ეკა ჩხეიძის ქალიშვილის იტალიური თავგადასავალი: როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ინანო მუშკუდიანი

7

იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი ინანო მუშკუდიანი დაიბადა თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. დედა – მსახიობი ეკა ჩხეიძე, ბაბუა – რეჟისორი თემურ ჩხეიძე, დიდი ბებია – მსახიობი მედეა ჩახავა. მამა -არქიტექტორი ლევან მუშკუდიანი, ბაბუა მამის მხრიდან -საოპერო მომღერალი და კინომსახიობი თენგიზ მუშკუდიანი.

ბავშვობაში ინანოს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედა ამის წინააღმდეგი იყო. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ინანომ ბიზნესის მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა “ოპერა დიზაინში”. ეს შპს ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 

სამსახურიდან ინანოს ხშირად უხდებოდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგი შედგა შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, კომპანიაში “ვიტრა”. ინანომ აქ ნახა პირველად, თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია. ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის, რომ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. შესაბამისი სასწავლებელი დიდხანს ეძება და საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე, რომში.

ინანო სწავლის დაწყებისთანავე მიხვდა, რომ არ შემცდარა და ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გააკეთებდა.

ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის დირექტორმა, ფილიპო პერნისკომ, დარჩენა შესთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი აეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. სირთულის მიუხედავად, ინანომ წარმატებით გაიარა ორი წლის პროგრამა ერთ წელიწადში. სადიპლომო პროექტის დასაცავად კი გააკეთა კულტურული ცენტრი მუხრანის სასახლეში, სადაც გალერეა, საკონცერტო დარბაზი, დიდი ბიბლიოთეკა და ხელოვნების სკოლა იყო განთავსებული.

დისერტაციის დაცვის შემდეგ ინანო საქართველოში დაბრუნდა და მამასთან ერთად დაიწყო რესტორან “ბერნის” პროექტზე მუშაობა. ამ პერიოდში ინტერნეტში შემთხვევით წააწყდა მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის,”ნაბა”-ს დაფინანსების პროგრამას. გამარჯვების დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გარისკა და ნამუშევრები გააგზავნა. საბედნიეროდ, გაუმართლა. 100%-იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავიდა და მილანის ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურის კურსზე მოხვდა.

აქედან დაიწყო ინანო მუშკუდიანის პროფესიული განვითარება. მაგისტრატურის პარალელურად, მუშაობდა რამდენიმე დიზაინის სტუდიაში, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ სტილით და მიდგომით. ეს, ალბათ, ერთგვარი ექსპერიმენტი იყო საკუთარი თავისთვის, რომ უკეთ მიმხვდარიყო თუ რისი კეთება უფრო აინტერესებდა და გამოსდიოდა.

მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გააფორმა კონტრაქტი ჯგუფთან “პიზა”. მოგვიანებით, ნაბას უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დაიწყო ბრენდ დიზაინის განხრით. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა მის ცხოვრებაში.

ინანო ამბობს, რომ  საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის. ამან გადააწყვეტინა პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის ემუშავა. გამბედაობა მოიკრიბა, გასაუბრებაზე გავიდა და მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა  მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან.

ცოტა ხნის წინ ის “რუსთავი 2”-ის გადაცემა “მონოლოგის” სტუმარი იყო, სადაც განვლილ გზასა და პროფესიულ სიახლეებზე თავად ისაუბრა. 

„ითვლება, რომ NABA არის ყველაზე კარგი უნივერსიტეტი მილანში დიზაინის მიმართულებით. მილანში კი არა, ზოგადად იტალიაში. ჯერ ერთი, აქ მოდის ყველა სასწავლებლად სხვადასხვა ქალაქიდან. NABA არის მაგისტრატურისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ადრე დაფუძნებული, ძალიან ცნობილი და ლექტორებიც უნივერსიტეტს გარეთ სერიოზული პროფესიის ადამიანები არიან.

იყო მაგისტრატურის კურსის დაფინანსება – პირველი ადგილი 100%, მეორე 50%, მესამე 25%. ვცადე და გავაგზავნე და დამაფინანსეს 100%-ით, ისეთი თანხა ღირს, რომ ამაში ჩემი ოჯახი ვერ დამეხმარებოდა, ვერ შევძლებდი გადახდას და ამიტომ მარტო იმის ხარჯზე, რომ დაფინანსება ავიღე, წამოვედი მილანში.

ძალიან მეჩქარებოდა, რომ მუშაობა დამეწყო, იმიტომ, რომ ჩემს ტვინში „პენსიაზე გავდივარ” და მერე როდის, როგორ მოვასწრებ, რომ კიდევ რაღაცები გავაკეთო, ძალიან ვნერვიულობდი. მაგისტრატურაზე სწავლა რომ დავიწყე, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი. ინტერნშიპებს ვაკეთებდი, ჩემი თავის საპოვნელად.  ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სამი თვე ვიქნებოდი ძალიან ინდუსტრიულ კომპანიაში. მერე უცებ გადავდიოდი სტუდიაში, რომელიც ცოტა არქიტექტურული იყო და დიდ მასშტაბებზე მუშაობდნენ. ლანდშაფტის დიზაინიდან დაწყებული, ცათამბჯენებით დამთავრებული – მსგავსი პროექტები რომ აქვთ, მანდაც გავიარე ინტერნშიპი.

უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, მაგ დროს დავიწყე მუშაობა სერიოზულ კომპანიაში. ამდენი ინტერნშიპის და ამდენი დიპლომის მერე, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ ამიყვანა და დავიწყე მუშაობა, ცოტ-ცოტა ყველაფერს ვაკეთებდი, გრაფიკული დიზაინიდან დაწყებული, არქიტექტურით დამთავრებული. ასეთი კომპანია არის, PISA ჰქვია, რომელიც არის დიდი ჯგუფი და ამაში შედის Vacheron, Rolex და, აი, მთელი ქუჩის გაყოლებაზე რაც არის მაღაზიები, ფაქტობრივად, ყველაფერი ერთი ჯგუფის ქვეშ არის. ამ ჯგუფის არტ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა და ვიყავი მარტო. იყო ჩემი უფროსი და მე, სხვა არავინ, მაგრამ საქმე იყო უამრავი. ვიღაცას ახალი ინტერიერი აქვს, ვიღაცას ავეჯი აქვს გამოსაცვლელი, თან ამ ყველაფერს ნოემბერში რომ გეუბნებიან, რომ ახალ წელს მთელი პირველი სართულის შეცვლა უნდათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა და თან ჩემი პირველი სამსახური იყო.

მანდ იმხელა გამოცდილება მივიღე, თან ისე დავისტრესე და ისე ცუდად ვიყავი, მაგრამ თან რომ გრძნობ, რომ ღირს. იყო რაღაც მომენტები, რომ აღარ შემეძლო, მირჩევნია წავიდე, დავჯდე ან მოვკვდე, მაგრამ თან ვხვდებოდი, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მაძლევდა. ჩემს თავს დავაძალე, რომ გამეძლო. ასე, დაახლოებით, ორწელიწად-ნახევარი ვიმუშავე. ყველა პროექტი როცა ჩავაბარე, წამოვედი სამსახურიდან. იმის მერე, მაგ ქუჩაზე აღარ ჩამივლია. მაგრამ მადლობა ამ გამოცდილებისთვის, რადგან ეს ათი მაგისტრატურის ტოლფასი იყო,” – ამბობს ინანო მუშკუდიანი