„კვერცხი ჩვენს სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროდუქტია“ – ფსიქონუტრიციოლოგის გაფრთხილება
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქონუტრიციოლოგი და სურსათის ექსპერტი, თენგიზ კალანდაძე საუბრობს, თუ რატომ შეიძლება იყოს კვერცხი საშიში.
„საფრთხე თავად კვერცხი კი არა, მისი ჰიგიენაა. კვერცხი ჩვენს სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროდუქტია. წარმოშობის მიხედვით, ის მიწიან კარტოფილზეც კი უფრო ბინძურია. ყველამ ვიცით, საიდან მოდის კვერცხი, თუმცა მაღაზიაში მოხვედრამდე ის არ ირეცხება და არ გადის დეზინფექციას.
სწორედ ამიტომ, კვერცხი მაცივარში ცალკე კონტეინერში უნდა ინახებოდეს და სხვა პროდუქტებთან უშუალო შეხება არ უნდა ჰქონდეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თანამედროვე მაცივრებში კარზე განკუთვნილი კვერცხის ჩასადებები ბევრ მოდელში აღარ არის – ეს სწორედ ჰიგიენური რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა.
როდესაც კვერცხს ხელს მოჰკიდებთ, გატეხთ ან გამოიყენებთ, იმავე ხელით არ უნდა შეეხოთ სხვა საკვებს – არც პურს, არც კარაქს, არც მარილს და არც სხვა პროდუქტებს. გამოყენებული თეფში, დანა და სხვა ჭურჭელი მაშინვე ნიჟარაში უნდა მოათავსოთ, ხელები საფუძვლიანად დაიბანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოთ სხვა პროდუქტებთან მუშაობა.“ – ამბობს თენგიზ კალანდაძე.