“სექსუალური მომენტების გარეშე, ადამიანი საცოდაობაა; ეს განაპირობებს სიყვარულს” – ჟანრი ლოლაშვილი 84 წლისაა

49

არტისტი ჟანრი ლოლაშვილი 22 აპრილს 84 წლის გახდა.

შესაძლოა, არც იცოდეთ, რომ ჟანრი ლოლაშვილი მხატვარ მულტიპლიკატორად მუშაობდა და ამ განხრით პროფესიული განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. შემდეგ თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და ზუგდიდის თეატრში გაანაწილეს. იქიდან ჩამოვიდა თუ არა, რუსთაველის თეატრის განუყოფელი ნაწილი გახდა. ქარიზმატულმა არტისტმა თავი იოლად დაიმკვიდრა. იყო თავბრუდამხვევი კარიერა, გასტროლები… მთელი ეპოქა! კინოშიც და თეატრშიც. თუმცა ბოლო წლებია თავი მხატვრობას “შეაფარა”, ასე ურჩევნია, აქ არის რეჟისორიც და არტისტიც. სახელოსნოში ზის და ხატავს. მხატვრობაზე კი, მოგონება ამგვარია.

ამონარიდი სამიოდე წლის წინანდელი ინტერვიუდან.

ჟანრი ლოლაშვილი

ჟანრი ლოლაშვილი: ბავშვობაში მამაჩემმა საოცარი ინდაური დამიხატა. ის ნახატი ახლაც მაქვს სადღაც შენახული, მაგრამ არ ვეძებ, იმიტომ რომ მეშინია, რომ ვერ ვიპოვო, მერე გული დამწყდება. ვიცი, რომ სადღაც არის.

ინდაურების მიმართ საოცარი დამოკიდებულება მქონდა და იმის შემდეგ ბევრი დავხატე.

ჟანრი ლოლაშვილი

მერე მოსკოვში ვსწავლობდი ხატვას. ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო მხატვრობასთან დაკავშირებული, მაგრამ ახლა მთლიანად გადაეწყო. ხანშიშესული კაცი ვარ, ამაოების მოძალებული გრძნობა მაქვს, ამიტომ ასე ჯდომასა და ფილოსფიურ აზრებთან ყოფნას, მირჩევნია, სახელოსნოში ჩავიდე და რაღაც დავხატო, იქ გავიწყდება სახელი, გვარი, ხდები სუბსტანციური, საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, არ გყავს რეჟისორი.

ჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილი

ჩემი მოღვაწეობა ხელოვნებაში მხატვრობით დავიწყე, თუ შეიძლება ასე ვუწოდო გაპრანჭულად. ახლა უფრო სხვანაირად ვუდგები როგორც მსახიობის ოსტატობას, ისე მხატვრობას. რთულია, მენტორული ტონით ილაპარაკო ან ერთ დარგზე, ან – მეორეზე. საერთოდ, ხელოვნება არაჩვეულებრივი რამ გახლავთ და ამ არაჩვეულებრიობას თან სდევს უამრავი სიმწარე, აღშფოთება, ნერვების გლეჯა, გაუთავებელი გამოცდები, სიხარულის განსაკუთრებული გრძნობები და ასე შემდეგ.

თეატრალური ხელოვნება თავის თავში ძალიან ბევრ ხელოვნებას მოიცავს ერთდროულად: პლასტიკას, დრამატურგიას, მუსიკას, რეჟისურას… მოკლედ, ამ „დავიდარაბაში“ ძალიან ბევრი რამ ხდება საინტერესო, ოღონდ, მას შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცა გზა განვლილი გაქვს და პროფესიონალურად უდგები ამა თუ იმ საკითხს. ჩემთვის როგორც მსახიობობაში, ისე მხატვრობაში ყოველთვის მთავარი იყო არა – „რა“, არამედ – „როგორ“.

ჟანრი ლოლაშვილი

ხელოვნებაში ძალიან რთულია ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შესვლა. როდესაც ხატავ და პირადად შენ გეკუთვნის ეს ნაღვაწი, მაშინაც კი, მაინც გჭირდება მაყურებელი, რომელიც დროზე შეაფასებს ამას და, შენი პირადი ზრახვები, რაღაც განსაკუთრებული სათქმელი ან ნააზრევი, შეიძლება, დილით, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, სასაცილო და არაფრის მთქმელი აღმოჩნდეს. ხდება ხოლმე ასე და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, ძალიან ხშირად ხდება…

ჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილი

ჩემს სახელოსნოში ყოფნა არის საგიჟეთი, იქ ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული არ არის, იქ ყველაფერი ყრია – რაც დამჭირდება, უცებ ხელშესახები რომ გახდეს. მე სწრაფად ვხატავ ყველაფერს და მიმაჩნია, რომ ორი-სამი დღე საკმარისია, მინდა, რომ ნახატი ერთი განწყობის ქვეშ მოხვდეს.

ჩვევები საინტერესო რამ არის. ვფიქრობ, მაქვს ჩემი ტექნოლოგიური პროცესები ხატვაში, ბევრი ამოცანა. ამით შეიძლება ამაოების გრძნობებს გასცდე და ამაზე ფიქრი შეანელო, იმიტომ რომ ეს საქმეა, ეს არის წრიალი. ეს ნიშნავს სიცოცხლეს, მექანიკას და ყოველ დღეს, რითაც ადამიანი დაკავებულია. როცა ვხატავ, არავინ ხელს არ მიშლის – მარტო ყოფნის გენიალურობაც ეს არის. აკი ვამბობ, როგორც მინდა… მაგრამ აქ ცენზურა დაცულია. სახელმწიფო ცენზურა სხვა რამეა, შენი ცენზურა სხვაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ცენზურა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ეს აყალიბებს ჩვევებს…

ჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილი

– რწმენისა და სიყვარულის როლი თქვენს ცხოვრებაში…

– მწამს სიყვარულის და მწამს ღმერთის. მე უფრო შოთას ღმერთი მწამს: „რომელმან შექმნა სამყარო“, ეს სხვა რამეა ჩემთვის. იყო ინდოეთის ომები, არის მახინჯი „დარა“. ციდან ჩამოსული რაც იყო, ღმერთებს ეძახდნენ საცოდავი ადამიანები. თუმცა იყო გენიალური ჭიდილები, ისტორია ყველაზე გაუპატიურებული მეცნიერებაა, სულ ტყუილებზეა აგებული, არაფერთან კავშირში არ არის…

პირველ რიგში საკუთარი თავის მეშინია, რომ რაღაც სისულელე არ ჩავიდინო. თავშეკავებული ვიყო, ჩემი ზრახვები ბოლომდე არ გამოვხატო. თუმცა სიყვარული უნდა გამოხატო, მაგრამ მე ვიცი სხვადასხვა მომენტები, რომ “სიყვარულსა მალვა უნდა” და არა ასე ცხვირ-პირში ტაკება. მოკლედ, ძნელია ადამიანი, რთულია მისი ცხოვრება, კითხვის ნიშნები არ ყოფნის ამ ყველაფერს და არის დინება, რასაც ცხოვრება ჰქვია, ჩვენ ყველა მივედინებით…

ჟანრი ლოლაშვილი

პირველ რიგში, სიყვარული სექსუალური მომენტის დაკმაყოფილების საშუალებაა და მერე სხეულის მიჩვევაა, მერე სურვილია ერთად ყოფნის. სექსუალური მომენტების გარეშე ადამიანი საცოდაობაა, ეს განაპირობებს სიყვარულს. ვნებაა სექსუალური პროცესები. სექსი ვნებაცაა და ომიც ორ ადამიანს შორის, დაკმაყოფილების განსაკუთრებული მოვლენები და მექანიკაა. სექსუალური ქალი, აღგზნებადია, ხელშესახებად საინტერესო, უამრავი სურვილი რომ ჩნდება.

ჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილი

ჩემს მხატვრობაში ხედავენ ძალიან სექსუალურ წინახედებს და უკანახედებს, იმიტომ რომ მე, საერთოდ, სხეულისა და ფორმების ხატვით ვარ გართული. მომხიბლავი ადამიანი უყურებს სხეულს, სხეულებს არჩევს ერთმანეთისგან, ამიტომ სხეულს ვაწვდი ნახატში.

ჟანრი ლოლაშვილიჟანრი ლოლაშვილი

შეკითხვაზე – ცხოვრების მთავარი ვნება რომელია – ქალი, მხატვრობა თუ თეატრი, მსახიობმა ასე უპასუხა;

ჟანრი ლოლაშვილი: ქალი, როგორც მოვლენა დიდი რამეა. გრძნობა და სექსუალური აქტია ყველაზე მთავარი, აბა, რა არის? სწორად გაიარო ხაზზე? გრძნობაში ხან მტყუანი ხარ, ხან მართალი, მაგრამ ესაა მთავარი.

ჟანრი ლოლაშვილი

***

თათული დოლიძისა და ჟანრი ლოლაშვილის შეხვედრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში შედგა.

“თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა. მახსოვს რეპეტიციები, როგორ სუნთქვაშეკრული ვუყურებდი თათულის, მაგრამ როდესაც ჩაიცვა და სცენაზე გამოვიდა, იქ გავნადგურდი.” – ასე იხსენებს მსახიობი შეხვედრის მომენტს.

თათული დოლიძე

მათი ურთიერთობა სპექტაკლ “ქალის ტვირთის” დროს დაიწყო და მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მიუხედავად იმისა, რომ ორივესთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მათმა ურთიერთობამ დროის გამოცდას გაუძლო.

მსახიობების წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.

თათულის თქმით, მათი ურთიერთობის საიდუმლო ერთმანეთის გვერდით დგომა, ოჯახის საკეთილდღეოდ ბევრ უსიამოვნო წვრილმანზე თვალის დახუჭვა და, რაც მთავარია, სიყვარულია. ​

თათული დოლიძე: შეიძლება ძალიან ბევრი გვიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ ცუდი სიტყვა არ გვითქვამს. შეიძლება დაშორდე კიდეც ადამიანს, მაგრამ შეურაცხყოფა არ შეიძლება.

ორი მსახიობის თანაცხოვრებას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ესეც პიროვნებებზეა დამოკიდებული. მე და ჟანრი ერთმანეთს ძალიან ვუწევთ ანგარიშს. ზოგს ჰგონია, რომ ერთმანეთის საქმეებში ვერევით, მაგრამ ასე არ არის. თუ ვთხოვ, რჩევა მომცეს, მაძლევს, მაგრამ ჩასაფრებული ნამდვილად არაა. ალბათ არიან წყვილები, როცა ან ქმარი აქცევს გადამეტებულ ყურადღებას ცოლს და მის საქმიანობაში ერევა, ან პირიქით, ცოლი ერევა. ჩვენ კი ცალ–ცალკე მოთამაშეები ვართ. თუ ერთად ვთამაშობთ სპექტაკლში, მაშინაც კი არ ვეხებით ერთმანეთს.

თათული დოლიძე

ავტორი: ზმნა