“მიკვირს, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს” – ნუკი კოშკელიშვილი შვილებზე, ეჭვიანობასა და მეტყველების შეფერხებაზე

15

ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემაში “KIDOC თამარ ობგაიძესთან ერთად” ოჯახურ ცხოვრებასა და შვილების აღზრდაზე გულახდილად ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა დედმამიშვილებს შორის ურთიერთობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც უფროსი შვილის, ოლივერის მეტყველების განვითარებას ახლდა თან.

– როდესაც ჩემს შვილს ვუთხარი, რომ მას დედმამიშვილი ეყოლებოდა, ძალიან გაუხარდა. ალბათ იმიტომ, რომ ასაკობრივი სხვაობაა დიდი – 7 წლიანი სხვაობა და სულ უნდოდა და ან ძმა. მერე სულ ვფიქრობდი, ხომ არ იეჭვიანებს, მაქსიმალურად მას უნდა მივაქციო-მეთქი ყურადღება. ჰოსპიტალში მოსვლის პირველი დღე მაქსიმალურად გავაკეთე უფროს შვილზე მორგებული: უმცროსმა გაუმზადა საჩუქარი, იმიტომ რომ ეს იყო მათი პირველი გაცნობა. უფროსის ზეიმი იყო, ამიტომ მინდოდა, მასზე ყოფილიყო ყველაფერი მორგებული. აუცილებლად ვკოცნი და ვეხვევი უფროსს, ხოლო უმცროსს მისი თანდასწრებით მაინცდამაინც არ ვჭმუჭნი. ის თუ ჭმუჭნის, მაშინ მეც ვჭმუჭნი და ერთად ვჭმუჭნით. ძალიან თბილია უფროსი შვილი.

როცა გაიგო, რომ ძმა ეყოლებოდა, გაგიჟდა, ძალიან უხაროდა. რომ გაიცნო, ძალიან მოსწონდა, ყველას აკონტროლებდა. დღემდე ასეა: სულ დასდევს, სულ კოცნის და მისთვის რაღაცებს აკეთებს, მაგრამ არის შეცვლილი. ბავშვი, რომელიც სულ მიჯერებდა, ახლა ეგრე აღარ მიჯერებს. ვფიქრობ, რომ ქცევა აქვს შეცვლილი, ხელიდან წასული ბავშვი არ არის, მაგრამ უფრო გაღიზიანებულია, მეტ ყურადღებას ითხოვს. მაშინ, როცა პატარას ვაჭმევ, მაინცდამაინც მაშინ მოვა და რაღაც უნდა, სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქვეცნობიერი ეჭვიანობა – მიკითხავს და არ ეჭვიანობს, მაგრამ ქვეცნობიერად ნერვები ეშლება, რომ აღარ ვართ სამნი და ოჯახის ახალი წევრიც არის.

– ახლა ეს აღარ არის პრობლემური თემა. მიკვირს, როგორ არ გავჭაღარავდი და არ გადავყევი ამ ამბავს. პირველი შვილია, გარშემო იხედები და ყველას ბავშვი იძახის: „დედა“, „მამა“, „მომე“, „წადი“. მე ველაპარაკებოდი მხოლოდ ქართულად, მამამისი ელაპარაკებოდა მხოლოდ ინგლისურად, რადგან ქართულად არ საუბრობს, და არაფერს იძახდა, თითსაც არ იშვერდა. ბავშვს ვეუბნები, ნაყინს მოგცემ-მეთქი, მაგრამ არ ესმის, სიცარიელეა. საერთოდ არაფერი ესმოდა.

სხვათა შორის, საქართველოში ვიყავი პანდემიის დროს და აქ მივიყვანე თერაპევტთან. მე როგორც მივხვდი, აქ საყვარელი დასკვნა აუტიზმია. დღესდღეობით აუტიზმი საკმაოდ მართვადია, გააჩნია სირთულეს და იმას, თუ რამდენად ადრე დააფიქსირებ. ოლივერს არ ჰქონია აუტიზმი, უბრალოდ იყო მეტყველების შეფერხება.

ორი წლის იყო და პანდემიის შემდეგ, როცა დავბრუნდი ამერიკაში, მივიყვანე აუტიზმის აკადემიაში, უნივერსიტეტში თუ სხვადასხვა ადგილას და აბსოლუტურად ყველამ მითხრა, რომ აუტიზმის არანაირი კვალი არ არსებობს, უბრალოდ აქვს მეტყველების შეფერხება, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მისი ტვინი ორ ენას ვერ ეგუებაო.

მომცეს რჩევა, რომ ერთ ენაზე გვესაუბრა. ამ დროს მე ისეთი ყოჩაღი ვარ, მთლიანად გადავდე ჩემი ცხოვრება, გვქონდა ბარათები, რომლებითაც ვემზადებოდით და ვსწავლობდით. ასე ყველაფერი გავაკეთეთ და დაიწყო ლაპარაკი.