“3 თვეა, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ვარ. მირეკავს, მწერს, შეურაცხმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის. ვბლოკავ და ახალი ნომრიდან მირეკავს“
მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, უკვე სამი თვეა, უცნობი ადამიანი სხვადასხვა უცხოური ნომრიდან უკავშირდება, შეურაცხმყოფელ ვიდეოებს უგზავნის, ემუქრება და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს. მსახიობი წერს, რომ თავდამსხმელი დაბლოკვის შემდეგ ახალი ნომრიდან აგრძელებს კონტაქტს. მუმლაძე საზოგადოებას მიმართავს და დაინტერესებულია, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაზე რეაგირება და რამდენად ეფექტიანი იქნება პოლიციასთან თანამშრომლობა.
“მჭირდება დახმარება, ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ადამიანისგან, რომლის ვინაობაც არ ვიცი. მირეკავს, მწერს და შეურაცხმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის ძირითადად ღამის საათებში ვოთსაფზე, ვაიბერში და ტელეგრამზე.
ყოველ ჯერზე, როცა ვბლოკავ ახალი ნომრიდან მირეკავს და ყველა ნომერი იწყება +4 ინდექსით. რა თქმა უნდა, სახეს არ აჩენს, თორემ უფრო მარტივი იქნებოდა მისი გამოჭერა. სულ თავიდან ძველი მეგობრის ნომრიდან დამიკავშირდა ტელეგრამზე, მთხოვდა დახმარებას, მაშინვე ეჭვი შემეპარა. როდესაც ჩემ მეგობარს დავუკავშირდი, მითხრა, რომ ტელეგრამი დიდი ხნის წინ გაუტეხეს და ასე მისი სახელით სთხოვს ფულად დახმარებას მის მეგობრებს.
როდესაც თავდამსხმელს მივწერე, რომ ვიცი, მისი ტყუილის შესახებ და ვურჩევ თავი დამანებოს, დაიწყო დამუქრება, დამცირება და ფსიქოლოგიური ტერორი ასე სხვადა სხვა ნომრებიდან…
ეს გრძელდება უკვე 3 თვეა და ძალიან ვარ შეწუხებული. თუ ვინმემ იცით იქნებ მითხრათ რა შეიძლება მოვიმოქმედო? ან რამდენად ექნება შედეგი პოლიციასთან თანამშრომლობას, როდესაც ნომრები სხვა ქვეყნის ინდექსებით არის დაფიქსირებული? ასევე თუ ვინმე სადმე ჩემი სახელით ფულად დახმარებას გთხოვთ, სავარაუდოდ, ეს ავადმყოფი გწერთ”.