new_year

„ჩემი ძმის მკვლელობის გამო მრისხანება მიპყრობს, მაგრამ მამას უნდა, მიმტევებლები ვიყოთ”

52

სოფი ხარხელაური სულ პატარა იყო, ჯერ წერა-კითხვა არ იცოდა, ლექსებს ზეპირად თხზავდა, მამას უკითხავდა, ის კი იწერდა და ინახავდა. უხაროდა შვილის პოეტური აზროვნება, თანაც მოსწონდა, რასაც გოგონა უკითხავდა.

სოფი ლაღად იზრდე-ბოდა თიანეთში და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად. ზაფხულობით კენკრას და სოკოს აგროვებდნენ, ზამთრობით თავდავიწყებით სრიალებდნენ თოვლზე. ამასობაში წერა-კითხვაც ისწავლა, კალამი და ქაღალდი შეუყვარდა, უკვე შეეძლო ლექსები თავად დაეწერა ფურცლებზე, თუმცა წლე-ბის მატებასთან ერთად ლექსის წერა შეწყვიტა, რადგან ფიქრობდა ასობითაც რომ დაეწერა, ხარხელაურის გვარისთვის შესაფერი ერთი სტრიქონიც არ იქნებოდა.

სოფი ხარხელაური დიდი ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის, ქალიშვილია. ბავშვობიდან მამის პოეზიას ნაზიერებია, მამასავით ანკარა სულის პატრონი და სასიამოვნოდ გულწრფელი. უმაღელსი განათლება თბილისში მიიღო, რამდენიმე წელი ქმართან ერთად უცხოეთში იცხოვრა, მაგრამ ვერ გაძლო, საკუთარ ფესვებთან დაბრუნება არჩია. დღეს ოჯახთან ერთად მამის გვერდით ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა. ფერმერობა დაიწყო, დიდი სურვილი აქვს, მეურნეობა გააფართოვოს და სოფელში სამუშაო ადგილები შექმნას. დანარჩენს „სარკის“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– სოფი, მოგონებათა სკივრის გახსნა ბავშვობის ფერადი ამბებით დავიწყოთ.

– თიანეთის რაიონში, ულამაზეს სოფელ სიმონიანთხევში ვიზრდებოდი. პირველი, რაც გამახსენდა, ძალიან თბილი მოგონებაა. სკოლაში წასვლის წინ მამა თავისი დიდი ხელებით ჩემთვის კიკინების გაკეთებას ცდილობდა, თმა ხელიდან უსხლტდებოდა, ბოლოს როგორღაც დაიმორჩილებდა, კიკინებს გამიკეთებდა. თუ ზამთარი იყო, მაშინ დიდი თოვლი მოდიოდა და წინ მიმიძღოდა, თოვლს კვალავდა, რომელიც მე მხრებამდე მწვდებოდა. უკან მივდევდი ტუსტუსით, რადგან ცოტა მეშინოდა, მამას არ გაესწრო და თოვლში არ ჩავრჩენილიყავი. დიდი წითელი ქურქი მეცვა, ყინვა ლო-ყებს მიწვავდა, მაინც ხალისიანად გავრბოდი.

სკოლის დირექტორი მამა იყო. ამით გამორჩეული არ ვიყავი, ჩვეულებრივად ვსწავლობდი და ვთამაშობდი ბავშვებთან. ჩემი და დედას მშობლებთან, სხვა სოფელში იყო, იქ სწავლობდა, მე და ჩემი ძმა კი ჩვენი სოფლის სკოლაში დავდიოდით.

დიდი ოჯახი გვქონდა – პაპა-ბებო, მშო-ბლები, მე და ჩემი და-ძმა. წიგნის კითხვა მამამ შემაყვარა, თავიდან ცოტას ვზმარმაცობდი, მეტყოდა, მოდი, ჯერ წაიკითხე, მერე შეგიძლია, ტოლებში ითამაშოო. გამომკითხავდა კიდეც, წაკითული როგორ გავიგე, წამოზრდილს დაძალება არ მჭირდებოდა, შემიყვარდა წიგნი და საკუთარი სურვილით ვკითხუ-ლობდი.

სოფლის ოჯახების უმრავლესობის მსგავსად, საქონელიც გვყავდა და ცხვარიც. მამასთან ხშირად მოდიოდნენ სოფლის კაცები რჩევის საკითხავად. უდიდესი პატივისცემით და მოკრძალებით ექცეოდნენ, პოეტი ყველგან უყვართ, მთაში კი განსაკუთრებით დაფასებულია.

უამრავი ბავშვური გასართობი გვქონდა – წრეში ბურთი, შვიდქვაობანა, დაჭერობანა, დამალობანა. მივდიოდით ტყეში, მამას ნათესავს, გივი ძიას, დავყავდით, ბუნებასთან კონტაქტს გვაჩვევდა, გვასწავლიდა ხეების ჯიშებს, რა რისთვის გამოიყენება, სოკოს ცნობას.

მინდორში უტკბილესი ტყის მარწყვი მწიფდა, საოცარი სურნელი იდგა. მწვანე ტყემალი რომ შემოვიდოდა, მოვკრეფდით, ხის ქერქში გავახვევდით და ჩემი ძმა გვიწვავდა, მწვადივით გემრიელი იყო. ზოგჯერ ნახირშიც მივყვებოდით უფროსებს, იქაც თავისებურად ვერთობოდით. საოცნებო ბავშვობა მქონდა, არც სათამაშოების ნაკლებობა გვაწუხებდა, კომპიუტერიც, არ ვიცოდით, რა იყო, მაგრამ ვიყავით ლაღები და ბედნიერები.

– მამის პოეზიის მკითხველი როდიდან გახდით?

– პატარაობიდან ვისმენდი, როცა დედას უკითხავდა. რა თქმა უნდა, მაშინ დიდად არ მესმოდა აზრი, თანდათან სკოლის ასაკში ჩემით დავიწყე კითხვა. ყოველთვის ვერ ვიგებდი, დღესაც ზოგჯერ სიღრმისეულად ვერ ვწვდები, იმდენად დიდი, ღრმა და შინაარსიანია.

ის დროც მახსოვს, როცა მამა ცხვარში დადიოდა, სულ მოლოდინში ვიყავი. მამა იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც უფლებას მაძლევდა, პაწაწინა ჭიქით ნალექიანი ყავა დამელია. როცა ცხვარიდან ბრუნდებოდა, გახარებული ვყვიროდი: ,,ვაშაა, მამა ჩამოვიდა, ახლა ყავას დავლევ” და ჩემი პატარა მარწყვიანი ჭიქით მივრბოდი მასთან. ეს ჩემთვის მაგიური რიტუალი იყო, მეგონა, დიდი გოგო ვიყავი.

მარწყვის კევებიც ჩამოჰქონდა ჩემთვის, მეუბნებოდა, ეს მთაში ხეებს ასხიაო და მეც მჯეროდა. ბევრი საზამთროც მოჰქონდა, მეზობლებსაც მოვუკითხავდით. დიდი ზეიმი იყო ჩემთვის მამის მოსვლა სახლში.

– ზამთრის გრძელ საღამოებს როგორ ატარებდით?

– ხშირად არ იყო ელექტროენერგია, ნავთის ლამპა გვენთო, შეშის ღუმელი ღუღუნებდა, გარშემო შემოვუსხდებოდით, ბებია ქსოვდა. ჩვენ ან წიგნს ვკითხულობდით, ან ქალაქობანას ვთამაშობდით. მერე კი ჩავეხუტებოდი ბებოს და მასთან ერთად ვიძინებდი. ტკბილი ბებო მყავდა, მუხლჩაუხრელად შრომობდა, შვილიშვილებისთვის სულ ჰქონდა თავისი ნახელავი ჩირეული – შინდის კერკი, თხილი, ჩურ-ჩხელები, ტკბილი ტყლაპები. მისი ხელების სურნელი ახლაც მახსოვს.

– თქვენმა ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა – ვაჟის, თქვენი ძმის, დაკარგვა. ბატონმა ტარიელმა, დედათქვენმა იპოვეს ძალა და შეუნდეს მკვლელს. თქვენს ძმაზე მოგონებები გაგვიზიარეთ.

– ჩემი და უფროსი შვილია ოჯახში, შემდეგ იყო ბექა და ბოლოს მე გავჩნდი. ბავშვობაში, ხომ იცით, როგორც არის, ყველაზე პატარას ხშირად სახლში მტოვებდნენ, მერე დავმეგობრდით, ყველგან ერთად დავდიოდით. ბექას მეგობრები ჩემი უფროსი ძმები გახდნენ.

ჩემი ძმა საამაყო ახალგაზრდა იყო, კეთილი, სამართლიანი ვაჟკაცი. გაგვანადგურა მისმა მკვლელობამ. დიდი იმედი, საყრდენი გამომეცალა და დღემდე ასე ვარ. ჩემი მშობლები ღირსეული ადამიანები არიან, მათ შეძლეს ამ ტრაგედიის შემდეგ ფეხზე წამოდგომა და ჩვენ გვერდით ყოფნა.

მამამ ნამდვილად აპატია მკვლე-ლს. ამას რომ ამბობს, ეს ლიტონი სიტყვები არ არის. იგი ზუსტად იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და, როგორც ამბობს, ისე ცხოვრობს. მე მიჭირს და ახლაც მრისხანება დამეუფლება ხოლმე იმ დღის, იმ წუთის გახსენებისას. შემდეგ ჩემს თავს დიდხანს ვიმშვიდებ, სულ მამა მიდგება თვალწინ და ვფიქრობ, რომ მას უნდა, ჩვენ მიმტევებლები ვიყოთ.

– სკოლის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი გზა?

– დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი დავამთავრე, ბავშვობაში ლექსებსაც ვწერდი. სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, თურმე ზეპირად ვეუბნებოდი მამას და ის იწერდა. მერეც გავაგრძელე, მოსწონდა, როგორც ვწერდი. კარგია, როცა ფურცელთან და კალამთან გაქვს ურთიერთობა და შენი განცდების გადმოცემა შეგიძლია.

მე იმიტომ არ ვწერდი, რომ სადმე გამომექვეყნებინა, ვერც გავბე-დავდი, ერთი ხარხელაური საკმარისია თავისი სითბოთი, სიყვარულით და ადამიანობით. ისეთი მართალია მისი პოეზია, ყველა მაშინვე გრძნობს და ამიტომ მოიპოვა ასეთი აღიარება. პირველ ლექსებს დედას უკითხავდა. რაღაცა პერიოდი დედა უცხოეთში იყო. მაშინ მეგობრებს, ეთერო თათარაიძეს და ამირან არაბულს, ესტუმრებოდა და მათთან დაცლიდა ლექსების გუდას.

– ოჯახი როდის შექმენით?

– ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი სამყაროს და ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა 18 წლის მომიტაცეს. მშობლებმა მითხრეს, თუ არ გიყვარს, წამოდი სახლშიო, მაგრამ იმ დროს სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებდა და დავრჩი. შეძლებისდაგვარად ვიცხოვრეთ, ორი გოგონა შემეძინა. საბოლოოდ მაინც დავცილდით. გოგონები ახლა 15 და 12 წლისანი არიან. დედაჩემის მეთვალყურეობით იზრდებიან თბილისში, რადგან იქ სწავლობენ. ძალიან მშვიდად ვარ, ვიცი, დედა ყველაფერს საუკეთესოს ასწავლის.

მეორე ოჯახი მაქვს. ძალიან კარგი მეუღლე მყავს. დიდი სიყვარული გვაკავშირებს და, ხუთი წელია, მხარდამხარ მოვდივართ. ჩვენი ბიჭუნა, ბექა, 3 წლისაა. რამდენიმე წელი საფრანგეთში ვიცხოვრეთ, მერე კი ვარჩიეთ სოფელში დაბრუნება. ჩემი მეუღლეც სიმონიანთხევიდან არის, მამასთან ახლოს ვცხოვრობთ, ყოველდღე ვნახულობთ. თბილისში დედამთილ-მამამთილი დავტოვეთ.

ფერმერობა დავიწყეთ. ჯერ მხოლოდ ღორების ფერმა გავაკეთეთ, გვინდა, საქონელიც შევიძინოთ. ახლა ტრენდულია სოფელში ცხოვრება, მაგრამ მე ტრენდის გამო არასდროს არაფერს ვაკეთებ, გულით მიყვარს სოფელი, ბუნება, მიწა, სულიერად ვისვენებ და საქმესაც სიამოვნებით ვაკეთებ.

ჩემი მეგობარი ცხოვრობს ამერიკაში, ისიც დაგვეხმარა, ახალი ტექნოლოგიით გავაკეთეთ ფერმა, რომელიც ძალიან შრომატევადია. ჯერჯე-რობით ჩვენ ავუდივართ, როცა გავფართოვდებით, სხვებსაც დავასაქმებთ. ჩემი შვილი სუფთა ჰაერს სუნთქავს და ნატურალური პროდუქტებით იკვებება.

– რა თვისებები გამოგყვათ მშობლებისგან?

– ადამიანების, ბუნების სიყვარული. მე ცოტა ფეთქებადი ხასიათის ვარ, მამა სულ მეუბნება, სანამ რამეს იტყვი, დაფიქრდი, მოთმინება, დათმობა, პატიება ადამიანს ალამაზებსო. თავად ასეთია, ყველა და ყველაფერი უყვარს. მეც ვცდილობ, მამაჩემისნაირად ვიცხოვრო.

ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მარგუნა ასეთი მშობლები, ასეთი და-ძმა. ვამაყობ, რომ ვარ ტარიელ ხარხელაურის შვილი და, როცა ვხედავ, სრულიად უცხო ადამიანები, ახალგაზრდები, ბავშვები როგორ აჩერებენ, ეხუტებიან, მადლობას უხდიან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ მართალი სიტყვა, პოეზია და ქართული სული უკვდავია.