“ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი – არ ვჯდებოდი ჩარჩოებში”

36

ია ფარულავა ეკრანებზე პირველად ჯერ კიდევ 1981 წელს გამოჩნდა, როცა სულ რაღაც 12 წლის იყო. განსაკუთრებული ნიჭითა და გამორჩეული გარეგნობით დაჯილდოებული გოგონა მოგვიანებით ნამდვილ ვარსკვლავად იქცა – კინოსამყარომ ის ჰოლივუდამდეც კი მიიყვანა, თუმცა მან მაინც მშობლიურ საქართველოში დაბრუნება არჩია და დღეს მისი ცხოვრება ისევ თბილისურ, მისთვის კარგად ნაცნობ რიტმს მიჰყვება.

წლების განმავლობაში ის სატელევიზიო სივრცის მთავარ სახედ რჩებოდა, ახლა კი, როცა საზოგადოებრივი ინტერესი სოციალურ ქსელებში გადავიდა, მსახიობი ახალ პლატფორმებსაც იპყრობს. ია ფარულავა ზაკ მირიანაშვილის პოდკასტს, „შანტრაპას“ ეწვია, სადაც უშუალოდ და გულწრფელად გაიხსენა „შინდლერის სიის“ ისტორიული კასტინგი, თეატრალური კულისები და საკუთარი გამოცდილებით ისაუბრა თვითშეფასებასა თუ სილამაზის სტანდარტებზე.

– ჩემი გარეგნობა, რომელიც არ გახლდათ სტერეოტიპული ქართული გარეგნობა. ძალიან ვგავდი ესმერალდას, რაღაცნაირ ფლამენკოს, ცოტა ანდალუსიურ კარმენს – აი, ასეთი შესახედავი ვიყავი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ზღვაზე დასასვენებლად წავიდოდი და სექტემბერში გარუჯული ჩამოვიდოდი ხოლმე – სულმთლად შავი ვიყავი, მარტო კბილები ანათებდა.სწორედ ეს განსაკუთრებული გარეგნობა იპყრობდა პირველ რიგში ყურადღებას. მეორე რიგში კი, ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი – არ ვჯდებოდი ჩარჩოებში. ახლა ეს ხასიათი რატომ მქონდა ასეთი, არ ვიცი, მაგრამ მაინც ხელოვანის ოჯახში ვიყავი გაზრდილი – მამა მოქანდაკე იყო და ხშირად ვსტუმრობდი მის სახელოსნოს. იქ ვუყურებდით ამ ქანდაკებებს, შიშველ ნატურებს და ასე შემდეგ… იქვე იყო მუსიკა, კლასიკური მუსიკა. მოკლედ, არ ვგავდი არავის, მაგრამ შენ წარმოიდგინე – მე მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ ვიყავი რაღაც განსაკუთრებული.

ეს მერე მეუბნებოდნენ უკვე: „აი, ინსტიტუტში ერთხელ დაგინახე ამ შენი ხუჭუჭა თმებით და რა ლამაზი იყავიო“. ვფიქრობდი ხოლმე – კაცო, მოსულიყავი და გეთქვა! გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი. არა, არავინ არაფერს მეუბნებოდა, სამწუხაროდ.

ამ ჩემს თავისუფლებას და ჩემს რაღაც საოცარ ბუნებას – „ანიმა მუნდი“ ვიყავი, რასაც ჰქვია – ძალიან ცუდად შეეჩეხა პირველი ქორწინება. იქ, ფაქტობრივად, იყო ჩემი ფრთების მოკვეთის მცდელობა. ჩემი პირველი გამოცდა სწორედ აქედან დაიწყო.

ნუ, გამოცდები მანამდეც მქონდა, ბავშვობაშიც, და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა იყო: აბა, ვინ მაჯობებდა – მე თუ ტრადიციული ქართული ოჯახური კლანი, რომელიც მთხოვდა, თეატრალური ინსტიტუტიდან საბუთები გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა.

ვეუბნებოდი – სამედიცინოზე არც ფიზიკა ვიცი, არც ქიმია და არც მათემატიკა-მეთქი. „არ არის პრობლემა, ჩვენ მოვაგვარებთო“ – მპასუხობდნენ. მე კი ამ დროს მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი ვიყავი, მისი უსაყვარლესი სტუდენტი, და მისაღებ გამოცდაზე ხუთიანი მქონდა მიღებული. როგორი იყო ახლა საბუთების გამოტანა და სამედიცინოზე გადატანა?!

კინო და თეატრალური ინსტიტუტი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. მე ხომ სამსახიობო ხელოვნებაში კინოდან მოვედი. სიმართლე რომ გითხრათ, მსახიობობა საერთოდ არ მინდოდა. რომ გითხრათ, ძალიან მაგარი მსახიობი ვარ-მეთქი – აი, მსახიობური გარდასახვა რომ გჭირდება და როცა დაგჭირდება, უნდა იტირო – ასე არ ვარ. მე ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ემოციებს.

ამიტომ, მე დიდად არ მინდოდა ეს გზა, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნა იყო – მას შემდეგ, რაც 11 წლის ასაკში პირველად გადამიღეს ფილმში. ჩემმა მშობლებმა ისიც კი არ იცოდნენ, თეატრალურში საბუთები რომ შევიტანე – ჩეხოსლოვაკიაში, კარლოვი ვარიში იყვნენ. მე ავდექი, საბუთები შევიტანე და ჩავაბარე. მივიღე ხუთიანი – მარტო მე მქონდა ხუთიანი მისაღებ გამოცდაზე – და მოვხვდი პირველ კურსზე, მერე კი უკვე კინომსახიობთა თეატრშიც.

– იცი, რა? მე პარალელურად სულ მიღებდნენ ფილმებში: ეს იყო „ფესვები“, „მოლოდინი“, „მოახლოება“… ბევრი ფილმი იყო.

და უცებ, 1987 წელს, მიხეილ თუმანიშვილმა – ღმერთმა აცხონოს მისი სული – ჩვენ, მთელი ნარჩევი ახალგაზრდები, მათ შორის გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, წაგვიყვანა გემ „გრუზიაზე“. „გრუზია“ ერქვა იმ გემს, რა ვქნა, გენაცვალე – „საქართველო“. იქ მიმდინარეობდა საერთაშორისო ტელეფილმების ფესტივალი, სადაც ჩამოსულები იყვნენ ცნობილი პროდიუსერები და რეჟისორები ყველა ქვეყნიდან – იტალიიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. გემმა სათავე ბათუმიდან აიღო, მიდიოდა შავ ზღვაში – ნოვოროსიისკი, სოჭი… და მერე ბრუნდებოდა სოხუმში.

აი, ამ გემზე მე ვიყავი, როგორც ერთ-ერთი ლამაზი გოგო. მოკრიბა კაცმა ეს „კრემ დე ლა კრემ“ ახალგაზრდები, რომლებსაც სიმღერაც შეეძლოთ, ცეკვაც, გაბედულებიც იყვნენ… გვამეცადინებდნენ ხოლმე: რაღაც ვარჯიშები, აერობიკა, მერე საუნებში დავდიოდით, რომ შევჩვეოდით რაღაც ძვირფას ცხოვრებას. იქ ვინმეს კამერა რომ ჰქონოდა და რეალითი გადაეღო, წარმოგიდგენია, რა მაგარი იქნებოდა? მაგრამ სად იყო მაშინ კამერა…

მოკლედ, ამ გემზე ერთი ფოტოგრაფი სულ დასდევდა და ფოტოებს მიღებდა. მერე ჩემთან მოვიდა ცნობილი რუსი რეჟისორი ლენინგრადიდან – იგორ მასლენიკოვი, ფილმ „ზამთრის ალუბლის“ („ზიმნიაია ვიშნია“) ავტორი. მითხრა: „მე თქვენ გაკვირდებით, ახალ ფილმს ვიღებ და მინდა მთავარ როლში მოგიწვიოთო“. აბა, მაშინ მობილური ტელეფონი სად იყო? სახლის ნომერი მივეცი. გადის რამდენიმე ხანი და მირეკავენ: „ჩამოფრინდით ლენინგრადში, სინჯები უნდა გაიაროთო“.

ამ დროს მე თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობ. მიშა თუმანიშვილს კი ვუყვარდი და გიჟდებოდა ჩემზე. მე და ეკა კახიანი რომ წაგვიყვანა თეატრში, ორივეს ერთად მოგვცა როლი სპექტაკლში „ნატაძრალი“ (რატომღაც „ნატრაწალს“ ეძახდნენ და არ ვიცი, რატომ) და კიდევ ერთ სპექტაკლში ვიყავით. დავდივართ ამ გაუთავებელ რეპეტიციებზე, ტრენინგებზე და უცებ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა! თან, კარგად იხდიდნენ – მაშინ 17 000 მანეთი გადამიხადეს. ეს საოცრად დიდი ფული იყო! რას ლაპარაკობ, კარგ ბინას იყიდდი, მაგრამ მე რა ბინის მყიდველი ვიყავი? ყველაფერი „შმოტკებში“ წავიდა, ტანსაცმელში ვხარჯავდი ფულს გიჟივით. ოჯახი არ მიშლიდა, ჩემი ფული იყო და ოჯახის შენახვა მე არ მჭირდებოდა.

წავედი, გავიარე ძალიან რთული სინჯები – ე.წ. პრობები და დამამტკიცეს როლზე. ლენინგრადიდან რომ ჩამოვედი, თეატრში დამიბარეს. მივედი, მთელი დასი დარბაზში იჯდა. შევედი და ბატონმა მიშამ მითხრა: „შენ იმის გამო, რომ დაუკითხავად წახვედი გადაღებებზე ლენინგრადში, გაგდებული ხარ თეატრიდან“.

ნახევარ თეატრს, რა თქმა უნდა, გაუხარდა, ჭკუაზე არ იყვნენ. მე, ცხადია, ძალიან მეწყინა. „წადი ახლა შენ აქედანო“, – მითხრა და აი, ასე გამომაგდო.

ნუ, რა ვქნათ, გამომაგდო – გამომაგდო. დიდი თეატრის მტვრით დაავადებული ადამიანი მე არასდროს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ. კინოშიც რომ გითხრა – მე უფრო ჩემი თავის, საკუთარი პერსონაჟის მსახიობი ვარ, აი, „ვატრაკებ“ და მიხარია, რასაც ჰქვია. ჩემი მაინც უფრო ტელევიზია და ტელეწამყვანობაა, ეს უფრო ჩემი საქმეა… თუმცა, „ფესვების“ ის ლეგენდარული ეპიზოდი მაინც ისტორიას დარჩა.