“თუ ბოტი მოინდომებს, ხომ ვიცით უკვე, რომ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრასაც დაგაბრალებენ”

426

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს.

“ეს ჩემი ზვიგენი ბავშვი მენატრება. ვერ ვურეკავ. ვიდეოში მხედავს და იწყებს ტირილს. მირჩევნია ეს სტრესი არ დავუმატო ბუბისაც და ჩემს თავსაც. მონატრება ნერვიულობაა. ნერვიულობა კი იმუნოდეფიციტია. და იმუნიტეტი ისაა, რაც ახლა მე ძალიან მჭირდება, რომ აქედან მალე გამოვძვრე და ისევ ჩავეხუტო ამათ. დავუბრუნდე ჩვეული ცხოვრების რიტმს და ახალ სამსახურს, რომელსაც მთელი გეგმები ავურიე.

გუშინ ვიფიქრე, მოდი, ერთი რას წერენ ჩემზე ბოტები მეთქი და დავიწყე კითხვა. ზოგადად, არ ვარ ეგეთი “ქუუულ” მეკიდოს ჩემზე ვინმე ცუდს რომ წერს, თუნდაც ბოტი. მაგრამ გუშინ მივხვდი, რომ ამ ფობიის დასაძლევად კარგი თერაპიაა იკითხო ეს ზიზღით, ღვარძლით, ტყუილით სავსე კომენტარები და მოიშინაურო აგრესია. და აშკარად ვგრძობ უკეთესობას და თვითირონიას:) აწი რომ დაწერენ არც წავიკითხავ. ყველა ნეგატიური მესიჯი ერთი შინაარსისაა. ცნობისმოყვარეობაც მოვიკალი.

და აი, რას წერდნენ: ფული აიღე? რატომ იტყუები? ამ კორონას დროს მაკიაჟისთვის გცალია? (სააგენტოებს ფოტოები რომ მიაქვთ გონიათ, რომ აქ ვიღებ). ზოგი ასე წერს: ბოჭორიშვილი სამარცხვინო!!! dacere dampalo ra ghirs?! ზოგიც ასე: tvini hejame!!

ცხადია, უფრო მეტი მგულშემატკივრობს. დიდი მადლობა. ეს ყურადღება მართლა გაძლევს ძალას დაამარცხო უფრო მარტივად ვირუსი. ისე მიყვარხართ, უხ 😍 მაგრამ ახლა ბოტუნიებზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა:)

ვინც წერს, რომ ეს ყველაფერი მოვიგონე ძირითადად ბოტები და ტროლები არიან. ჩავყევი (ბევრი დრო მაქვს აქ) და აღმოვაჩინე ეს ხალხი თეონა ცხომელიძის ქვემოთ, იგივე მესიჯ-ბოქსით. არ მგონია, მთლად უწყინარი განზრახვა ქონდეთ. ასეთი დასკვნა გამოვიტანე: კორონას გარშემო ორი ორგანიზებული კამპანიაა. ერთი იატაკქვეშ მიდის და მიზანია გამოჩნდეს, რომ ვითომ არსებობს ვიღაც ბრიყვი და შეუგნებელი ხალხი (რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანია); და მათ უნდა იხავლონ, რომ კორონა არ არსებობს, რომ უნდა დავიკიდოთ პირბადეები და არ დავიხრჩოთ. ხოლო ამ “ხალხით” შეღონებულმა სახელმწიფომ (რომელსაც ეს სიმულირებული სიჩლუნგე თითქოს მხრებზე აწევს), ისევ ჩვენს უპასუხისმგებლობაზე უნდა ამტვრიოს ჯოხი, რისთვისაც შეგნებულებმა მადლობები უნდა ვუხადოთ. ხუმრობა ამბავია კორონას და სიბნელეს ერთად ებრძოლო?

რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კორონას არარსებობა ამ ქვეყანაში მხოლოდ ბოტებს სჯერა, მაგრამ ჩემი, თეონასი და სხვა ინფიცირებულთა შესახებ ნიუსები, რომ უამრავ საეჭვო ფეიჯს ორგანიზებულად აქვს დაშეარებული ერთიანი მესიჯბოქსით ამას მარტივი ლოგიკაც ცხადყოფს.

ერთი რამ ვიცი, ყველას გვინდა რომ სახელმწიფომ ეს ვირუსი დაამარცხოს.
იმიტომ რომ ეს სახელმწიფოა ჩვენია და არა ვიღაც ქალის. ამიტომ ჩასაფრების დრო არაა. კრიტიკა უნდა აღქმულ იქნას, როგორც კრიტიკა და არა როგორც ფეხის მიჭერა მტკივნეულ ადგილას.

უი, კიდევ გავიგე, რომ ჩაქვში ვიყავი; რომ სამსახურში სიცხიანი დავდიოდი; რომ რესტორნებში დავდიოდი და გადავკოცნე 100 კაცი; რომ ვითომ ვიკა კი ვარ, ლიკა ვარ და სინამდვილეში არ ვარ და აშ. ნუ, ეს ჭორები ძალიან ბანალურად მოსალოდნელი იყო. მე და ნიორი ვხუმრობდით, რომ ჩაქვის ვერსია არ მოგვწონს და ეს გვირჩევნია: NY-ში გაგვიშვეს ჩარტერით გადაცემის ტანსაცმელზე. და იქიდან ჩამოვიტანეთ ვირუსი (ეს სათაური იქნება ვატყობ). მაგრამ გიორგი ნიორაძეა უარყოფითი და ეგ ვერსიაც არ გამოგვდის მთლად დამაჯერებელი.

მაგრამ დამაჯერებლობას რა მნიშვნელობა აქვს? თუ ბოტო მოინდომებს, ხომ ვიცით უკვე, რომ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის
გათხრასაც დაგაბრალებენ” – წერს ბუკია.