“ეგოისტი ვარ, მინდა გავაკეთო ის რასაც სხვა ვერ გააკეთებს”

72

ყვრიმალების გამოყვანა, ასაკის ათი-თხუთმეტი წლით მოპარვა და გაახალგაზრდავებული იერი – ამას სახის 3 D დაჭიმვა ანუ, Space lifting-ი ჰქვია. ამ მსოფლიოში პოპულარულ ოპერაციას ქალბატონები მაშინ მიმართავენ, როდესაც სახის ოვალი და ლოყები უკვე დაშვებულია და შემოპარული ასაკი არასიამოვნოდ თვალში საცემი ხდება.

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი – ციცინო შურღაია, ამ ოპერაციას მოსკოვში აკეთებდა და როგორც ამბობს, პაციენტები მასთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ქირურგი საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და აქ იღებს პაციენტებს.

როგორც ის “ზმნასთან” ინტერვიუში ამბობს, სახის 3 D დაჭიმვას და ბლეფაროპლასტიკას (თვალის ქუთუთოს ტომრების ოპერაცია) ხუთჯერ ნაკლებ ფასად აკეთებს, ვიდრე მსოფლიოში წამყვანი პლასტიკური ქირურგები.

ამბობს, რომ აქ სათანადოდ არ აფასებენ და ისეთ პატივს არ სცემენ, როგორც – რუსეთში.

ციცინო შურღაია: ჩემთან მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან პაციენტები. არ არსებობს ქვეყანა, საიდანაც ადამიანი არ მიმიღია. კონგო, ნიკარაგუა, იორდანია, ისრაელი ამერიკა, კანადა, ავსტრალია – რომელი ერთი ჩამოვთვალო. ომი რომ დაიწყო, რუსეთში ვეღარ ჩამოდიოდნენ. ამიტომ მე სამშობლოში დავბრუნდი და აქ ვაგრძელებ ჩემს საქმეს.

მე რეკლამას არასდროს ვიკეთებ. რეკლამა უსაზღვროდ დამამცირებელია ჩემთვის. დღეს ისეთი კომუნიკაციებია, რეკლამა არც უნდა გჭირდებოდეს. ვინც რეკლამას წაიკითხავს, ან ნახავს, ყველა რომ მოვიდეს, მე ამ დატვირთვას ვერ გავუძლებ.

რატომ ჩამოდიან ჩემთან? მათ იციან, რა ოპერაციას ვაკეთებ მე. ქირურგებს ჩვენი საქმე გვიწევს პოპულარიზაციას. ერთადერთი კაცი ახერხებს მერვე ნერვის ამოღებას ისე, რომ სახის ნერვს არ აზიანებს. ამიტომ მასთან რომ მოხვდე, ათი წლით ადრე უნდა ჩაეწერო. ცხვირს მსოფლიოში ერთი კაცი აკეთებს – ნაზიმ ჩერქეზი გერმანიაში. მასთანაც მთელი მსფოლიოდან ჩადიან. სფეის ლიფტინგს მხოლოდ მე არ ვაკეთებ, კიდევ ორი ადამიანი – მარტინი და მენდელსონი აკეთებს ჩემს გარდა, მაგრამ მათთან ასი ათასი დოლარი ღირს ეს ოპერაცია. ამიტომ ჩამოდიან ჩემთან, ეკონომიასაც აკეთებენ და ხარისხიც მოსწონათ, ალბათ.

– რა არის სფეის ლიფტინგი?

– ლოყაში არის სივრცე, ჩემოდანივით გვაქვს ლოყა, სადაც ბევრი კუნთია, სანერწყვე ჯირკვალია, სახის ნერვი და სანერწყვე ჯირკვლის სადინარია მოთავსებული. თუ სახის ნერვი და ეს სადინარი კარგად არ იცი, ორ დიდ გართულებას მიიღებ – სახის დამბლას და ნერწყვის უნებლიე გამოსვლას… ამ შემთხვევაში, ამ ზიანის ასანაზღაურებლად, სახლ-კარის გაყიდვა არ გეყოფა ქირურგს, კომპენსაციას ვერ აანაზღაურებ.

ჩემი ორი დისერტაცია სახის ნერვზე იყო. რადგან ვიცი, ვაკეთებ კიდეც ამ ოპერაციას. ამ ოპერაციას ვერ გააკეთებს ქირურგი, რომელმაც ნერვი არ იცის. გამორიცხულია.

ლოყებიდან ამომაქვს ჯიბეები. ყვრიმალი ზევით ადის. ეს სიბერის პრევენციაა, მერე მაკიაჟიც არ გჭირდება. ძალიან პოპლარული ოპერაციაა საზღვარგარეთ.

შედარებით ახალგარდა ასაკში უნდა გაიკეთო ბიშექტომია, მერე აღარ გექნება „მძიმე ლოყა“.

სფეის ლიფტინგის 2 ათასამდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული. თვალების ოპერაცია 20 ათასამდე, მარტო ყურზე მაქვს 2 ათასი ოპერაცია გაკეთებული.

 გამიგია, რომ ყურის ნიჟარის რთული ოპერაციები ჩაგიტარებიათ…

– საერთოდ, არ ჰქონიათ ყური და მე-6-7 და მე-8 ნეკნის შეხორცების ადგილს ვიღებ და ყურის ნიჟარა გამომყავს. ეს ნაგატას მეთოდია. დიდი ხნის წინ გავაკეთე საქართველოში. აფხაზეთის ომის დროს მოაჭრეს ამ ბიჭს ყური და მე აღვადგინე. მეგობრებმა მკითხეს, როგორ აღადგენ ყურსო? შემოდით და უყურეთ-მეთქი. გენიალური ქირურგი – ვახტანგ ხუციძე, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით “წოპე”, დაუძახებდა თურმე ამ სვან ბიჭს, აკვირდებოდა ყურზე და ჩემზე ამბობდა, როგორ გააკეთა, კაცოო. ამ ბიჭს ომის სინდრომი ჰქონდა, კიდევ არ მომჭრან ყურიო, ეშინოდა.

90-იან წლებში, თბილისის სამოქალაქო ომის დროს, მეომარს, რომელსაც ყურის შუა ზონა საერთოდ არ ჰქონდა, მე და ჩემმა პროფესორმა, უფასოდ გავუკეთეთ ოპერაცია. მე დამბლიან პაციენტებს უფასოდ ვუკეთებ ოპერაციებს. მე მიჯდება ეს ოპერაციები გარკვეული თანხები. ოპერაცია, რომელიც საზღვარგარეთ ღირს 50 ან 100 ათასი, აქ აფინანსებენ 1800 ლარით. ძვირფასი ძაფები, იმპლანტები უნდა გამოვიყენო და ძვირი მიჯდება. ამას არავინ აფასებს.

რუსეთმა მე რუსეთის საუკეთეოს ქირურგად ამირჩია. რუსეთუმე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, იქ უფრო გაფასებენ, ვიდრე – აქ.

ერთი გიორგი მოვიდა, 24 წლამდე არასდროს გაუცინია, დამბლა ჰქონდა. ოპერაცია და გადასხმები ჩემი სახსრებით გავუკეთე. მადლობა არ უთქვამს ჩემთვის სახელმწიფოს. გული მწყდება. ჩემი ჯანმრთელობა მაქვს გადადებული. საათობით ვზივარ ოპერაციაზე და ხერხემალი მტკივა. მიკრო ქირურგიის დაავადებაა.

სხვათა შორის, მოსკოვში თამარ გვერდწითელსაც აღმერთებენ. აქ ვინ აქცევს შესაბამის ყურადღებას? მაპატიოს თამრიკომ.

ციცინო შურღაია

– რისთვის აკეთებთ უფასო ოპერაციებს?

– მართალი გითხრათ? ეგოისტი ვარ. მინდა გავაკეთო ის, რასაც სხვა ვერ გააკეთებს (იცინის). იცით, რას ვეუბნები პაციენტს – მე ისე გაგიკეთებ, ვერ დამიწუნებ-მეთქი.

– კოლეგის შეცდომას რომ ასწორებთ, ეს მოგწონთ?

– მომწონს. მოსკოვში არ ყოფილა კაცი ქირურგი, რომლის შეცდომა მე არ გამესწორებინოს. და არ ყოფილა არც ერთი ქირურგი, რომელსაც ჩემს შემდეგ გადაეკეთებინოს ჩემი ნაოპერაციები. არ ყოფილა. არ ვტრაბახობ. ეს ფაქტია. მე თუ არა, აბა, ვინ გააკეთებს? ვამბობ და მე ჩემ თავს მუდმივად ვუმტკიცებ, შემიძლია თუ არა ყველაზე რთული ოპერაციის გაკეთება. მაქვს თუ არა უფლება ვიყო ექიმი? სულ ანალიზში ვარ.

 უკმაყოფილო არავინ მოსულა?

– ინტრიგან პაციენტებს რა დალევს. მე დავბრმავდი ოპერაციის მერეო, ერთმა მითხთრა. წამოდი ექიმთან-მეთქი. ვიყავი უკვეო. ატყობ, რომ იტყუება. ფულის უკან წაღება უნდა. არის პაციენტების შავი სია, რომელსაც ქირურგები ერთმანეთს გადავცემთ. ასეა მთელ მსოფლიოში.

– აქ ქირურგები კონკურენტად აღგიქვამენ?

– მე არავის კონკურენტი არ ვარ. არ ვაკეთებ იმას, რასაც სხვები. პაციენტი არავისთვის წამირთმევია. ჩემი პაციენტები მყავს უცხოეთიდან და ჩემთან სფეის ლიფტინგს იკეთებენ.

– რა ასაკის ქალბატონები გსტუმრობენ?

– ყველა სხვადასხვანაირად ბერდება. 34 წლის ქალისთვის გამიკეთებია ოპერაცია და 46 წლის ქალისთვის მითქვამს, ჯერ არ გინდა-მეთქი. სარკეში რომ შეხედავ თავს და არ მოგწონს, იკეთებ მაშინ. ეს არის ჩვენება და არა – ასაკი.

ტიმატი მარტინი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში. წავედი ანალიზებით. ვუყურე მის ოპერაციას, რვა საათნახევარი რომ აკეთა. კოლეგებმა მკითხეს, გაიკეთებ მასთან ოპერაციასო? არა-მეთქი. მე 1993 წელში ვაკეთებდი იმ ძველი მეთოდით. სამაგიეროდ, სახელი აქვს და ასი ათას დოლარად აკეთებს სფეის ლიფტინგს. ჩემთან მეხუთედ ფასად იკეთებენ იგივე ოპერაციას.

 და რამდენ ხანს აქვს ეფექტი?

– მინიმუმ ათი წელი. მოსულა ისეთი ცნობილი ქალბატონი, ვისაც 20 წლის წინ გავუკეთე და ახლა დასჭირდა განმეორებით მისი გაკეთება. გააჩნია ცხოვრების წესს. ალკოჰოლი და სიგარეტი არ უხდება ამ ოპერაციას. ანდა, თუ ჰორმონო თერაპიაა ან ქიმიო თერაპიას იკეთებს ადამიანი, მაშინ მას ამდენ წელს ვერ უძლებს ნაოპერაციები.

– თქვენ, თქვენს სახეზე, კოლეგების მიერ გაკეთებული ოპერაცია არ მოგწონთ, როგორც ვიცი.

– დიახ, არაფერი მომწონს. თვალები საშინლად გამიკეთეს. ჩათვალეთ, რომ 20 წელი ცრემლით ვტირი. წარმატებული ოპერაცია ჩემთვის არავის გაუკეთებია. ერთადერთი, კარდიო სტიმულატორი ჩამიდგეს წარმატებულად, დიდი მადლობა ჩემს ექიმს, გიორგი პაპიაშვილს.

– როგორ ვერ იპოვეთ ისეთი კოლეგა, რომელიც წარმატებით გაგიკეთებდათ ოპერაციას?

– ვერ ვიპოვე. ვენდე, მაგრამ ვერ გამიკეთეს. გასწორება შევეცადეთ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. არადა, გარკვეული ასაკი მაქვს. ნაოჭებიანი თვალები რომ მქონდეს, ჩემთან არავინ მოვა იგივე პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ციცინო შურღაია

– ცნობილი ქართველი ქალები ხშირად მოგმართავენ?

– რა თქმა უნდა.

– თავს იწონებენ და არ ამხლენ, რომ ოპერაციები აქვთ გაკეთებული. რატომ იქცევიან ასე?

– პროვინციიდან გამოიყვან ადამიანს, მაგრამ პროვინციას ვერ გამოიყვან ადამიანიდან. ჯერ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ.

თავისუფლებაა, როდესაც ამბობ სიმართლეს და არ გაქვს ტყუილს თქმის იძულება. ჩვენ არ ვართ თავისუფალი ადამიანები. ბევრ რამეს ვმალავთ. რატომ უნდა დამალო და გადაიტანო იატაკქვეშ? თავისუფალი არ არის, ანგარიშს უწევს ვიღაცას. ფიქრობს იმაზე, რას იტყვის ხალხი?! თუ ცხოვრობ იმით, რას იტყვის ხალხი, ეს თავისუფლება არ არის.

– გარანტირებული ლამაზი სიბერისთვის დაგმეგობრებიათ ვინმე?

– ერთი სტომატოლოგი დამიმეგობრდა, რომ მე მისთვის უფასოდ მეკეთებინა ოპერაციები. თვითონაც უფასოდ მომისპო კბილები. ექიმის გარდა ყველაფერი იყო.

მე ყველას ვენდობი. მერე მღალატობენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არავის მოატყუებს და ბოროტებას არ გაუკეთებს. სხვებიც ასე მგონია. მაგრამ ვცდები, ბევრი მღალატობს და ცუდს მიკეთებს. ყველა თავისი გადასახედიდან უყურებს.

ვისაც ჩემს გვერდით დაინახავენ, ჰგონიათ, რომ ყველასთვის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მხოლოდ საოპერაციოდ საურთიერთობო არ ვარ. ჩემთან მეგობრობა შეიძლება.

 ძალიან ხელგაშლილიაო, ამბობენ…

– რომ მიიღო, უნდა გასცე… ხომ იცით, “რასაცა გასცემ შენია”…. რასაც არა, ხომ შენია და შენიაო, ბუბა კიკაბიძე ხუმრობდა ხოლმე.

მე მიკრო ქირურგი ვარ და რუსთაველის ეს პრინციპი, ჩემს საქმეშიც მუშაობს. მთავარია, ვენა შეკერო კარგად, რომელსაც გამოაქვს სისხლი. ვენა უნდა გასუფთავდეს, იქიდან სისხლი თუ არ გამოიტანა, თრომბი განვითარდება. ასევეა ურთიერთობებში – ასეთი მავნე ხალხისგან უნდა გათავისუფლდე. ნაგავი ნაგვის ყუთში უნდა გადააგდო. ნაგავთან ერთად ხომ ვერ იცხოვრებ?

www.zmna.ge