“ოჯახი ყველა გზით უნდა შეინარჩუნო, რადგან ამაზე დიდი მონაპოვარი ცხოვრებაში არაფერია”

30

რეჟისორი ციცინო კობიაშვილის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობს. როგორც გვითხრა, მისი სათქმელი ისეთი მარადიული თემებია, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა – ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი.

რეჟისორის ოჯახში ორი მსახიობი ცხოვრობს – ქმარი, თემურ კილაძე და შვილი, ჯაბა კილაძე. ქალბატონი ციცინო გვიამბობს, რომ როდესაც რეჟისორობა გადაწყვიტა, ქმარი ცოლს თვეების განმავლობაში ხმას არ სცემდა, ახლა კი მის სპექტაკლებში მთავარ როლებს სიამოვნებით ასრულებს.

სპექტაკლისთვის მზადება უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს არა მხოლოდ ჩემგან, ეს გუნდური მუშაობაა და ყველა ჩართულია – ტექნიკური სტაფი, ქორეოგრაფი, კომპოზიტორი… ეს ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ ჩვენთვის ეს სიცოცხლეა და ამის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ყველაზე კარგი კი ისაა, როდესაც შენს ნაშრომს მაყურებელი აფასებს დადებითად. ამაზე დიდი ბედნიერება არც არსებობს!

ჩემთვის მთავარია, რა მაქვს სათქმელი მაყურებლისთვის. გავაკეთო სპექტაკლი იმიტომ, რომ ვინმე მოვიდეს, მოკვდეს სიცილით და წავიდეს, არ იქნება მნიშვნელოვანი. მთავარია, ძალიან სერიოზულ თემებზე ვილაპარაკო, თუნდაც გაიღიმოს, გაიცინოს, ოღონდ ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდეს.

არ მიყვარს ბოროტი პიესები და ისეთი სპექტაკლის დადგმა, რაც მე არ მაინტერესებს. არის საინტერესო და ღრმა პიესები, თუმცა იქ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც მე მანადგურებს და არ შემიძლია მათზე მუშაობა. როცა ბოროტება, გველობა, ტრაგიკული მომენტებია, ვერ ვმუშაობ. მე ადამიანურ თემებზე მიყვარს ლაპარაკი. ისეთ თემებზე, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა არც ერთ დროში, არც ერთ სივრცეში. ეს არის ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი და ა.შ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი და ამაზე მინდა, ვილაპარაკო, სანამ კიდევ მექნება ღონე.

_ ძირითადად ქალების სათქმელსა და სატკივარზე ყვებით, არა?

_ არა მხოლოდ ქალებზე. დავდგი არაჩვეულებრივი სპექტაკლი „კაცები“. 6 კაცი მონაწილეობდა. ჩემი „ქალების“ ავტორი ვინც არის, მან ჯერ კაცებზე დაწერა პიესა. ქალებმა რომ ნახეს, შეუჩნდნენ და დააწერინეს ქალების ვარიანტი. ჩვენ ჯერ „ქალები“ დავდგით და მერე „კაცები“. გული მწყდება, რომ აღარ არის ეს სპექტაკლი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ზურიკო (მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი _ რედ.შენ.) აღარ არის. სხვა კიდევ ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც აღარ განვაახლეთ.

კაცებსაც თავისი პრობლემები აქვთ. თითქოს ქალებზე უფრო ცეტები არიან და უფრო მსუბუქად უყურებენ გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ პრობლემები მათაც აქვთ.

_ სპექტაკლი „უშენოდ არ შემიძლია“ მარადიულ პრობლემაზეა – ღალატზე. თვლით, რომ ეს აქტუალური პრობლემაა?

_ ჩვენ დავარქვით ასე, თორემ პიესას ჰქვია „მომყიდეთ თქვენი ქმარი“. ამ სპექტაკლში კლასიკური სამკუთხედია – ცოლი, ქმარი და ახალგაზრდა საყვარელი. როდესაც ამ სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე, არაფრით მიფიქრია, რომ ასეთი მწვავე იქნებოდა საზოგადოებისთვის. ახლობელი თუ შორებელი, ვინც უყურებდა ამ სპექტაკლს რეპეტიციებსა თუ თამაშის დროს, იმდენ მაგალითს ყვებოდა. აღმოჩნდა, რომ ღალატი ძალიან აქტუალური საკითხია და ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში.

_ ალბათ წარმოუდგენელი ტკივილია, რაც ღალატს მოაქვს. როგორ შეძელით, ღალატზე იუმორით გელაპარაკათ?

_ მე დამიფარა უფალმა ამისგან! ჩემს თავზე არ გამომიცდია ეს საშინელება, მაგრამ მართლა კატასტროფაა, როდესაც შენს მრავალი წლის ოჯახს ანგრევს შვილისტოლა ადამიანი და ანგრევს ყველაფერს, რაც მთელი ცხოვრება გიშენებია. ამას შეიძლება გადაჰყვეს ადამიანი…

მართალია, ჩვენ ამაზე სპექტაკლში გაღიმებული და კომედიის ჟანრში ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ხომ ძალიან მტკივნეული ამბავია?! აღმოჩნდა, რომ იმდენი მოღალატე ყოფილა გარშემო… მიყვებოდნენ, ჩემს ოჯახში ასე მოხდა, იმის ოჯახში ასე მოხდაო. გაოცებული ვარ ამ ყველაფრით! მაყურებლის რეაქციიდანაც ხვდები, რა ხდება ქვეყანაში.

ამ სპექტაკლით მინდოდა, მეთქვა, რომ ოჯახი ტაძარია! ცაში ღმერთია და მიწაზე ოჯახი, რომელიც შენ უნდა მართო. როდესაც ვქორწინდებით, ერთმანეთის წინაშე ვიღებთ ვალდებულებებს. როდესაც ეს მიცემული პირობა ირღვევა, ტყუილზე დგას ოჯახი, მერე უკვე… ძალიან დიდი მოთმინება და გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი არ დაინგრეს.

ამ სპექტაკლში ოჯახის დიასახლისს ეყო ჭკუა, გონიერება და ისე მოატრიალა ეს ყველაფერი, რომ ყველას ეშველა, ოჯახი ოჯახად გადარჩა, ქმარი კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან სახლში მისულს ცოლი და საყვარელი ერთად დახვდა. ეს რომ კომედია არ ყოფილიყო, ამას თამაში არ უნდა? დრამატული ჟანრი რომ აგვეღო, ხომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი?! საშინელება მოხდებოდა.

პიესა ბალტიისპირელი კაცის დაწერილია, რომელიც თავად გამოდიოდა და კითხულობდა თავის პიესებს. ამოიჩემეს და გვიწერენ, რუსული პიესააო. ჯერ ერთი, არ არის რუსული პიესა და თუნდაც რუსული იყოს, ჩეხოვსა და დოსტოევსკის რა ვუყოთ, არასოდეს გავიხედოთ მათკენ თუ რა ვქნათ?! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ კომენტარებზე გული მტკივა. გული შემტკივა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას წერენ, რადგან მეტი ტვინი არ აქვთ.

ქართული პერსონაჟები ავიღეთ, ქართულ რეალობას მოვარგეთ ეს ყველაფერი. მაყურებელი, რომელმაც არ იცის პიესის წარმომავლობა, ვერაფრით მიხვდება, რომ ეს ქართველის დაწერილი არ არის. ბევრი ვიშრომეთ, რომ ქართული გამოსულიყო, თან თურმე რამდენი მოღალატეა ირგვლივ.