დარდი სადღაც უკან ისე გაქრა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა. თითქოს სამყარო ზრუნავდა ჩემზე, ჯადოსნური ჯოხით აქრობდა ყველა პრობლემას. ყველაფერი მქონდა, რაზეც ოდესმე მიოცნებია და მინატრია. ჩემი ბედნიერებაც ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ვცდილობდი, ყველა წუთით დავმტკბარიყავი. კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ცხოვრება არ იყო ჩემი კომფორტული მდგომარეობა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ, როგორც ზღაპარში, ჩემი ნაწილი და ცხოვრება მოიპარა, სადღაც სასახლეში გამოამწყვდია და გადამალა. ცდუნება დიდი იყო, მაგრამ გადავწყვიტე, ნამდვილ თამთაზე გამეკეთებინა არჩევანი, თავისუფლება შემენარჩუნებინა და მებრძოლა იმისთვის, რომ თავად შემექმნა ჩემი უზრუნველი და ჰარმონიული სამყარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მანამდეც არსებობდნენ ჩემს რეალობაში. ასე რომ, მე ჩემი ბედისწერის ცვლილება გადავწყვიტე და არჩევანი საკუთარი თავის სასარგებლოდ გავაკეთე.