“ნაყროვანებას არც კიტრი გაძლევს, არც – პომიდორი, არც – წიწაკა და არაფერი, თუ არ მიაყოლე პური”

51

ბარბარა სამხარაძე კოტე მათითაშვილის პოდკასტის სტუმარი იყო.

“სოფლის ცხოვრების შემთხვევაში, საკვებს მიირთმევენ დღეში ერთხელ ან ორჯერ და რატომ ხდება ასე, მოგიყვებით:

როცა დილით გადიან სამუშაოდ, ეს დილა იწყება, სადღაც, 6 საათზე. მაგალითად, ჩემი ოჯახის დილა ზაფხულში იწყება 4 საათზე, ზამთარში 7-ან 8 საათზე. საჭმელს არ ჭამ, მიდიხარ, მუშაობ, იქ რომ იღლები, მოდიხარ და ჭამ.

ნაყროვანებას არც კიტრი გაძლევს, არც – პომიდორი, არც – წიწაკა და არაფერი, თუ არ მიაყოლე პური. აი, ზუსტად აქედან იწყება ყველაფერი. პური არის ის, რაც იწვევს იმ რიგ პრობლემებს, რაც მე ჩამოვთვალე. ნაყროვანება არ მოდის პურის გარეშე.

შენ საერთოდ არ გაინტერესებს, 2100 კალორია რომ მიიღე დღის მანძილზე, იმიტომ, რომ ბევრ ენერგიას ხარჯავ. 

ძალიან რთულია, ვიღაცას თითის აწევით ელაპარაკო იმაზე, რომ, აი, შენი შვილი რატომ არის “მსუქანი?”. არ არსებობს სოფელში ჩამოსული სტუმარი, სამი დღითაც რომ ჩამოვიდეს, წონაში მომატებული არ წავიდეს. მეც იქ რომ ჩავდივარ, “ჰაერი მამატებინებს” და ჰაერი კი არ მამატებინებს სინამდვილეში, სხვანაირად გეხსნება მადა და სხვანაირად უხარია გულს იქ ყოფნა. მართლა ბუნებას ერწყმი და მორჩა. აქაც რომ ჩამომაქვს პროდუქტები, მწვანილი იქნება თუ – ბოსტნეული, საერთოდ სხვა გემო აქვს იქაურს და ძალიან რთულია, თავი გააკონტროლო.

სოფელში იცხოვრო ქალაქური რეჟიმით, რომ 12 საათამდე არ ჭამო, 18-საათიანი დიეტა დაიცვა, ეგ არის წარმოუდგენელი. ქათმის ფილე რომ ქათმის ფილეა, იქ მაგასაც ვერ შეჭამ ესე ჩვეულებრივად. მე დარბაზში დავდიოდი ერთი წლის მანძილზე და იქ ისეთი გაოფლილი ადამიანი არ მინახავს, როგორიც სოფელში, ბარვის დროს შეიძლება ვნახო”, – ამბობს ბარბარა სამხარაძე.

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ კუჭის ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და, ამის პარალელურად, ის ხშირად საუბრობს რეალური პრობლემების, საზოგადოებრივი აზრის გავლენისა და სტერეოტიპების შესახებ.