“სიახლეები პირად ცხოვრებაში, სიახლეები – კარიერაში… ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს”

75

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ქართველ მსმენელს თავი პატარა ასაკიდან დაამახსოვრა. მან 14 წლის ასაკში გაიმარჯვა მეგა შოუ “ნიჭიერში” და ამის მერე მუდმივად ექცეოდა ყურადღების ქვეშ. ბარბარამ ცოტა ხნის წინ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ის ცოტა ხნის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის “სხვა ნანუკას” სტუმარი იყო.

როგორც ბარბარამ თქვა, ოპერაციის შემდეგ დაეწყო მენტალური პრობლემები და ფსიქოლოგთანაც დასჭირდა საუბარი. ამასთან გაიხსენა ის დრო, როცა ჭარბი წონის გამო ქუჩაში და გარე ობიექტებში ვერ იკვებებოდა.

“ჩემი ცხოვრების მონაკვეთი მოვარგე ამ ოპერაციას, ყოველგვარი აქტიურობისგან შევიკავე თავი. ოპერაცია გავიკეთე პარასკევს და უკვე მეორე შაბათს ვიყავი სტუდიაში, ნაკერები ჯერ კიდევ მედო და ჩვეულებრივ ჩავატარე გაკვეთილი. 20 დღეში დავიწყე კონცერტისთვის მზადება და, დაახლოებით, თვე-ნახევარში წავედი საბერძნეთში, სადაც მქონდა კონცერტი, აქედან გამომდინარე, ექიმთან სულ ვიყავი კონტაქტზე.

ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს ყველაფერი აკვარიუმში ხდებოდა, სოციალურ ქსელში ფოტოებსაც არ ვდებდით. აქედან გამომდინარე, ეს სისუსტე დამეტყო, როცა ნაჭუჭი გავარღვიე. დავიწყე ვარჯიში და მივხვდი, რომ თითქოს ენერგია არ მყოფნიდა. სახლში, რომ დავბრუნდი, განსაკუთრებულად მტკიოდა ყველაფერი. წონა, რომ დამაკლდა ზურგის ტკივილი დამეწყო. ეს ოპერაცია არის გზა, რომელიც შენით უნდა გაიარო, მენტალურად უნდა მოემზადო. ოპერაციის შემდეგ ვარჯიში გჭირდება, მითუმეტეს მაშინ, როცა ხარ პატარა ასაკის, მაშინ, როცა გინდა ცხოვრება სხვანაირად წაიყვანო. 

ასე უცებ განხორციელებული ჩემი ჩანაფიქრი წონის კლებასთან დაკავშირებით დეპრესიას დაუკავშირდა. ფსიქოლოგთან დამჭირდა სიარული. როცა დაახლოებით 40 კგ დავიკელი, ოპერაციიდან მხოლოდ 6-7თვე იყო გასული. ამ დროს მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. სახლივით იყო ჩემი სხეული და ამ ყველაფრის დატოვება რომ მიწევდა, რთული გასააზრებელი იყო. ვფიქრობდი წონას, რომ დავიკლებ ყველას მოვეწონები-მეთქი. არ მეგონა ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში თუ მოხდებოდა. ბევრი ფიქრის მერე მივხვდი, რომ წონა არაფერია, თუ ადამიანს არ მოსწონხარ. ჭარბწონიანი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა პრობლემა უკავშირდება წონას, საზოგადოება და შენ ხართ ცალ-ცალკე ფენომენი. 

ფსიქოთერაპევტს ვეუბნებოდი, რომ ვხდები მეშინია, ვფიქრობ, სხვა ადამიანი გავხდები-მეთქი. სხვა ადამიანი არა ვიზუალურად, არამედ მენტალურად. ჩემს აღქმაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვისაც ბარიატრიული ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და მათი დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ ვინ იყვნენ, იყო აგრესიული.

ძროხა, სპილო – თავის თავს მსგავსად მოიხსენიებდნენ და ისე არ მინდოდა ეს ყველაფერი მეც მეთქვა. ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი, კოდური სიტყვა “ბადრიჯანი” გვექნება და თუ ჩემს თავს ამ სიტყვებით მოვიხსენიებ დამარტყი და ბადრიჯანი დამიძახე-მეთქი. საბედნიეროდ, არ დამჭირვებია “ბადრიჯნის” გამოყენება. ხშირად ვათვალიერებ ჩემს ფოტოებს და საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მიყვარს ჩემი თავი. არც მაშინდელი და არც ახლანდელი ჩემი წონა არ განსაზღვრავს იმ ღირებულებას, რაც შიგნიდან მაქვს. 

23 წლამდე არ მიჭამია გარეთ. როცა 14 წლის ასაკში ხდები ცნობილი ადამიანი, როცა მართლა სოფლიდან მოდიხარ და აქ არავინ არაფერი იცის შენზე და ერთხელ, როცა იწყებ ქუჩაში ჭამას და ზედ გაფრინდებიან, არავინ არ ზრუნავს, რომ შენ შეიძლება თავი ცუდად იგრძნო. რამდენჯერაც ვცადე გარეთ ჭამა და ყველა ზედ რომ მიყურებდა, ეგ კიდევ უარესი იყო, რადგან არ იცი, რას ფიქრობენ ამ დროს. ყველა ფიქრობს, რომ ჭარბწონიანი ადამიანი და ბევრი ჭამა არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, ახლა ამას შია და ვერ ითმენს და მაგიტომ შემოვიდაო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თუ დავინახავდი ვინმე პუტკუნა ჭამდა, ასე ვფიქრობდი.

მე ჩემს თავს ყოველთვის სხვისი თვალით ვუყურებდი. სარკეში, რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი, რას იტყოდა “ლამარა დეიდა” ან “დოდო დეიდა”. თუმცა ერთ დღესაც მივხვდი, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ის ადამიანები, ვისზეც მე ვფიქრობ, ჩემზე უფროსები არიან და ისინი როცა წავლენ და მე უკან მოვიხედავ, რა დამრჩება?!” – ამბობს ბარბარე სამხარაძე.