“წლების მატებას არ განვიცდი… გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს”

28

მომღერალი ელენე ფოჩხუა ახლახან იუბილარი იყო. ამბობს, რომ ძალიან უყვარს თავისი დაბადების დღე. როგორც ნამდვილმა მეგრელმა, დაბადებაც ნაჩქარევად ინება და ამ ქვეყანას რვა თვის მოევლინა. მართალია, ასაკს არ მალავს, მაგრამ არც საჯაროდ აფიშირება უყვარს. ფაქტია, ელენე არის ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული შეგიძლია ენდო, ვისაც გულში არასოდეს გაუვლია შური და ბოღმა და დღემდე, მისი გარშემო მყოფებისთვის ნამდვილი გაჭირვების ტალკვესია.
– ელენე, განიცდი წლები რომ გემატება?
– არა, წლების მატებას არ განვიცდი. ადამიანები რომ ვიბადებით, ვიზრდებით, ასაკი გვემატება და ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და არა ტრაგედია. გამორიცხულია, რომ წლებმა შეგცვალოს, მე ამის შემდეგ ნამდვილად ვეღარაფერი შემცვლის – როგორიც ვიყავი მხიარული, მოსიყვარულე და სხვისი წარმატებით გახარებული, ისეთი ვარ და ვიქნები. ჩემს შემთხვევაში, წლების მატებასთან ერთად, ნამდვილად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ციფრები მემატება.

– არის ისეთი რამ, რასაც ნანობ და შეცვლიდი?

– არაფერს ვნანობ და არაფერს შევცვლიდი, ვარ ძალიან კარგად, ვცხოვრობ ლაღად და ბედნიერად და, რაც მთავარია, ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ვმუშაობ ყოველდღე ჩემი საყვარელი პროფესიით და ბედნიერი ვარ, რომ ამით ვარ დაკავებული. მაქვს გასვლითი კონცერტები რეგიონებში, ამასთან ერთად, ყოველ საღამოს ვმღერი არაჩვეულებრივ ბენდთან ერთად და პარალელურად, მაიკო კაჭკაჭიშვილის აკადემიაში ვასწავლი ბავშვებს. სხვათა შორის, ადრე, სტუდენტი რომ ვიყავი, ვმუშაობდი ლევან ლაზარიშვილის დედასთან, თინიკო დანიბეგაშვილის სტუდიაში.