“მაყურებელს ცოლ-ქმარი ვეგონეთ, ერთხელაც ალეკო ქუჩაში ცოლთან ერთად მოდის, ჩათვალეს რომ ნანა “საყვარელია”

106

ალეკო თეთრაშვილზე წარსულში საუბარი ძალიან უჭირს ცუცა კაპანაძეს, მეგობარს, რომელსაც 48 წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ პაროდისტთან. მსახიობი “პრაიმტაიმს” ემოციებს ამერიკიდან უზიარებს და გულისტკივილს გამოთქვამს, რომ თავის სასცენო და საეკრანო პარტნიორს უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებს.

ცუცა კაპანაძე: დაუჯერებელია ჩემთვის მეგობარზე წარსულში საუბარი. ალეკო მხოლოდ მეგობარი ხომ არ იყო, იყო პარტნიორი თეატრ-სტუდია “მოდი, ნახე”-ში, “პა სეანსში”, “იუმორინაში” – 48 წელი ცოტა ხომ არ არის, ნახევარი საუკუნეა. მძიმეა… ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასე უცებ თუ წავიდოდა.

სტენტირება ერთი წლის წინ გაიკეთა. მას შემდეგ ზოგჯერ სუსტად გრძნობდა თავს. ორი დღის წინ, ცუდად რომ გამხდარა, ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო. 12 საათი უკეთებდნენ ოპერაციას. თრომბი მოწყდა და ვერ გადაარჩინეს…

ზაფხულში საქართველოში რომ ვიყავი, ტელევიზიაში უნდა შევხვედროდით, ერთ გადაცემაში. არ იყო კარგად და ვერ მოვდივარო, დარეკა. თან მითხრა, ჩემი უნახავი არ წახვიდე ამერიკაში, მომენატრე, სახლში გამომიარეო. დავპირდი, გნახავ, ჩაგეხუტები-მეთქი. მაგრამ გამოფრენის დღეს, იმდენი საქმე მქონდა, ალეკოსთან მისვლა ვეღარ მოვახერხე. დამირეკა, სად ხარო? აეროპორტში ვარ, ბოდიში, ვერ გნახე, მაგრამ მალე სულ ვბრუნდები და მერე სულ ერთად ვიქნებით-მეთქი. ჰო, ჯიგარო, გეყოფა ამერიკა, ჩამოდი და ერთად გამოვჩნდეთ ტელევიზიაშიო. ჩვენს რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეუბნებოდა, აღვადგინოთ ჩვენი სპექტაკლიო. რეზო კლდიაშვილის “იადონას თეატრს” ვთამაშობდით, ცოლ-ქმარი ვიყავით. სპექტაკლი სულ ანშლაგებით მიმდინარეობდა.

ერთმანეთს 1977 წელს შევხვდით, გეპეის თეატრში. მერე “პა-სეანსის” პარალელურად თეატრში ვაგრძელებდით თამაშს. “იადონას თეატრით” ამერიკაში გამოვემგზავრეთ გასტროლით მეორედ. პირველად რეზო გაბრიაძის “შერეკილებით” გახლდით შტატებში. მოკლედ, ამ სპექტაკლის აღდგენა უნდოდა. ტექსტი გაიმეორე, მე ჩამოვალ და ერთ თვეში რეპეტიციებით აღვადგინოთ-მეთქი, ვეუბნებოდი. მაგრამ გაიწელა და… ბოლოს მითხრა, ჰე, ახლა, ნუღარ გაჭიმავ, ჩამოდიო. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. არ ჩამოვედი დროზე, არ ვნახე და არ ჩავეხუტე…

ვერც მილოცვას დაასწრებდი, ვერც მოკითხვას. პირადშიც ყოველთვის მილოცავდა ყველა დღესასწაულს.

საოცარი მამა და მეუღლე იყო. არ იყო დაოჯახებული ერთმანეთი რომ გავიცანით. კარგად მახსოვს მისი და ნანას სიყვარული. ნანა თეატრში მოდიოდა, ესწრებოდა სპექტაკლებს. მთელი დასი ვგულშემატკივრობდით. მერე ქორწილი ჰქონდათ. ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე, ჩემს თვალწინ ერთ წამში ჩაიარა ამ ყველაფერმა, მისმა და ჩვენმა ცხოვრებამ.

ყველას, მაყურებელს ცოლ-ქმარი ვეგონეთ. უამრავი კურიოზი გადაგვხდენია. ერთხელ მოვდივარ რუსთაველის თეატრიდან. ალეკო მეუღლესთან ერთად მოდის საპირისპირო მხრიდან. არ დამინახავს. მოდის ხალხი და რაღაც უცნაურად გაფაციცებით მიყურებს. ხალხის ყურადღებას მუდმივად მიჩვეულები ვიყავით, სულ სითბოთი გვხვდებოდნენ, მაგრამ ახლა რაღაც განსაკუთრებულად მიყურებენ და მამხნევებენ რატომღაც – არ ინერვიულო, ასეთები არიან კაცები. მისი გათახსირებული საყვარელიო. ვიფიქრე, რა ხდება.

გავიხედე, ალეკო მოდის ნანასთან ერთად. გარშემო ხალხით ვარ შემოჯარული, წინ კედელი აღმიმართეს, რომ არ დამენახა ალეკო ვითომ თავის “საყვარელთან” ერთად. ეგონათ, მღალატობდა და მეფარებოდნენ, არ მანახებდნენ, თან მამშვიდებდნენ. რომ მივედი ალეკოსთან, გაშეშებული გვიყურებდნენ. მერე  ფარდა “ავხადე” ყველაფერს – ეს ალეკოს ცოლია-მეთქი, გავაცანი და ამოისუნთქეს.

***

მე ხომ “პა-სეანსის” სკეტჩებში ალეკოს ცოლი ვიყავი და სულ წიხლებს ვურტყამდი. ერთხელ მამუკა ღლონტს ეუბნება, ერთ სერიაში მეც მომაჩეჩინე, ისე მწარედ მირტყამს წიხლებს, მინდა მეც გავულაწუნო ან მოვჩეჩოო. მართლაც, საახალწლო გადაღებაზე, ჩემი მკვლელობის რამდენიმე ვარიანტი უნდა გადავიღოთ და ერთ-ერთია რინგზე შეხვედრა. გვაცვია ბოქსის ხელთათმანები. ვითომ უნდა დამარტყას ყბაში. ალეკომ არც აცია, არც აცხელა, დამარტყა და ისე დამარტყა, რომ უცებ გავითიშე და დავვარდი. ჰგონიათ, რომ ვთამაშობ. ალეკოს უხარია, მოვკალი ცოლიო. აიღებს ჩემს ხელს, დამივარდება, ჰგონია, ვთამაშობ. ცუცა, ცუცაო – მეძახის და რომ არ ვახელ თვალს, ნელ-ნელა შეშინდა. მერე პატარა ბავშვივით აჯღნავლდა. მანჯღრევდა, დამტიროდა, მაპატიე, ჩემო საყვარელო, ოღონდ ახლა გაახილე თვალები და ხელს არ დაგაკარებო. როგორც იქნა, მოვედი გონს და მებოდიშა, რამდენიც გინდა, იმდენი მირტყიო. მერე სულ იმას ეხვეწებოდა მამუკას, ხელს ვერ დავაკარებ, მსგავსი არაფერი დამავალოთო…

საუკეთესო წლები ერთად გავიარეთ. სულ უნდოდა, რომ “პა სეანსი” ისევ შეკრებილიყო. ბიჭები იუბილეზე – 13 აპრილს ხვდებოდნენ ერთმანეთს უჩემოდ. შარშან სურათი გადაიღეს, გამოტოვეს ადგილი და დააწერეს – აქ უნდა იყოს ცუცაო… დამცინოდნენ…

“მერვე კლასელო” ხომ კლასიკად დარჩა. ერთმანეთს ვეხუმრებოდით კიდეც. მერვე კლასში გავიყინეთ, მაინც მერვეკლასელოს გვეძახიან და რა გვენაღვლებაო. წლების მომატება მხოლოდ ციფრებია და არ ინერვიულო-მეთქი, ვეუბნებოდი. 67 წლის იყო…

ალეკო მოუშუშებელი ტკივილია. იყო დიდი ბიჭი ბავშვის გულით…

ცხონებული კახი კითხულობდა – ნეტა, იქ თეატრი არისო? ალბათ არის, იქ წასული, უკან არავინ დაბრუნებულა. ჰოდა, იქ ჩავეხუტები და ბოდიშს მოვუხდი, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე…

“პა სეანსის” გუნდში ალეკო მეორეა, ვინც ასე ადრე წავიდა. ჩვენს გუნდს ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს. პაატა და ალეკო იქ შეხვდებიან და მოიკითხავენ ერთმანეთს… 

წყარო “პრაიმტაიმი”