“მთელ ლოს-ანჯელესს რომელიც ძალიან ჰგავს სოხუმს, ჩემი კივილი ესმოდა” – ჯანო იზორია ჰოლივუდური ამბებით
ნოდარ მარშანიშვილის მოკლემეტრაჟიანი ოჯახური დრამა – “კარს მიღმა”, ლოს-ანჯელესის ფილმის ფესტივალზე – “ბევერლი ჰილსზე” მოხვდა. სურათი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში აჩვენეს.
ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე და ჯანო იზორია თამაშობენ. ეპიზოდურ როლშია ცუცა კაპანაძე.
ფესტივალს ქართული გადამღები ჯგუფი არასრული შემადგენლობით დაესწრო. მერაბ ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადაღებებზე იმყოფება.

“ზმნას” ემოციას უზიარებს მსახიობი ჯანო იზორია და ამერიკულ ვოიაჟზე უყვება.
ჯანო იზორია: 26-ე წელია რაც ფესტივალი “ბევრლი ჰილსი” ტარდება და მერგო პატივი და მის წითელ ხალიჩაზე აღმოვჩნდი. სასტუმრო “ჰილტონში” იყო დაჯილდოება. ჩემებს უნახავთ კევინ კოსტნერი სასტუმროში, თუმცა ის ფესტივალზე არ ყოფილა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფესტივალზე, ასე გამოიყურებოდა: რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი, ოპერატორი და ფილმის კომპოზიტორი – გუკა გოლიაძე, მხატვარი ლაშა ზამბახიძე, პროდიუსერები ვაკო კირკიტაძე, ნიკოლოზ გუგუშვილი.

ძალიან სასიამოვნო იყო წითელ ხალიჩაზე გავლა, სმოკინგით.
“ლუქი” მე ავაწყე – სმოკინგი, ბაფთა. როგორც მეუბნებოდნენ, სიმპათიურად გამოვიყურებოდი.


რაც შეეხება ფილმს. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება ამერიკაში იგეგმებოდა. ვინაიდან ამერიკის საელჩოში გართულებული იყო ვიზების გაცემა, ჩემი ამ ფილმში თამაში, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა რეჟისორს სურდა, რომ ფილმში მე მეთამაშა.
მერაბ ნინიძის ეპიზოდს გურიაში იღებდნენ და ჩავედი. მას არ ვიცნობდი. ამაზე კარგს და საინტერესოს, რას ვნახავ-მეთქი და გადასაღებ მოედანზე მის გასაცნობადაც ჩავედი. რეჟისორს გულდაწყვეტით ვუთხარი, ვისაც ვიზა აქვს, ის უნდა გადაიღო ამერიკაში-მეთქი. და ნოდარმა ერთ-ერთ დიდ დღესასწაულზე დამირეკა, მომილოცა და მითხრა, მაინც შენ უნდა გადაგიღო, ასეთი რამ მოვიფიქრეო. მე ამ ფილმში ტყუპების როლში ვარ. ერთი ძმა ბერლინშია და იქ გადაგიღებ და მეორეს კადრები მაინც სულ ინტერიერშია და ამიტომ თბილისში გადავიღოთო. ამგვარად გადაწყდა პრობლემა. ფილმის მხატვრის, ლაშა ზამბახიძის სახლში გადავიღეთ ნიუ-იორკის სცენები. მერე ვამბობდით, რა საოცარია ცხოვრება, მაინც ამერიკაში მოგვიწია ჩასვლა. ამ ფილმმა მაინც ჩაგვიყვანა ლოს-ანჯელესში.
ფილმი პატიებასა და მიმღებლობაზეა. ოჯახური დრამაა. ერთი ძმისთვის მეორე ტყუპი მიუღებელია. ჩემთვის, სამუშაოდ, საინტერესო იყო ძმების როლები. მერაბი უფროსი ძმის როლშია. მასთან ჩემი გმირები სატელეფონოდ კონტაქტობს. მოკლედ, ბევრს არაფერს მოვყვები.

ფესტივალში ბევრი ფილმი მონაწილეობდა, დიდი კონკურენცია იყო. ჩვენც მადა მოგვივიდა ჭამაში და პრიზი გვინდოდა. გულისწყვეტა იყო, მაგრამ უცებ გავაცნობიერეთ, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღებაც წარმატება იყო. თან გავითვალისწინოთ ის, რომ სამომავლო ფესტივალები დაიგეგმა. შემოთავაზებები წამოვიდა. ჯილდო არ აგვიღია, მაგრამ დაჯილდოებაზე ვისხედით და ეს სასიამოვნო იყო. მოდიოდნენ და რეჟისორს კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ.

გზის და ბილეთის ფული კინოცენტრმა გამოყო, მადლობა მათ. რახან ფესტივალი სასტუმროს არ უზრუნველყოფდა და ლოს-ანჯელესში არავინ მყავდა, მეგობარს, გოგლიკო დოლიძეს დავურეკე, კინომცოდნე გოგი დოლიძის შვილიშვილს. ის ადრე ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში. ვეუბნები, ვიზა ავიღე და “ბევერლი ჰილსზე” მივდივარ და რაღა ახლა წამოხვედი იქიდან-მეთქი. შენ მაგაზე არ ინერვიულოო, მითხრა და დამახვედრა სოხუმელი ჭანტურიძეების ოჯახი. უღრმესი მადლობა მათ გემრიელად და ძმაკაცურად მასპინძლობისთვის. ასევე გვმასპინძლობდა ნინო ფაჩულია, რომელიც აფხაზეთშია გაზრდილი. ყველანი ცდილობდნენ ლოს-ანჯელესის დათვალიერებით სიამოვნება მოენიჭებიათ ჩემთვის.

გიორგი ჭანტურიძის ბინიდან ას მეტრშია ჰოლივუდის ბულვარი. ყოველდღე გავდიოდი და ვათვალიერებდი. “დოლბის” კინოთეატრი ვნახე, სადაც ოსკარების დაჯილდოების ცერემონია ტარდება. იქვე იყო ცნობილი ჩინური კინოთეატრი, სადაც ჩვენი ფილმის საპრემიერო ჩვენება შედგა.
ვიყავი მალიბუშიც. ოკეანის პირას, ისეთ რესტორანში ვისადილეთ, სადაც ვარსკვლავები იკრიბებიან. ჩემს იქ ყოფნის დროს შემოვიდა “აგენტი 007” – ტიმოთი დალტონი. დავათვალიერე ვარსკვლავების ვილები. ვხუმრობდი, ჩვენებურად ჭიშკრებთან არ სხედან ბირჟაზე-მეთქი? წარმოიდგინეთ, “სკამეიკაზე” ჭიშკართან რომელიმე რომ მენახა!
მიჩქმიტეთ, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი, ვხუმრობდი.
ლაშა ზამბახიძემ საოცარი რამე ჩამიტარა – “უნივერსალ სტუდიაში” მანქანით შევედით. ერთი დღის საშვი ამიღო. ლაშას ამ სტუდიაში ფილმებზე უმუშავია, როგორც მხატვარსა და სცენოგრაფს. ასე რომ დავათვალიერე ლეგენდარული “უნივერსალ სტუდიო”.

ჩემმა ძმაკაცმა ლევან ღვამიჩავამ, რომელიც პროფესიონალურ კრივში წარმატებული იყო, სან-ფრანცისკოდან ცოლ-შვილთან ერთად ჩამომაკითხა და ჰოლივუდის ცნობილ მთაზე ავედით. “უნივერსალ სტუდიოს” საოცარი ატრაქციონები ვნახე. ჰარი პოტერის ატრაქციონებზე ისეთი შთაბეჭდილებები მივიღე. სიგიჟეები იყო… ჩემი კივილი, ალბათ, მთელ ლოს-ანჯელეს ესმოდა. ტრანსფორმერებში შევედით, ექსტრემალური იყო… დინოზავრების პარკში ვიყავით.
მოკლედ, მსახიობებისთვის საოცნებო ადგილია. მინდა, ერთხელ მაინც ყველა არტისტმა ნახოს.

ლოს-ანჯელესი მაგრად ჰგავს აფხაზეთს. მახსოვს, ჩემმა პედაგოგმა, რეზო ჩხეიძემ ლექციაზე ასეთი რამ თქვა: აფხაზეთი რომ არ “დაკარგულიყო”, ქართული კინოსტუდიის იქ გადასვლა იგეგმებოდა. ამას დამატებული ა კლასის კინოფესტივალი და საოცრება იქნებოდა. იმედი მაქვს, დავიბრუნებთ აფხაზეთს. ეს გეგმა კი უნდა განხორციელდეს. ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა განიხილოს.
ნინი ფაჩულიამ, რომელიც ახალ ათონშია დაბადებულ-გაზრდილი, მითხრა, ექვსი თვე მოვიარე ამერიკა და ამ ადგილის ანდამატმა, აფხაზეთთან მისმა მსგავსებამ და ენერგეტიკამ გამაჩერაო. მთები, ოკეანე, პალმები, კომპაქტური სახლები… მართლა საოცრად ჰგავს…

მაიკლ ჯექსონზე გადაღებული ფილმის პრემიერისთვის ემზადებოდნენ “ელ კაპიტანოში”. მთელი ლოს-ანჯელესი აჭრელებული იყო ახალი ფილმების პოსტერებით. “ეშმაკი ატარებს პრადას” მეორე ნაწილი გადაიღეს და მერილ სტრიპისა და ენ ჰეთევეის პოსტერები იყო ყველგან. რომ უყურებ და იცი, რომ მალე აქ ჩატარდება ასეთი ხმაურიანი პრემიერა, განსხვავებული ემოცია გვეუფლებოდა.
მივხვდი, რომ ინლგისური უნდა ვისწავლო.
ზეგ ფოთში მონოსპექტაკლ “ყვარყვარეს” ვითამაშებ და 25 აპრილს, მაკედონიაში, მონოსპექტკლების ფესტივალზე მივფრინავ.
მსოფლიოში მიმოფანტულ მთელ ქართველ ერს კი ვუსურვებ იყვნენ რეალიზებულნი და ჰქონდეთ სამშობლოშ მიმოსვლის საშუალება. ჩვენ ნოსტალგიური ერი ვართ. მეგობარს რომ ემშვიდობები, სენტმენტები გეძალება. ამიტომ სამშობლოში თავისუფლად მიმოსვლის საშუალება მინდა ყველას ჰქონდეს.
