ცნობილი ქართველი მოდელი, ბიზნესმენი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია სალომე კახეთელიძის გადაცემის “Speak Easy” სტუმარი იყო. გულწრფელ ინტერვიუში მან საკუთარი კარიერის დასაწყისზე, თინეიჯერობის ასაკში არსებულ კომპლექსებზე, სცენის შიშსა და იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა.
“არ მიყვარდა და სცენაზე დგომა ჩემი მოწოდება არ ყოფილა. 14-15 წლის ასაკში არ გაქვს ის თავდაჯერებულობა, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მქონდა, რომ ასე თამამად ვყოფილიყავი… დიახ, თავდაჯერებულობა მაკლდა და სცენაზე გამოსვლა ძალიან მიჭირდა.
სხვა მიმართულებით რომ გამეგრძელებინა, მაშინ უცხოეთში უნდა წავსულიყავი, სადაც მამაჩემმა არ გამიშვა, თორემ მოწვევა მქონდა – ამერიკაში. თუმცა, რადგან არ გამიშვეს, ახლა აქ ვარ და არაფერს ვნანობ.
შევეგუე ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მაშინ მეც არ ვიცოდი… წარმოიდგინეთ, როდესაც ამ პერიოდზე ვსაუბრობთ, ეს 1994-1995 წლებია, როდესაც ამ სფეროს სერიოზულად საერთოდ არავინ უყურებდა. მეც არ ვიცოდი, რა იქნებოდა ან სად იქნებოდა; ეს ყველაფერი იმდენად ბუნდოვანი იყო… მაშინ ამერიკა რომ გესმოდა, ისე ხომ არ იყო, როგორც ახლაა. ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდი. ამიტომ, დიდი სიამოვნებით დავანებე თავი ამ სფეროს, სხვაგან გადავინაცვლე და სხვა მიმართულებებში დავიწყე საკუთარი თავის ძებნა, ” – ამბობს ლიკა კვარაცხელია.