მსახიობისა და რეჟისორის ლევან გვაზავას ცხოვრებაში განსაკუთრებული სიახლეების დროა. სიახლეები ეხება როგორც მის პირად ცხოვრებას, ასევე კარიერას. დეტალებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლევან გვაზავა: თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. დიახ, ახალი ამბები ნამდვილად მაქვს, ჩემ გვერდით არის თანამგზავრი, რომელიც ძალიან მიყვარს და მეუღლესთან დაშორებიდან ამდენი ხსნის შემდეგ, როგორც იქნა, თვალებში გამოვიხედე (იცინის). სიყვარულმა ჩემზე კარგად იმოქმედა, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ პრაქტიკულად, ვერაფერს ვაკეთებ, ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ, შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზა ავიღე (იცინის).
ახლა ერთიანად შევუდგები საქმეს, ახალ სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას – ერთდროულად ორ სპექტაკლზე. ერთი თოჯინური მიუზიკლია, რომელიც მაისის ბოლოს გამოვა, მეორეს უფრო დიდი ხანი დასჭირდება, რადგან სიმფონიურ ორკესტრთან ერთად უნდა ვიმუშაოთ და ალბათ, წელიწად-ნახევარში გამოვა.
მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ერთი თვე, ამოვისუნთქო, დავისვენო, მივხედო საბავშვო მუსიკალურ თეატრს, სპექტაკლს, ჩემს თავს, შვილს. ელენეც ჩართულია ამ ამბებში, იმიტომ, რომ საგუნდო-სადირიჟოროზე სწავლობს კონსერვატორიაში, კარგად მღერის და გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლე გახდება, მისგან მუსიკალური მხარდაჭერაც მაქვს. აქაც ტანდემი გვაქვს, საერთო საქმე გვაკავშირებს.
– ესე იგი, საქმეშიც ერთად ხართ.
– საერთოდ, ჩვენი ურთიერთობა საქმიდან გამომდინარე შედგა. სპექტაკლ „საშობაო სიმღერისთვის“ ავიყვანე, რადგან არაჩვეულებრივად მღერის. ყველაფერი საქმიანი ურთიერთობით დაიწყო და მერე სწორედ ამ პროცესში მოხდა ჩვენი დაახლოება. ერთ ენაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ჯერ – მუსიკალურად და შემდეგ – ცხოვრებისეულად.
– როგორ შეგცვალათ სიყვარულმა?
– თითქოს, თავიდან იბადები და იწყებ ურთიერთობის აწყობას. თავიდან სწავლობ იმას, რაც თითქოს, უკვე გაიარე. აქ სულ სხვანაირადაა და რა თქმა უნდა, უფრო ბედნიერი ხარ. თუმცა, წინა ურთიერთობაშიც ბედნიერი ვიყავი და ძალიან ბედნიერი შვილი მყავს, რომელიც უკვე 16 წლის გახდა. თუმცა, ალბათ, ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რაღაცები იცვლება და შესაბამისად, შენც იცვლები ან შენი დამოკიდებულება რაღაცების მიმართ. რაც წარსულში კარგი იყო, წარსულში დარჩა, რაც ახლა არის, იმედია, უფრო მეტი და ლაღი იქნება. საერთოდ, მე მომხრე ვარ, ყველას ერთმანეთი უყვარდეს. არ ვიცი, ეს ცხოვრებაში რამდენად გამოდის, მაგრამ მე ძალიან შეყვარებული ვარ.
– უკვე ქორწინებასთან დაკავშირებითაც გაქვთ გეგმები?
– კი, ჯერ თარიღი და დრო არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ ყველაფერი ასე მიდის.
– როგორც ჩანს, საქმე და სიყვარული ერთად მშვენივრად გამოგდით.
– ჩვენთვის ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ, რომ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, რასაც მუსიკა ჰქვია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ „დისნეის“ ორ მხატვრულ ფილმზე: „მოანა 2“ და „მუფასა“. ორივე ფილმის ვოკალური პარტიები ჩემ მიერაა გახმოვანებული ჩემივე ტექსტებით, რაც უკვე კინოთეატრებში ნახა მაყურებელმა. ელენეც თვითონ შეარჩია „დისნეის“ კომპანიამ ქასთინგის გზით და სამი თვის განმავლობაში ამაზე ერთად ვმუშაობდით.
– როგორც თქვით, შვილი უკვე 16 წლისაა, როგორია თინეიჯერი გოგოს მამობა?
– ძალიან მაგარია. მე ძალიან ლიბერალი მამა ვარ. არასოდეს გამომიჩენია უნდობლობა ჩემი შვილის მიმართ, არასდროს ამიკრძალავს მისთვის რამე. თუ შვილი გენდობა, ორივე კარგად გრძნობთ თავს. ჩემი შვილი ასეთ გარემოში გაიზარდა. ჩემი ყოფილი მეუღლეც ზუსტად ამ დამოკიდებულებისაა. მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ. ამას ისიც ემატება, რომ ჩემთან ერთად დაიწყო მუშაობა, როცა საბავშვო მუსიკალური თეატრი ჩამოვაყალიბეთ. ჩემთან ერთად თამაშობს სპექტაკლებშიც. რომ ვთქვა, მასთან ურთიერთობაში სერიოზულ თინეიჯერულ პრობლემებს ვაწყდები-მეთქი, მოგატყუებთ. უკვე დიდი გოგოა, მაგრამ სწავლის მხრივ თუ გვხვდება პრობლემა, აქაც გვაქვს ჩვენი მიდგომები. მე არასდროს ვთხოვ ნუცას ნიშნებს. ვეუბნები, „სემესტრის ბოლოს ვნახოთ“. ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი, სულ არ მჭირდება, ყოველდღე ათიანები მოჰქონდეს.
– ნუცას და ელენეს როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ?
– ნუცა და ელენე უკვე ოთხი წელია, ერთმანეთს იცნობენ. მათი ურთიერთობა ჩემით არ დაწყებულა. თეატრიდან დაიწყო და ნელ-ნელა განვითარდა. ნუცამ ძალიან კარგად მიიღო ეს ფაქტი, რაც მახარებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდებოდი. ისინი მანამდეც მეგობრობდნენ და ძალიან მიხარია, რომ ასეა.
– რაც შეეხება სპექტაკლს „პატარა საოცრებას“, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და თითქოს, მცირე სკანდელი მოჰყვა. რისი თქმა შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით?
– ეს სპექტაკლი მე გავაკეთე და ჩემი თვალსაზრისით, არანაირად არ არის სკანდალური. არა მარტო ჩემი აზრით, ვისაც ნანახი აქვს, დამეთანხმება. ვისაც სურვილი აქვს ნახოს, სიამოვნებით ვეპატიჟებიი.
ეს გახლავთ ცნობილი მწერლის, როალდ დალის მოთხრობა „მატილადას“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. ეს მოთხრობა კი 9-13 წლის ასაკის ბავშვების საკითხავ ლიტერატურას წარმოადგენს. მას ინგლისში გადიან, როგორც სასკოლო მასალას. როგორც მოგეხსენებათ, როალდ დალი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული მეზღაპრე. მისი ბევრი ნაწარმოები დადგმულა სცენაზე და ფილმებიც არის გადაღებული, მათ შორის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“. რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს, როგორც გითხარით, ეს სწორედ ამ ზღაპრის მიხედვით არის გაკეთებული. ერთ-ერთ უგუნური, გაუნათლებელი დედისა და მამის ოჯახში ჩნდება გენიოსი ბავშვი, რომელიც თვითონ იწყებს საკუთარი თავის ზრდას, წიგნების კითხვას და განვითარებას. ეს აღიზიანებთ მშობლებს, რადგან ბავშვი უკვე მათზე ჭკვიანია. ამის გამო მას სჯიან და უშვებენ სკოლა-ინტერნატში, სადაც ძალიან ცუდი დირექტორი ხვდება – ასევე, ტირანი და დიქტატორი. ეს ბავშვი იქაც უმკლავდება პრობლემებს უკვე თანაკლასელებთან ერთად. ეს ამბავი არის ამბოხზე, იმაზე, რომ არ უნდა შეეგუო უსამართლობას და თავი არავის დააჩაგვრინო. იმაზე, რომ ბავშვებს სჭირდებათ სიყვარული, სიხარული და ბედნიერება. რომ ბავშვთა უფლებები არ უნდა იყოს შელახული. ყველაფერი ძალიან კარგად მთავრდება ერთი კეთილი მასწავლებლის დახმარებით და იწყება ბედნიერი ცხოვრება.
ის, რაც დაიწერა სოციალურ ქსელში ამ სპექტაკლთან დაკავშირებით – „გაუფრთხილდით ბავშვებს“, დამერწმუნეთ, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის, ბავშვებს ამ სპექტაკლით საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ და გასაფრთხილებელი არაფერი სჭირთ. ეს გახლავთ საქართველოში ერთადერთი საბავშვო მუსიკალური თეატრი, მიუზიკლების განხრით, რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად თამაშობს 16 გულწრფელი ბავშვი. თუ ადამიანი სპექტაკლის შესახებ წერს – „გაუფრთხილდით ბავშვებს“, მაშინ, როცა ის საერთოდ არ აქვს ნანახი და ნაწარმოებიც კი არ წაუკითხავს, ანუ, ასეთ პოსტს, უბრალოდ, ვიღაცის მოყოლილიდან გამომდინარე წერს, ეს მხოლოდ ჩემთვის კი არა, ზოგადად, მიუღებელია. მე ამ ადამიანს და ყველას, ვინც მას კომენტარებში აჰყვა, ვეპატიჟები სპექტაკლის სანახავად. ბევრმა სკოლამ უარი მითხრა ამ მიზეზით სპექტაკლზე დასწრებაზე, ისე, რომ არც უნახავთ. სახელი ებღალება მოზარდ მაყურებელთა თეატრსაც, რადგან მე აქ ვმუშაობ.
ამ სპექტაკლში ბიჭს გოგოს ეძახიანო, აპროტესტებდა ერთი ქალბატონი და სინამდვილეში, მშობლები, უბრალოდ, არ აღიარებენ შვილს, აქ სქესზე არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, დასცინიან, ხან ბიჭია, ხან გოგოა, ხან ბაყაყი და ასე შემდეგ. ამისი სხვა კონტექსტით გამოყენება მიუღებელია, ძალიან ჭუჭყიანი საქმეა ასეთი დამოკიდებულება. სპექტაკლი, რომელიც არის სიკეთეზე, იმაზე, რომ ბავშვებმა კარგ გარემოში უნდა იცხოვრონ, რომ მოსიყვარულე მშობლები უნდა ჰყავდეთ, თან ყველაფერი კეთილად მთავრდება, მინიმუმ, ხომ უნდა ნახო, სანამ რამეს დაწერ?! შეიძლება, ანათემას გადამცენ, თუ გაიგებენ, რომ „ფრთხილად, ადამსებში“ სასაფლაოზე ხდება მოქმედება და ცეკვავენ. ყველაფერზე შეიძლება, მომდონ შარი. მეტსაც გეტყვით, თვითონ ამ სპექტაკლში პირადად მე დირექტორ ქალს ვთამაშობ, დიდი მკერდით. ეს რომ იყოს მისთვის ცნობილი, ხომ წარმოგიდგენიათ, რაში დამადანაშაულებენ?! სამწუხაროდ, ასეთი შედეგი დგება, როცა რაღაცას ყურმოკვრით გავიგებთ და უნახავად ვწერთ ან ვსაუბრობთ მასზე. მინდა, ყველა დავაწყნარო, არაჩვეულებრივი ბავშვები და მსახიობები მუშაობენ ამ სპექტაკლზე. ყველაფერი ძალიან კარგად არის.