ბარბარა სამხარაძის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ბარბარა სამხარაძე?
ბარბარა სამხარაძე: ბევრისთვის ნაცნობი და ბევრისთვის უცნობი ადამიანი. რამდენადაც მიცნობენ, იმდენად არ იციან, როგორი ვარ რეალურად. არ ვარ პროგნოზირებადი ადამიანი. ხან ძალიან მხიარული ვარ, ხან ძალიან სევდიანი. ნამდვილად მაქვს ხასიათი, რომლითაც ხალხი მიცნობს – თბილი, მოსიყვარულე, როგორც თვითონ მახასიათებენ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ასეთი არ ვარ.
– როგორია შენი საოცნებო ცხოვრება?
– ჩემი საოცნებო ცხოვრება იტალიაში წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს იტალია, მათი კულტურა. იტალიის პატარა სოფელში ყოფნაც საკმარისი მგონია ჩემი ოცნების ასასრულებლად. ასევე, ძალიან მინდა „გრემი“ მოვიგო და ვიყო პირველი ქართველი, რომელიც გაარღვევს საზღვრებს კიდევ უფრო დიდი მიზნებისკენ.
– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?
– თავიდან ბოლომდე ემოცია ვარ. ერთი შეხედვით, გულჩვილი ნაკლებად ვჩანვარ, მაგრამ ვარ.
– ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგო, რას გააკეთებდი?
– ალბათ, დავაბანდებდი მუსიკალური მიმართულებით. ჩემს სტუდიას გავაკეთებდი კარგად, ტექნიკურად გავმართავდი, რომ ჩემს თავზე ბევრი მემუშავა. მოკლედ, რომ ვთქვა, ჩემს თავში დავაბანდებდი. მერე მიღებული შედეგით ბევრ ჩემს მიზანს განვახორციელებდი.
– გიოცნებია, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავი ძალიან პოპულარული და წარმატებული?
– კი, ეს ძალიან მინდა, მაგრამ მთავარია, ჩემი პროფესიით ვიყო ძალიან წარმატებული. ახლა „ტიკ-ტოკის“ ეპოქაა, ინტერნეტპლატფორმების მეშვეობით შეიძლება, უამრავი მიზეზით გახდე პოპულარული, რაც არაპროგნოზირებადია. მე ეს არ მინდა, მინდა, ჩემი კარგი სიმღერით გავითქვა სახელი მთელ მსოფლიოში.
– წარსულიდან რა მიგაჩნია შენს მცდარ ნაბიჯად?
– ამ ეტაპისთვის ასეთი არაფერი მახსენდება. თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადამიდგამს, აქამდე მოსვლაში დამეხმარა.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენია…
– ცოტა ხნის წინ, ანუ, მას შემდეგ, რაც წონაში დავიკელი, მე და ჩემი და ვიყავით სადღაც. ჩემი და იცნეს, შენ ხომ ბარბარა სამხარაძის და ხარო? მერე მე შემომხედეს და შენ ხარ, ხო, ბარბარაო? შენი დით გიცანითო, მითხრეს (იცინის). იმდენად შვიცვალე, რომ სახელი და გვარი თუ არ ვთქვი, ხალხს უჭირს ჩემი ცნობა და დაჯერება, რომ ნამდვილად მე ვარ (იცინის). ეს არც ისე სასიამოვნოა, თუმცა, რაღაც მხრივ, ესეც კარგია, ყველაფერს თავისი დრო აქვს (იცინის). ასეთსაც მიმეჩვევიან.
ერთხელ კიდევ, ერთმა ქალბატონმა ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრა და ბოლოს დააყოლა, ჩემს შვილსაც ძალიან უყვარხარ, მარიამო (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავს?
– იმათთანაც კი არ მიმეგობრია ბავშვობაში, თუნდაც ხილს რომ იპარავდა. ჩემს საკუთარ ეზოშიც კი, ხილს რომ ვწყვეტდი, ვკითხულობდი, შეიძლება თუ არა-მეთქი?! (იცინის). ახლაც, ბაღში რომ გავდივარ, ვამბობ, წავედი, ვაშლი უნდა ვჭამო, თითქოს, ნებართვას ვიღებ (იცინის).
– როგორი დამოკიდებულება გაქვს ტყუილთან და თუ ისწავლე მატყუარა ადამიანების ამოცნობა?
– მატყუარა ადამიანების ამოცნობა მე კი არა, ამქვეყნად არავინ არ იცის, იმდენად ოსტატურად ინიღბებიან. ტყუილი არის ის, რაც მანგრევს. როცა მატყუებენ და ამას ვხვდები, ძალიან მიჭირს გადატანა. ძალიან რთული გადასატანია, რომ ადამიანს, რომელიც, თურმე, გატყუებდა, შენ გარკვეული დრო და რესურსი დაახარჯე. განა ის, რომ მან როგორ მოგატუა? არა! შენ როგორ ვერ მიხვდი? მსხვერპლის როლი ზუსტად ეს არის, საკუთარი თავი გგონია დამნაშავე ამაში. ძალიან ცუდი მომენტია. ტყუილი დამანგრეველია.