“მამა ნიკოლოზმა წინასწარ დაინახა ის რაც დათიმ გადაიტანა” – როგორ მიანიშნა ბერმა მოსალოდნელი განსაცდელი დათი ქოქრაშვილის დედას
მანანა ხორბალაძე – მამა გაბრიელის სულიერი შვილი, “ზმნასთან” ბერი ნიკოლოზის ზე-ბუნებრივ ნიჭზე საუბრობს. ამჯერად ის იხსენებს ისტორიას, რომელიც მის ახლობელს, ბერის წინასწარ ჭვრეტის შემდეგ გადახდა.
დათი ქოქრაშვილი ყველას გახსოვთ, ბიჭუნა, რომელსაც ტროტუარზე მანქანა დაეჯახა და დღეს ის ცალი ფეხით აგრძელებს ცხოვრებას.
სწორედ დათის დედის, ქრისტინე მამუკაშვილის შეხედვისას განჭვრიტა ბერმა, თუ რა ელოდა მას მომავალში…
აი, რას ჰყვება მანანა ხორბალაძე.
მანანა ხორბალაძე: ბერი ნიკოლოზი მამა გაბრიელმა გამაცნო. ჩვენ ისე დაგვაახლოვა ერთმანეთს, რომ მამა ნიკოლოზი ოჯახის წევრივით იყო ჩემთვის. მალე მძიმე სენით დავავადდი. მამა გაბრიელი ყოველ კვირა მიგზავნიდა ბერ ნიკოლოზს სახლში. იგი მაზიარებდა და პარაკლისს მიხდიდა. ჩემი შვილების პირველი აღსარებაც მან ჩაიბარა. ყოველი მოსვლისას მეუბნებოდა, მანანა, შენ არ იცი, რა ბედნიერი ხარ, რამხელა მადლია შენზე. ნეტა შენს ადგილას მე ვიწვე მაგ საწოლზეო.
მერე წლები გავიდა, მე უცხოეთში წამოვედი სამკურნალოდ. მის ამბავს სულ ვიგებდი ჩემი ახლობელი სასულიერო პირებისგან და მამა გაბრიელის სულიერი შვილებისგან.
ერთ ზაფხულს, საქართველოში რომ ჩამოვედი, მისი მონახულება გადავწყვიტე. იმჟამად წაღვერში ცხოვრობდა. მასთან ჩემმა სულიერმა ძმამ, მალხაზ ჯინორიამ წამიყვანა. ბერი ნიკოლოზი კვირაში ერთხელ გამოდიოდა თავისი ფიცრული ოთახიდან და ბაზარში მიდიოდა პროდუქტის საყიდლად, რომელსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა.
მალხაზმა მითხრა, ბაზრის კარებთან დახვდი, ვნახოთ, თუ გიცნობსო. ცოტა ხანში მოვიდა. რომ დამინახა ზეცისკენ აღაპყრო ხელები და ღმუილივით ხმა აღმოხდა, შემდეგ ჩამიკრა გულში და ჯვარი გადამსახა. იქ მყოფმა მონაზონმა მითხრა, მანანა, მამაოს ნაფეხურებს მიჰყევიო. მეც შესაბამისად მოვიქეცი. თან მახლდა ჩემი მეჯვარის ქალიშვილი ქრისტი (ყველასთვის ცნობილი დათის დედა). მეც და ქრისტიმაც ისტერიკული ტირი დავიწყეთ. არ ვიცი, რა დაგვემართა.
ცოტა ხანში შემობრუნდა, მიყურებდა და უცებ გულზე მიიდო ხელი. ჩამოჯდა, ყველის გამყიდველ ქალს ანიშნა, ნემსი და ძაფიო. ამ დროს გულის მხარეს ელვა შეიხსნა. ყველას ეგონა, გული ჰქონდა ცუდად. მამაომ ხელით ანიშნა ხალხს, მე არაო და გახსნილი ელვა ნემსით და ძაფით ამოიკერა. ისევ ხელით გვანიშნა, კარგად იქნება ყველაფერიო. ამი შემდეგ, მალხაზმა მკითხა, მანანა, გულზე ოპერაციას ხომ არ იკეთებო? მე ვუთხარი, ჯერ არა, მაგრამ შესაძლებელია გავხდე საოპერაციო-მეთქი. ეს იმის ნიშანი იყო, ვიღაცას გულზე ოპერაცია დასჭირდებაო.
მამაომ ამის შემდეგ ისევ გააგრძელა გზა. მე აღარ ვტიროდი. ქრისტი კი გულამოსკვნილი ტიროდა. მამაო ისევ შემობრუნდა, ქრისტის შეხედა, მასაც თვალები აეცრემლა, თავზე დაადო ხელი, ჯვარი გადასახა და ხელით ანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო.
ალბათ, ყველამ იცით, ქრისტის უდიდესი განსაცდელის შესახებ, რაც პატარა დათიმ გადაიტანა…
მამა ნიკოლოზმა ეს წინასწარ დაინახა…
მჯერა,მისი და მამა გაბრიელის ლოცვით დათის უფალმა მეორე სიცოცხლე აჩუქა.
რაც შეეხება ელვის გახსნას და გაკერვას, ბელგიაში დაბრუნების შემდეგ, რამოდენიმე თვეში, ჩემს მეუღლეს, გულზე სასწრაფოდ უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. მხოლოდ მაშინ გამახსენდა მამა ნიკოლოზის ის ქმედება…
წყარო : Zmna.ge