“იმ პრიალა, უნაკლო და თვალისმომჭრელი იმიჯის უკან, კაცმა არ იცის, რა ინტრიგები იხლართება და რა პირადი ტრაგედიები თამაშდება”

38

თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

იქტორია ბექჰემის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, ხოლო, როცა 2003-ში, მადრიდის „რეალში“ გადასული დევიდ ბექჰემის ცოლს, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს რა აზრის იყო მათ ქვეყანაზე და მან, ძალით „გასვეცკებული“ მდაბიოს წამახული ცხვირი ასწია და „ესპანეთს ნივრის სუნი უდისო“, გამოაცხადა, ჩემთვის იქ დამთავრდა ისიც და მისი მოლამაზო ქმარიც🙂.

არც იმ საცოდავი ბრუკლინის აღსარება გამკვირვებია, ჩემი მშობლებისთვის შვილებზე მნიშვნელოვანი იმიჯიაო, რომ ამბობდა და გულმოსაკლავი მაგალითები მოჰყავდა.
ჩვენ იმიჯზე ზრუნვით ვინ გაგვაკვირვებს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, არაფერი რომ არ იშოვებოდა, დიასახლისები ტყავში ძვრებოდნენ, ჩეხური ბროლს და „მადონას“ სერვიზს ყიდულობდნენ, „სერვანტსა“ და „დესაოში“ გამოამწყვდევდნენ და ოჯახის იმიჯი გადარჩენილი იყო🙂.
მოგვიანებით, უცხოური მანქანების ჩამოყვანის საშუალება რომ გაგვიჩნდა, რამდენი ქართველი „ვაჟკაცი“ მოახტა „მერსედესს“, ნაცვლად იმისა, რომ იმ ფულით, ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ შეყუჟული, რვა სულიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ეფიქრა.
დღეს, ბანკის ვალს ბოლო მოდელის აიფონის საყიდლად იღებენ🙂.
ასე რომ ბექჰემებს, მათზე მომუშავე პროფესიონალების გუნდმა, „იდეალური ოჯახის“ იმიჯი რომ მიუსაჯა, არ მიკვირს. ისიც გასაგებია, დევიდის მიერ, ვითომ სპონტანურად გადაღებულ ოჯახურ კადრებზე, ასევე ვითომ შემთხვევით რომ ჩნდება ვიქტორია, რომელმაც ვითომ არ იცის რომ უღებენ, სინამდვილეში ორი ოპერატორი, სამი ვიზაჟისტი და ერთი მემონტაჟე მუშაობს🙂.
ამათ შემთხვევაში ციხე შიგნიდან გატყდა და შვილმა გამოიტანა გარეთ ოჯახის წევრებს შორის არსებული ტოქსიკური ურთიერთობები, თორემ ზუსტად იგივე ხდება სხვა, ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების შემთხვევაშიც, ანუ იმ პრიალა, უნაკლო და თვალისმომჭრელი იმიჯის უკან, კაცმა არ იცის, რა ინტრიგები იხლართება და რა პირადი ტრაგედიები თამაშდება.
ეს ყველაფერი უდიდესი ინდუსტრიის ნაწილია, რომლის შიგნითაც დიდი ფული ტრიალებს და იმ გულუბრყვილოებზეა გათვლილი, პირდაღებულები რომ ადევნებენ თვალს როგორი თანამედროვე, მაგრამ კბილებდაკრეჭილი ჩებურაშკა ამოუვა მორიგ ტუჩებდაბერილ ინფლუენსერკას, მორიგი საყვარლის მიერ სიურპრიზად გაგზავნილ ამანათში🙂, რა სითხეში ჩააწვინეს მეორე დაბოტოქსებული მდედრი სპა პროცედურისთვის, რომლის შემდეგაც კანი ახალშობილივით უნდა გადაეტკიცოს და ვარდისფერი ბუშტი გასკდება თუ ცისფერი, მესამე, უკვე მილიონერ პატრონს ჩაბარებული ინტერნეტ ვარსკვლავის უკან🙂.
წარმოგიდგენიათ, რამდენ დროს კარგავთ ამათი, არაფრის მომცემი, იმიჯისთვის დადგმული ცხოვრების თვალის დევნებით?! დროს, რომელიც საკუთარი განვითარებისთვის შეგეძლოთ გამოგეყენებინათ, ჰაერზე გასულიყავით, წიგნი წაგეკითხათ, უცხო ენა გესწავლათ, მომავლის გეგმები დაგეწყოთ. ან როგორ არჩევთ ერთმანეთისგან ამ ერთნაირ ქალებს, მე რამდენი ვინმე მასეთი შემომეფეთა ფეისბუქზე, ჩვენიც და უცხოელიც, ყველა შორენა ბეგაშვილი მეგონა🙂.
P.s. თუ ვინმეს ამ პოსტის წაკითხვისას ჩემი “ამბობენ” გაგახსენდათ, შეგახსენებთ, რომ ის კვირაში მხოლოდ ერთხელ გადიოდა და ჩვენს ჩაბნელებულ და გაყინულ ქვეყანაში, კვირაში ნახევარი საათი თერაპიასავით იყო ჰოლივუდის მაშინდელი ვარსკვლავების და ევროპელი მეფე- დედოფლების შესახებ სიახლეების მოსმენა🙂.”