“გაბედე” – სანდრო კაკულიას პოდკასტია, სადაც სტუმრები თავიან პრობლემებზე, დამოკიდებულებებზე და ისეთ თემებზე ჰყვებიან, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ და მით უფრო, საჯაროდ.
სანდროს სტუმრები ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი იყვნენ. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. ანდრეა გიორგის პირველი შვილია, ლელასთვის კი – მეხუთე.
წყვილმა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ ალტისტი ალკოჰოლიზმს ებრძოდა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ორი წლის წინ ის მუსიკალურ სფეროს, თავის საყვარელ საქმიანობას ჩამოშორებოდა.
“ბევრი შინაგანი დინებების გამო, იძულებული ვარ შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა” – წერდა ცაგარელი 2023 წელს.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდა ლელასაც…
ნაწყვეტი ამ ინტერვიუდან.

***
ლელა კილაძე: რთული პერიოდები მქონდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო. ხუთი წლის წინ, ჩემს შვილს ჰქონდა მოხმარების პრობლემა და ვეძებდი ადგილს მის გამოსაჯანმრთელებლად. ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მინდოდა ადგილი, სადაც მივიყვანდი. კოკო მივიყვანე სარეაბილიტაციო ცენტრში „გამოსავალი“. მეც მკითხეს, შენ რას შვებიო? მე ხან ვსვამ, ხან ვერთობი, ხან ქიმიურ ნივთიერებას მოვიხმარ, მაგრამ დამოკიდებული არაფერზე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. შემიძლია ერთი წელი, ორი წელი, არც დავლიო, არც მოვწიო, ბევრი შვილი მყავს-მეთქი. იქ ამიხსნეს, რომ ეს ოჯახური დაავადებაა. შენ შენ შვილს უნდა მისცე მაგალითიო.
მეც მქონდა პრობლემა. ზოგადად ვარ ურთიერთობებზე დამოკიდებული; შევდივარ, ვაშენებ, მერე დესტრუქციებში ვარ, ვანგრევ და ვაფუჭებ. მქონდა მიზეზები, ამის ბრალია, იმის ბრალია. არ მქონდა გაცნობიერებული, რომ მე ვაკეთებდი ამ ყველაფერს…

გიორგი ცაგარელი: ორი წელია სრული სიფხიზლე მაქვს. ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. მე და ლელამ ერთმანეთი რომ გავიცანით და პარკში დავსხედით სალაპარაკოდ, მე მთვრალმა დავიწყე ლაპარაკი – მე „გამოსავალში“ უნდა დავიწყო სიარული-მეთქი. ნიკა კოჩაროვი მეუბნებოდა, მე დავდივარ და შენც მიდი, შეუძლებელია შენი ამ მდგომარეობაში ყურებაო.
მანამდე ჩემი ურთიერთობები ინგრეოდა ჩემი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. ჩვეულებრივი სმა არ ვიცი. არადა, როგორია მანქანიდან ქალმა გადმოგათრიოს და ზევით აგათრიოს…
ახლა რომ არ ვსვამ, 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა. ლელას უკვე ეს გამოცდილება ჰქონდა და არც ულტიმატუმები ჰქონია, არც აგრესია, არც მანიპულაცია. მიმიშვა. თან თვითონ მქონდა გადაწყვეტილი „გამოსავალში“ მივსულიყავი.
კურსზე მკურნალობისას ნაცნობები ვნახე. მერე აგვისტო მოვიდა, უცხოეთში წავედი დასასვენებლად. იქ კონცერტზე დავლიე. ვიფიქრე, უკვე ცოდნები მაქვს და სხვანაირად დავლევ-მეთქი. ბოლოს ისევ იმ მდგომარეობამდე მივედი, რითით დავიწყე. ბოლოს გადავწყვიტე, დღეს ბოლოჯერ უნდა დავლიო-მეთქი. ბოლომდე ყველანაირი დემონი გამოვუშვი. მეორე დღეს ამის გახსენება რომ არ გინდება…

ლელა კილაძე: ჩვენ ასე ვეღარ გავაგრძელებთ-მეთქი, ვუთხარი. გამომხედა და აღარ დავლევო. ეს ბევრჯერ მომისმენია. მაგრამ ერთხელ ხო ყველას აქვს უფლება – ნათქვამზე ენდო. არაფერი ვუთხარი – ok-მეთქი. და აი, მას შემდეგ ორი წელი გავიდა და პირობა შეასრულა.
გიორგი ცაგარელი: ალბათ, ის მომენტი უკვე ფსკერი იყო. რაღაც უნდა შეცვლილიყო. გაქვს დესტრუქცია ყველაფერში, ტოქსიკური ურთიერთობები. მუსიკაც აღარ მაინტერესებდა. პროფესიას პატივს არ ვცემდი. ეს იყო ცხოვრების სტილი, ვსვამთ, ვუკრავთ, ვრეპეტიციობთ, ვსვამთ… სულ ასე ვიყავით და ეს იყო ნორმა. მე მარტო არ ვიყავი ასე, მუსიკოსები ასე ცხოვრობენ. კომფორტის ზონა ჯოჯოხეთში მქონდა და აქედან გამოსვლაც მენანებოდა.
ლელა: მე ძალიან ცუდად ვყოფილვარ. ძალიან დაბლა ჩავსულვარ. ფსიქიატრიულში ვწოლილვარ, არა საქართველოში. ეს დეპრესისგან იყო გამოწვეული, ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა. ბევრი თავისუფალი დრო გამოჩნდა, ტელეფონი გაჩერდა. და ფსიქოდელიური საშუალება მივიღე და… ფსიქიატრიულში გამაქანეს. იქ შვიდმა ფსიქიატრმა 27 დღით დამაპატიმრა. შოკი მქონდა, არ მჯეროდა – იქამდე როგორ მივედი. ამიხსნეს, რომ ნორმალური პროცესია, როცა ერთმანეთს ერთვის დიდი სტრესი, დიდი გარდატეხა… ჩემთვის ეს გადარჩენა იყო. რა მიშველის-მეთქი, რომ ვიკითხე – ხატვაო, მითხრეს. ვცადე. ვხატე და გამოფენებიც გავაკეთე… გამოფენას ერქვა “ბაღი, სადაც გადავრჩი”…