იტალიური სკოლა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს და მასწავლებელს ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„დუმს იტალიური სკოლა და ამ დუმილს მხოლოდ ჩუმი ქვითინი არღვევს… ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც მხოლოდ მასწავლებელი არ იყო – ის იყო იტალიური სკოლის სული, გული, სინათლე, იმედი და სიამაყე.
მოდიოდა და მოჰქონდა ზამთარშიც გაზაფხული…
ქალბატონი დღესასწაული, კოლორიტი, ჩვენი ძვირფასი ინგა…
გაფრინდა და თან წაიღო მისი საყვარელი მოსწავლეების, მეგობრებისა და კოლეგების გულის ნაწილი.
ქალი, რომელსაც შეეძლო ერთი ღიმილით ბავშვის შიში გაექრო, ერთი სიტყვით გატეხილი გული გაემთელებინა და ერთი ჩახუტებით მთელი სამყარო გაეთბო.
მან თაობები აღზარდა. პატარა, დაბნეული ბავშვებისგან ღირსეული ადამიანები შექმნა.
ასწავლიდა ყველაზე მთავარ ფასეულობებს — ადამიანობას, სიკეთეს, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას.
მისთვის ყველა ბავშვი განსაკუთრებული იყო, ყველა სიყვარულით დანახული.
ის უზომოდ იყო შეყვარებული სიცოცხლეზე, ადამიანებზე…
სხვისი სიხარული მის სიხარულად იქცეოდა, სხვის ტკივილს კი საკუთარ ტკივილად ატარებდა.
ის მზესავით იყო, რომელიც ბნელს ფანტავდა.
მის თვალებში მუდამ სინათლე ენთო, მის სიტყვებში – იმედი, მის გულში კი – სიყვარული.
მისი არსებობა გვამშვიდებდა, გვაძლიერებდა, სიცოცხლის სიყვარულს გვასწავლიდა.
ცრემლებით და უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც უდიდესი სიყვარული დაგვიტოვა.
მადლობა უთვალავი ბავშვის გაბედნიერებისთვის.
მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც ყველაზე ცივ დღეებშიც კი გვათბობდა.
მადლობა იმ სინათლისთვის, რომელიც არასოდეს ჩაქრება.
მადლობა თითოეული წლისთვის, დღისთვის, წუთისთვისა და წამისთვის.
მშვიდად განისვენე, ჩვენო ძვირფასო მეგობარო… მარიდისობაში გადასულ შენ სულს სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.