„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია, კორონავირუსით დაინფიცირებიდან მერვე დღეზე სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ მე-8 დღე იყო და ყველაზე მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ღამე, 39.2, სუნთქვა ცოტა გახშირდა და ხველაც. ჟანგბადი დამიმატეს. თავიდან გაჯიუტდა ტემპერატურა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოიწია. დილით 38-38.5 მაქვს ხოლმე ბოლო 3 დღეა.
ასე ცოდნია ვირუსს, რომელიც მესამე დღეა უკვე თავისი ძალის დემონსტრირებას მიჩვენებს. ამას ვწერ იმათთვის, ვინც ამბობს: “ერთი ჩვეულებრივი ვირუსია”… ბევრი იცით ვირუსი, რომელიც ამდენი დღე უსიმპტომობაში გამყოფებს და 1 კვირის შემდეგ გიტევს. მსგავსი არასდროს არაფერი მქონია. ნუ, კოვიდიც პირველად დამემართა. დღეს კატეს გამიკეთებენ. ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. ლევანი ისევ ისეა, მაგრამ ახლა ამბობს, ყელის ტკივილი დამეწყოო კატე უწევს ლევანსაც.
წინასწარ მეუბნებიან, რომ ანთება თუ მექნება, პანიკაში არ ჩავვარდე. ასეთი მიმდინარეობის დროს ეს მოსალოდნელიაო. ხანდახან ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ საღამოობით ცოტა შიში შემეპარება. მერე ლევანი შემომძახებს ხოლმე თავისი ომახიანი ხმით და მოვდივარ აზრზე. ხანდახან ძალიან მეზარება წერა აქ და კაკუნი. მაგრამ როგორც კი დავაგვიანებ ინბოქსში მწერენ: არიქა, როგორ ხარო. ჰოდა, ასე ვარ. მგონია, რომ რაღაც თამაშია. და უნდა ვითამაშო, სხვა რა გზაა?! დამარტყამს – დავარტყამ მეც. დამარტყამს – დავარტყამ და ერთხელაც ისე ვგლიჯავ გავაფრენ ამერიკაში.
ამერიკას რას ვერჩი, გამოთქმაა ასეთი.
სხვა ყველაფერი ისევ ისეა. ვწევართ, ვდგებით, ვკითხულობთ, გვჩხლეტენ, ვიცინით, ხან არაფრის თავი არ გვაქვს.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი იქნება აი, ასე “, – წერს სოციალურ ქსელში ვიკა ბუკია.