„საშინელი მოხმარების პერიოდიდან – მენტალურ სიკვდილამდე და მერე აქამდე რომ მოვსულიყავი, ბევრი ვიწვალე,“ — ასე იწყებს საკუთარი ისტორიის თხრობას მალხაზ თევზაძე.
მისი ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არ არის მხოლოდ მორიგი „აღსარება“, ეს არის ამბავი ადამიანურ ტრანსფორმაციაზე და უპირობო დედა-შვილურ სიყვარულზე.
წლები, რომლებიც მალხაზის ცხოვრებაში „საშინელი მოხმარების“ პერიოდად ჩაიწერა, ეს იყო დრო, როცა იმედი ქრებოდა და ადამიანი საკუთარ თავს ნელ-ნელა კარგავდა.
როგორც თავად ამბობს, ამ წერტილიდან დღევანდელ დღემდე მოსასვლელად, ძალიან ბევრი იწვალა.

“გადიოდა დღეები, თვეები, წლები… ყველაფერი იცვლებოდა, მათ შორის მეც, მთელი ჩემი შინაგანი სამყაროთი.
ადამიანები მოდიოდნენ, მიდიოდნენ, ურთიერთობები იშლებოდა, შენდებოდა… მაგრამ ერთი რამ შეუვალი რჩებოდა – დედაჩემის მხარდაჭერა ჩემდამი.
ის ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებდა, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა. მათ შორის, უწევდა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, როგორიცაა საკუთარი შვილის ციხეში ჩასმა, რადგან გადაერჩინა მისი სიცოცხლე.”
დღეს მალხაზ თევზაძე სულ სხვა ადამიანია. მისი ტრანსფორმაცია მხოლოდ ვიზუალური არ არის ეს მისი შინაგანი სამყაროს ხელახლა დაბადებაა.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრები, სადაც მისი წარსული და აწმყო ერთმანეთს ენაცვლება, იმედის მომცემია ყველასთვის, ვინც მსგავს ჯოჯოხეთს ახლა გადის.
აღსარების ბოლოს კი, ახალგაზრდა კაცი ამბობს სიტყვებს, რომლებიც ამ ისტორიაში ყველაზე ემოციურიც არის და ყველაზე ძლიერიც – „მადლიერი ვარ, დედა.“