თეატრისა და კინოს რეჟისორსა და მსახიობს – ქეთი დოლიძეს “საპატიო პრომეთე” გადაეცა 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ქართულ კინოში შეტანილი წვლილისა და თბილისის კინოფესტივალისთვის წლების მანძილზე გაწეული თანადგომისთვის. ის კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2002 წლამდე თბილისის კინოფესტივალი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარის” ნაწილი იყო.
დოლიძის მხატვრული ფილმები დღესაც დიდი პუპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელში. მის ფილმებს – “კუკარაჩა”, “მარტოხელა მონადირე”, “სანამ წვიმა გადივლიდეს”, “კაცია ადამიანი?!” რომ სულ ეთმობა ტელეეკრანი, ამაზე მეტყველებს.
ქეთი დოლიძემ ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე, თავის სამადლობელ სიტყვაში, სოლიდარობა გამოუცხადა ანდრო ჭიჭინაძეს და სინდისის სხვა პატიმრებს. მან გამოთქვა იმედი, რომ პატიმრები დამდეგ შობა-ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდებიან.

“საპატიო პრომეთე” წელს ასევე გადაეცა ავთანდილ მახარაძეს, ამ უნიჭიერეს არტისტს.
“ზმნა”ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა და მასთან ეს პატარა ინტერვიუ ჩაწერა.
ქეთი დოლიძე: “პრომეთე” 60-იანი წლების ბოლოს მამაჩემის დაარსებულია.
აქ იყო მამას, სიკო დოლიძის დაარსებული საკავშირო კინოფესტივალი, სადაც მთავარი პრიზი იყო პრომეთე. ფილმი”შეხვედრა წარსულთან” ახალი გადაღებული ჰქონდა. 1967 წელს საერთაშორისო ჟიური მოიწვია, მათ შორის იყვნენ ფრანგი კინემატოგრაფისტები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელები იყვნენ ჟიურიში, მამაჩემის წყალობით. და მათ “პრომეთე” მისცეს ფილმს “შეხვედრა წარსულთან”. სწორედ ეს პრომეთე გვიდევს სახლში და მე მას მეორე პრომეთე მივუსვი გვერდით. ამ ასაკში მეც მერგო ეს ჯილდო.
ეს ვითომ ასაკთან დაკავშირებით – საპატივსაცემოდ მომცეს. მე მგონია, რომ ქართულ კინოში მე ცოტა არ მაქვს გაკეთებული. ჩემი შვიდი ფილმიდან, არც ერთი ფილმის არ მრცხვენია. მე რომ მკითხოთ, ადრეც მეკუთვნოდა პრომეთე, ბევრად უფრო ადრე. ეს ჯილდო რომ გადმომეცა, გაგა ჩხეიძის დამსახურებაა. ის ჩემი მამიდაშვილიშვილია და ჩემი გამოზრდილია. ეს კინოფესტივალი თეატრალური ფესტივალის – “საჩუქრის” ფარგლებში დაიბადა და გაგა მას ძალიან კარგად გაუძღვა. გული მწყდება იმაზე, რომ სახელმწიფო წელს საერთოდ არ დახმარებია.

– რომელი ფილმი გეამაყებათ?
– “კუკარაჩა” და “მარტოხელა მონადირე”.
– გიყვართ საკუთარი ფილმების ყურება?
– არა, რა დროს ჩემი ფილმების ყურებაა? შეიძლება მოვკრა თვალი. გამწარებული ვუყურებ-მეთქი, რომ გითხრათ, ასე არ არის. ყველა კადრი ზეპირად ვიცი, რად მინდა მისი ყურება… საკუთარი შემოქმედებით ტკბობა არ მჩვევია.
– 4 დეკემბერს იუბილარი იყავით. ტრადიციულად ბოდბის მონასტერში შეხვდით?
– კატეგორიულად გავაფრთხილე ჩემები, არ გაბედოთ ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა-მეთქი. მამაჩემს მრგვალი თარიღების აღნიშვნა არ უყვარდა, არც მე მიყვარს. ბოდბეში წელს არ ჩავსულვარ. ოჯახმა მთხოვა, ჩვენთან იყავიო. ჩემს შვილიშვილებს გავუწიე ანგარიში. თორნიკეს 20 წლის ვაჟი და 3 წლის ქალიშვილი ჰყავს. თამრისგან ჯერ არ მყავს შვილიშვილები. შვილების ცხოვრებაში არასდროს ჩავრეულვარ. როგორც ღმერთი გადაწყვეტს, ისე იქნება. წელს ძალიან დამაკლდა, რომ დაბადების დღეზე ბოდბეში არ ვიყავი. მაგრამ მალე წავალ.

დიახ, 80 წლის გავხდი, მაგრამ იმედი მაქვს, არც ვგავარ ამდენი წლისას, ყოველ შემთხვევაში სარკეში რომ ვიხედები – ასეა და არც შეგრძნებით ვარ ამხელა. განწყობაც ისეთივე მაქვს, როგორიც 40 და 50 წლის ასაკში მქონდა. ზუსტად ისეთი მაქვს. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ღვთის წყალობით.
– თქვენი რჩევა რა არის, რომ ასეთი შინაგანი განწყობით მივიდნენ ამ მრგვალ ასაკამდე?
– შინაგანად არ უნდა დაბერდე. უნდა გაინტერესებდეს ყველაფერი. მე ემოციური ადამიანი ვარ. თავს ხელს ვუწყობ, რომ ვიყო ინფორმირებული და ფეხი ავუწყო დროებას. ვიცი, რა ხდება კინოში, თეატრში. მსოფლიოს გარშემო, არა მხოლოდ საქართველოში. საქმის კურსში ვარ სიახლეები. ეს კი იმის საწინდარია, რომ არ დავბერდე. ან რამ უნდა დამაბეროს?
– ფიზიკური აქტივობა?
– ვარჯიში და ფეხით სიარული ჩემი საქმე არ არის. ჩვენი დიდი ექიმის ლეონიდე ბოკერიას და ნეიროფიზიოლოგ ნატალია ბეხტერევას მოსაზრებებს ვეცნობოდი; ისინი ამბობენ, რომ როცა გინდა დაწოლა, დაწექით, როცა გინდა დასვენება – დაისვენეთო. ნუ აძალებთ თქვენს თავს კილომეტრების გავლას. ეს არაფერს შველისო. თუ სურვილი გაქვთ, გაიარეთ, მაგრამ თუ ამის სურვილი არ გაქვთ, დაწექით და დაისვენეთ. რასაც თქვენი სხეული ითხოვს, ის გააკეთეთ. ახლა, ლუარსაბივით და დარეჯანივით სულ მხარ-თეძოზე კი არ უნდა იყოთ წამოწოლილი, თუმცა არის მომენტები, ასე გინდა იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რომ მომხსნეს, პრაქტიკულად ერთი თვე ლოგინიდან არ ავმდგარვარ. მინდოდა ყველაფრისგან გარიყული ვყოფილიყავი…
– სწორ კვებას ყურადღებას აქცევთ?
– ზოგადად დიეტის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ, ოჯახში, სპეციალურად შედგენილი რაციონით არ ვიკვებებით. რაც მსიამოვნებს, იმას გეახლებით. ჩემდა ბედად, ტკბილეული არ მიყვარს. მშრალი კექსი მიყვარს, ტორტს და კრემიან ნამცხვრებს არ გეახლებით. მიყვარს კარგი მურაბა. ძალიან მიყვარს წყალი და ხილი. ყველა სეზონზე ვჭამ ხილს.
– როგორი წელი იყო თქვენთვის?
– კარგი წელი იყო. ყოველთვის მადლიერებით ვაცილებ ძველ წელს. არ შეიძლება უმადური იყო. ძალიან მიყვარს შობაც და ახალი წელიც. ნაძვს მე ვრთავ ხოლმე. მეგობარი ქალი, მზია მეხმარება, ორივე ერთად ვრთავთ. მიყვარს საახალწლო სამზადისი. ახალ წელს იმედებით ვხვდები…
