“გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა… მინდა მივმართო იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც უცხოელებთან აქვთ შეხება”
ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი მეუღლე, კარლო პონტი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მარიამის თქმით, მის მეუღლეს ტაქსის მძღოლმა იმაზე გაცილებით დიდი თანხა გამოართვა, ვიდრე უნდა გადაეხადა:
– ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო. გუშინ არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. როდესაც კარლო საქართველოში ჩამოვიდა, ტაქსისტმა, რა დისტანციაზეც ჩემთვის, მაქსიმუმ, 80-100 ლარი გამოურთმევიათ, კარლოს 100 დოლარი გამოართვეს. მინდა მივმართო იმ ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც უცხოელებთან აქვთ შეხება – ძალიან მაგრად “ტეხავს”, როდესაც გგონიათ, რომ უცხოელებმა ან ტარიფი არ იციან ან მოატყუებთ და ეს ჩვეულებრივ ამბად ჩაივლის. ამჯერად ამ ადამიანის ნომრებს არ ვასაჯაროებ, მაგრამ სამომავლოდ თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, აუცილებლად გავასაჯაროებ. ეს იყოს გაფრთხილება.
არ ვიცი, სახელმწიფოს მხრიდანაც ეს თემა რატომ არ რეგულირდება. ასეთი არაადეკვატური თანხის გამორთმევის შემდეგ, უნდა ჯარიმდებოდნენ ეს ადამიანები. პირველ რიგში, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის, როდესაც ასე არაკეთილსინდისიერად შეიძლება, ექცეოდნენ ტაქსის მძღოლები უცხოელ მოქალაქეებს. ამ თემაზე გაზიარება იმიტომ მოვინდომე, რომ ვიმედოვნებ, შემთხვევის გაზიარების შემდეგ, იქნებ, ან რეგულაცია დაწესდეს ან იქნებ, შერცხვეთ ამ ადამიანებს ასეთი თაღლითობის და აღარ გააკეთონ.
როგორც ცნობილია, მარიამმა და კარლო პონტიმ ოფიციალურად იქორწინეს და ქართველი რძალი სოფია ლორენმაც დალოცა. კარლოს დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო, წყვილი მუდმივად ერთად არ ცხოვრობს, თუმცა მაინც ახერხებენ ერთად დასვენებას, კარლო ხშირად ჩამოდის საქართველოში და შესანიშნავი ურთიერთობა ააწყო მარიამის შვილთანაც.