“მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც ტელევიზია მაინტერესებდა”
მოდელ და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს უკვე არაერთი წელია, მაყურებელი კარგად იცნობს და ამ წლების მანძილზე მან გულშემატკივართა დიდი არმიაც გაიჩინა – განსაკუთრებული აურა, მომხიბვლელი გარეგნობა და სიმშვიდე მისი სავიზიტო ბარათია. მანიკა ასათიანი ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე წამყვანის ამპლუაში, ამჯერად კი “იმედის დღის” სტუმარი თავად იყო და კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა:
“13 წლის ვიყავი, სამოდელო საქმიანობა რომ დავიწყე. მოდელობის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია, არც ბავშვობაში მქონია ამის ოცნება და არც ტელევიზია მაინტერესებდა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცნაირად წარიმართა. ჩემს სამოდელო საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის ბებიაჩემს, რომელმაც ქასთინგის რეკლამა ნახა და მთხოვა, რომ გვესინჯა. მეც არ ვუთხარი უარი, რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ მიყვარს კამერა და მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, სერიოზულ პროფესიად კი არასდროს მიქცევია. მე რომ სამოდელო საქმიანობა დავიწყე, უკვე საზღვარგარეთ მიდიოდნენ, მე კი სერიოზულ პროფესიად არასდროს მომნდომებია და ვთვლი, რომ სერიოზულადაც არ მივუდექი, ჰობის დონეზე დარჩა.
მე 17 წლის ვიყავი, ბექა 21 წლის იყო, როცა დავოჯახდით. ბექამ მნახა “ჯეოსტარზე” და იქიდან მოვეწონე, შემდეგ საერთო ნაცნობი გამონახა და გამიცნო. მან მომხიბლა თავისი საქციელით და დამოკიდებულებებით. დიდად რომანტიკული ადამიანი არ არის, არც მე ვარ რომანტიკული. სიღრმისეული ფასეულობებით ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ ტიპაჟურად რადიკალურად განსხვავებულები ვართ. ბექას ძალიან მამაკაცური თვისებები აქვს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მყარი ფსიქიკა აქვს, თავდაჯერებულია, რამაც ძალიან მომხიბლა”, – ამბობს მანიკა.