“სავლე სულიერად იყო ბრმა…”- რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა
ილია თოფურიას სენსაციურმა მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მსოფლიო შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც ირკვევა, სპორტული დაპირისპირების მიღმა გაცილებით უფრო მძიმე, პირადი დრამა იმალებოდა. ბრძოლამდე ატეხილი სკანდალი, რომელიც ილიას განქორწინებასა და ოჯახის წევრებს შეეხებოდა, გასცდა სპორტულ ფარგლებს და ნამდვილ საინფორმაციო ომში გადაიზარდა.
გეიჯის პროვოკაცია თოფურიას განქორწინებაზე: “მეც მივატოვებდი მას…“
როგორც ირკვევა, ამერიკელმა მებრძოლმა ბრძოლამდე კარგად იცოდა ილიას სუსტი წერტილი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკით დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში გეიჯიმ საჯაროდ ახსენა ილიას დაშორება მის მეუღლესთან, ვენესუელელ ბიზნესლედი ჯორჯინა უსკატეგისთან.
გეიჯიმ განაცხადა, რომ თოფურიას იმდენად “აუტანელი” ხასიათი აქვს, რომ სრულიად ესმის მისი ყოფილი ცოლის: “მეც მივატოვებდი მას“, – აღნიშნა ამერიკელმა.
ამან ქართველი ჩემპიონის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ილიამ სოციალურ ქსელში ოჯახის დაცვა სცადა: “ჯასტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. ჩვენ ერთად აღარ ვართ, მაგრამ ის ჩემი შვილის დედაა! ყველამ, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს – გამოიჩინეთ ელემენტარული პატივისცემა. დედის პატივისცემა ცხოვრების მთავარი კოდექსია“, – დაწერა ილიამ.
დაპირისპირება მამების დონეზე: “ვინ არის ახლა დაბალი?“
კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა, როცა საქმეში ჯასტინ გეიჯის მამაც ჩაერია. თოფურიამ არ დამალა, თუ რატომ გაბრაზდა მეტოქეზე ასე ძალიან:
“მამაშენი ამ საქმეში არ უნდა ჩაგერია. მან ლუდის ბოთლით ხელში საჯაროდ მიწოდა “დაბალი“ და თქვა, რომ შენ დამლეწავდი. მერე შენ დაიწყე ჩემს განქორწინებაზე ლაპარაკი… იდიოტო, ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ერთად ცხოვრებისთვის პარტნიორს არ ვეძებ. როცა ოქტაგონზე დაგაძინებ, მამაშენს შევხედავ და ვკითხავ: აბა, ვინ არის ახლა დაბალი?!“ – მიმართავდა ილია გეიჯის ბრძოლის წინ.
თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა – თეთრ სახლში გამართულ უმძიმეს ბრძოლაში გეიჯიმ ილიას ორივე თვალზე ტრავმა მიაყენა, მეოთხე რაუნდში ილიას ძმამ, ილიას მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თოფურია პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყოფილი მეუღლის პოსტი: “სავლე სულიერად იყო ბრმა “
ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი მაინც ილიას ყოფილი ცოლის, ჯორჯინა უსკატეგის რეაქციამ გამოიწვია. ქმრის მძიმე მარცხისა და ფიზიკური ტრავმის (დროებითი სიბრმავის) შემდეგ, მან “ინსტაგრამ სთორიში“ ბიბლიური ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც ბევრმა თოფურიას მისამართით პირდაპირ ირონიად და დარტყმად აღიქვა:
“სავლე წამოდგა მიწიდან, მაგრამ თვალგახელილი ვერავის ხედავდა (საქმეები 9:8). სამი დღის შემდეგ, მოწაფემ ილოცა მისთვის და მას მხედველობა დაუბრუნდა“.
ჯორჯინამ ამას საკუთარი განმარტებაც დაურთო, რომელიც, ფაქტობრივად, ილიას ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.
“ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად უფრო მეტად აღიქმება, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური მხედველობის დაკარგვა: ეს სიმბოლურად ნიშნავდა, რომ სავლე სულიერად იყო “ბრმა“ და სჭირდებოდა გაჩერება, რათა საგნები სულ სხვა კუთხით დაენახა, ვიდრე თავის გზას გააგრძელებდა. გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
UFC-ის სამყარო და ქართველი გულშემატკივრები ახლა ორ ბანაკად არიან გაყოფილები: ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა ცოლმა ილიას ყველაზე მძიმე მომენტში ზურგში ლახვარი ჩასცა და დასცინა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს მინიშნებაა – ილიას დიდი პაუზა, ამბიციების დაცხრობა და ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასება სჭირდება.
ერთი რამ ცხადია: “მატადორს“ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას – როგორც ოქტაგონზე, ისე პირად ცხოვრებაში.