დათუნა ტატულაშვილი არც ისე დიდიხანია, რაც „ტიკ-ტოკზე” გამოჩნდა და ეს პლატფორმა მისთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა, თუმცა პოპულარობამ ცოტაოდენი ბულინგი და წყევლა-კრულვაც მოიყოლა მის ცხოვრებაში, რაც ზოგადად სოციალურ ქსელებში „მიღებულია”. მერე „შაბათის შოუშიც” მიიწვიეს და ახალ გარემოში მალე დამკვიდრდა. როგორც „სარკესთან” ამბობს, მისი საბოლოო მიზანი მაინც ტელევიზიაა და მომავალში თავს წამყვანის ამპლუაში ხედავს.
რაც შეეხება იმას, ეკრანის მიღმა როგორია მისი პირადი ცხოვრება, ვინ არიან მისი ყველაზე ახლობელი ადამიანები, როგორი სიყვარული შეუძლია და რა ამშვიდებს სულიერად, როცა პრობლემების წინაშე დგას, შოუმენი, იგივე ტიკტოკერი, დათუნა ტატულაშვილი „სარკესთან” დაუფარავად ყვება.
– დათუნა, დიდი ხანი არ არის, რაც ინტერნეტსივრცეში გამოჩნდით, მაგრამ შეძელით, ათასობით ნახვა ჰქონდეს თქვენს ვიდეოებს. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ტიკტოკერობის იდეა.
– რომ ვთქვა, დიდი მოყვარული ვიყავი ვიდეოების გადაღების-მეთქი, მართალი არ ვიქნები. უბრალოდ, ის ვიდეოები დავდე, რასაც მეგობრებთან ერთად გასართობად ვიღებდი და მაშინვე „გავარდა”. სრულიად მოულოდნელი იყო, მეორე დილით ვნახე და უამრავი მოწონება ჰქონდა. ანალიტიკას რომ ვამოწმებ ხოლმე, უმეტესწილად 18-დან 24 წლამდეა ჩემი მაყურებელი.
– დასაწყისში თითოეული ლაიქი და კომენტარი ალბათ განსაკუთრებით გახარებდათ.
– მახარებდა, მაგრამ უფრო მიკვირდა. არ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ დააინტერესებდა ჩემი იუმორი.
– ადვილი არ არის, ქართველ მაყურებელს თავი მოაწონო. იყო ბულინგის პერიოდი თუ თავიდანვე დადებითად შეხვდნენ თქვენს ვიდეოებს?
– რაც გამოვჩნდი სოციალურ ქსელებში, არანაირი ნეგატივი არ მახსოვს. “ფეისბუქზეც” კი არ ყოფილა ცუდი კომენტარები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეფასებას, ქალბატონები რომ მიწერდნენ. რამდენიმემ გემრიელად მომაწყევლა კიდეც.
– რა დაგიწუნეს?
– ერთი ცეკვის ვიდეოა, რომელსაც ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მოკლედ, დედაჩემის ტანსაცმელი მოვირგე და უცხოელი გეი პერსონაჟი განვასახიერე. ზოგმა ჩათვალა, რომ, როგორც იმ ვიდეოში გამოვიყურები, რეალურადაც ასეთი ტიპაჟი ვარ და კომენტარებში მიწერდნენ, დედაშენმა სადაც გაგაჩინა, იქვე უნდა დაეტოვებინეო, შენ რა გასაზრდელი იყავიო და ა. შ.
– თქვენს გამოგონილ პერსონაჟებთან ხშირად გაიგივებენ?
– არის ასეთი შემთხვევებიც. ერთხელ ქუჩაში მომივიდა ძალიან მაგარი ჩხუბი დარტყმა-დაგდებაზე. შეიკრიბა ხალხი, იყო ერთი ამბავი. როცა ყველაფერი დამთავრდა, გამოვედი ამაყად, გამარჯვებული, თავი დიდი ვინმე მეგონა. ამ დროს ვიღაც ბავშვი გამომეკიდა და ენის მოჩლექით დამიძახა, ნონაა, ნონაო. ეს იყო ძალიან საშინელი მომენტი!
თავიდან, ვიდეოები რომ “გავარდა”, ცოტა ხანი პაუზა ავიღე. თითქმის ერთი წელი არ გამოვჩენილვარ. ზოგადად, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ვიფიქრე, რომ რაღაც სხვა მჭირდებოდა, ვიდრე ტიკტოკერობა იყო. გარდა ამისა, ცოტა კომპლექსიც მქონდა. მაინც მეშინოდა, როგორ მიიღებდა ხალხი ჩემს იუმორს და როგორი გამოხმაურება ექნებოდა. მაგის გამო რამდენჯერმე ტიკ-ტოკი წავშალე კიდეც.
ახლობელი რომ გეტყვის, იცი, რა, არ გინდა არასერიოზულობაო, მისი სიტყვები შენს განწყობაზე მოქმედებს. ძალიან ბევრი ახლობელი მირჩევდა, შეეშვიო. არ ვიცი, რცხვენოდათ თუ კომპლექსდებოდნენ ჩემ მაგივრად. საბოლოოდ ჩემმა სურვილმა გაიმარჯვა და ახლა სხვებსაც მოვუწოდებ, არავის დაუჯერონ, რაც უნდათ, ის აკეთონ. რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში.
– საერთოდ, რა განათლება გაქვთ მიღებული, რა პროფესიის ხართ?
– ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, თუმცა არ ჩამიბარებია. ზარმაცი ვიყავი, სწავლა არ მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე ჯარში გამომიძახეს. ჯარი მოვიხადე და ჩავთვალე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, უნდა დამესვენა. მერე სამსახური გამომიჩნდა. ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა, მერე აფთიაქში ცოტა ხანი და ამის შემდეგ დავუბრუნდი ტიკ-ტოკს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტიკ-ტოკი არის ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო. ამ პლატფორმაზე ბევრად მეტი თანხის გამომუშავება შემიძლია, ვიდრე სხვა სამსახურში, სპონსორებისა და რეკლამების დახმარებით, როცა პროდუქციის რეკლამირებას მთხოვენ.
– თქვენს ვიდეოებში ხშირად აკრიტიკებთ იმ ადამიანებს, ტყუილში რომ ცხოვრობენ. მათი ხასიათი კარგად გაქვთ დაჭერილი.
– ბევრს დაუნახავს საკუთარი თავი და დაეჭვებულა, მე ხომ არ ვარო. დედაჩემი ნახა ჩუმად რამდენიმე ქალბატონმა და ჰკითხეს, ჩვენ ხომ არ გვაჯავრებსო. ზუსტი პროტოტიპი, რა თქმა უნდა, არ მყავს, მაგრამ პატარ-პატარა რაღაცები ჩემი ნაცნობებისგან ნამდვილად მაქვს აღებული და დაჭერილი.
ვიდეოებში ჩემი ბავშვობის რამდენიმე ამბავიც გადმოვეცი. მათ შორის არის ტორტის ისტორიაც, ცოტა სევდიანი რომ გამოვიდა, უშუალოდ მე გადამხდა თავს. ბავშვობაში პატარები ერთმანეთს ვეპატიჟებოდით დაბადების დღეზე. ოჯახში რომ შევიდოდით, ყველა ასე ვამბობდით, დედაჩემმა დამაბარა, საჩუქარს მერე მოგიტანო. გვეგონა, კარგ რაღაცას ნიშნავდა. ერთმა მშობელმა გაიგონა, მეც რომ ასე ვთქვი და გვერდით მდგომს ჩასჩურჩულა: “საჩუქრის მომტანები არიან ესენი?”
– როგორი ბავშვობა გქონდათ?
– ლოტკინზე ვცხოვრობ, სადაც მთელი სამეზობლოს ბავშვები ერთად ვიზრდებოდით. კერძო სახლები გვაქვს და ერთმანეთის ეზოებში ვთამაშობდით, თბილისის ზღვაც ახლოსაა და იქ მივდიოდით გასართობად. ბავშვობის ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. 2004-2005 წლებში ქუჩაში დავრბოდით ყვავილებით ხელში და, ვარდების რევოლუციაო, ვყვიროდით.
– ტიკ-ტოკზე წარმატების შემდეგ “შაბათის შოუში” მიგიწვიეს. გაიხსენეთ, ეს წინადადება როგორ მიიღეთ, რა რეაქცია გქონდათ.
– აგვისტოს კარგი, ცხელი დღე იყო, როცა ვანო ჯავახიშვილმა მომწერა, რომ უნდოდათ, მათთან სტაჟირებაზე მივსულიყავი. მეც დავთანხმდი. ერთი თვის შემდეგ ხელშეკრულება გამიფორმეს და ორი წელია “შაბათის შოუს” გუნდის წევრი ვარ. არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ.
– პოპულარული და სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭი ხართ, გვიამბეთ, პირად ცხოვრებაში რა ხდება.
– ერთხელ ვიყავი შეყვარებული და იმ სიყვარულმა დამღუპა… 19 წლის ასაკში ერთი გოგო შემიყვარდა. მორცხვი ვიყავი, თქმა ვერ გავბედე. ასე მიყვარდა, მიყვარდა და ამ ტანჯვა-წამებაში წნევებმა ამიწია. სასწრაფოს სასწრაფოზე ვიძახებდი. 19 წლის ბიჭს წნევა 220 მქონდა. პირდაპირი მნიშვნელობით ვკვდებოდი.
მერე ვთქვი, დათუნა, არ მოკვდე, კარგად უნდა იყო, შენ დიდი მომავალი გაქვს-მეთქი და გამოვძვერი. მაინც ვერ ვუთხარი, რომ მიყვარდა. ახლა მას თავისი ცხოვრება აქვს, ჩემთვის წარსულია, მაგრამ დღემდე გამომყვა რაღაც ისეთი, რის გამოც მომავალში უფრო ძნელად შევიყვარებ ადამიანს.
სიმართლე გითხრათ, ახლა არც მინდა შეყვარებული. ბედნიერი და თავისუფალი ვარ. საკუთარ თავს ყველა სურვილს ვუსრულებ. დიდად პასუხისმგებლობის მქონე არ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ დიდხანს ვერ ვიცხოვრებ ერთ ადამიანთან, ამიტომაც ჯობია, სხვა განხრით მეტად დავიტვირთო და სიყვარულზე ნაკლებად ვიფიქრო.
– ოჯახური ურთიერთობები თქვენს ვიდეოებში მთავარი თემაა. საკუთარ ოჯახზე, მშობლებზე რას გვეტყვით?
– ოჯახში ვცხოვრობთ მე, ბებია, ჩემი ძმა და დედაჩემი. მამა 8 წელია ამერიკაშია. ძმას ვაჩენ ხოლმე ხანდახან ვიდეოებში, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, დიდად არ უყვარს სოციალური ქსელები. “შაბათის შოუს” ბებიაჩემი ჩასაფრებული ელოდება. დედა ძალიან დაღლილი მოდის, ადრე იძინებს და ვერ უყურებს გადაცემას. მამა, როგორც გითხარით, ამერიკაშია და იქ სხვა რეჟიმია ცხოვრების. მოკლედ, ჩემი ყველაზე მაგარი გულშემატკივარი ბებიაა.
ოჯახში კიდევ ორი ოთხფეხა წევრი გვყავს – ფრანგული ბულდოგი და პუდელი. იცით, პირველი სესხი ბანკიდან რისთვის გამოვიტანე? ძაღლი ვიყიდე განვადებით. განვადება იყო რვაასლარიანი და ეს თანხა ოთხი წელი ვიხადე. პატარა ვიყავი, 18 წლის. მერე გაბრაზებული ძაღლს ვლანძღავდი. “მამიკო” ვარ და შვილებს არ უნდა ვასხვავებდე, მაგრამ ჩემი პუდელი უფრო ერთგულია. ბულდოგი რომ მოიტაცონ, ახალ პატრონსაც შეეგუება, ცანცარაა.
– როგორც ვიცი, კიდევ ერთი გატაცება გაქვთ, მებაღეობა. ეზოს თავად უვლით. ეს საქმე როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
– თავისუფალ დროს მიყვარს ჩემს ეზოში ყავის დალევა. ბაღში ვარდების კოლექცია მაქვს. მიწასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ვყიდულობ ახალ-ახალ ნერგებს და ეზოს ვალამაზებ. ორ წელიწადში სახლში პატარა “გარდენიე შევარდნაძე” მექნება.
ხეები არ მიყვარს. მინდა, ეზო ანათებდეს, ხეებმა კი ჩრდილი იცის. გარშემო ყველაფერი მინიატურული და ულამაზესი უნდა იყოს. ძალიან დიდი პრობლემის წინაშეც რომ ვმდგარვარ, ჩემს ეზოს, ჩემს ყვავილებს დავუმშვიდებივარ.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?
– რატომღაც მგონია, რომ მომავალშიც ტელევიზიაში ვიქნები. არა იმიტომ, რომ პოპულარობა მომწონს, სოციალური ქსელებიდან ეს მაინც მექნებოდა, უბრალოდ, ტელევიზიის გარემო მიყვარს – დატვირთული გრაფიკი, გადარბენები. როცა ბევრი საქმე გაქვს, უფრო მეტის გაკეთებას ასწრებ. ბავშვობიდან მიყვარდა დილის გადაცემები. სკოლაში რომ მივდიოდი და ადგომა მეზარებოდა, ტელევიზორს ვრთავდი და მშურდა იმ წამყვარების, რომლებიც უკვე მოწესრიგებულები და მომღიმარები გვიყურებდნენ ტელეეკრანებიდან. დილის გადაცემის წამყვანობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა.