“პატარები რომ ვიყავით, სად იყო პამპერსი, ავტომატური სარეცხის მანქანა და ძიძები”

404

მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია საკუთარ ბავშვობას იხსენებს. დედის ამაგზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი გარდაცვალების შემდეგ მომხდარ სასწაულზე საინტერესო სტატუსს წერს.

„ჩვენ რომ პატარები ვიყავით, სად იყო პამპერსი, ავტომატური სარეცხის მანქანა და ძიძები. ჩემი მშობლები მარტო ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და ამ გადასახედიდან ძალიან მიკვირს, როგორ მიგვიყვანეს ბაღის ასაკამდე. ვიღაც ძიძის მაგვარი კი მოუყვანიათ ჩემთვის ერთი წლის რომ ვიყავი, მაგრამ მალევე გაუშვიათ, რადგან პირველ დღეს, დედაჩემმა რომ ჰკითხა როგორ იქცეოდა ბავშვიო, უპასუხია: გადასარევად, დასაძინებლად რომ წამოვწექი მოვიდა და საბანი დამაფარაო რომ წამოვიზარდე და გავაცნობიერე რა შრომის ფასად უჯდებოდა დედას აქეთ ჩვენი მიხედვა და იქით საპასუხისმგებლო სამსახური, უარი ვთქვი ესპანეთში დარჩენაზე, სადაც არაჩვეულებრივი პერსპექტივა მქონდა, არ წავედი მექსიკაში, სადაც ტელეწამყვანად მეპატიჟებოდნენ, აქ დავბრუნდი და ბოლომდე მის გვერდით ვიყავი. აქაც ვიპოვე საინტერესო საქმე, თან „ამბობენს“ ვაკეთებდი, თან მარკესს ვთარგმნიდი და რაც მთავარია, მასზე ვზრუნავდი.

13 სექტემბერს 18 წელი შესრულდება იმ ძალიან ცუდი დღიდან, რამაც ჩვენი ცხოვრება ორად გაყო. ერთადერთი, მბჟუტავი იმედი, რომ ის, არ ვიცი საიდან, მაგრამ მაინც გვიყურებს და ჩვენი ამბები იცის, ერთი უცნაური ამბავია: დედაჩემი რომ ახალი გარდაცვლილი იყო, მე ელენეზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ეს იმდენად ახალი ამბავი იყო, რომ ჩემი დის გარდა არც არვისთვის მითქვამს. იმ დღეებში ნათიას დაურეკა ერთმა ახლობელმა და მოუყვა, რომ დედაჩვენი ნახა სიზმარში, რომელსაც მისთვის უთქვამს: ჩემზე არ იდარდოთ, მე კარგად ვარ და თეას გოგოს ამბავიც ვიციო. გოგო რომ მყავდა, მე თვითონ მხოლოდ 3 თვის მერე გავიგე ექოსკოპიაზე, თუმცა იმ სიზმრის შემდეგ, სხვა ვარიანტი არც დამიშვია“, – წერს თეა გვასალია.