„ოჯახი და საზოგადოება გვთხოვს, ვიყოთ ისეთივე ადამიანები, როგორებიც კიბომდე ვიყავით”

7

ტელეწამყვანმა ნინო ხაჟომიამ „გვანცას პოდკასტში“ მძიმე დიაგნოზსა და მასთან ბრძოლის გამოცდილებაზე ღიად ისაუბრა. მან გააზიარა, თუ როგორ შეცვალა სიმსივნემ მისი ყოველდღიურობა, სხეულთან ურთიერთობა და შვილებისადმი მიდგომა.
– კიბო არის გამოცდილება და კიბოს შემდეგ ცხოვრებაც გამოცდილებაა. ეს არ არის ის ცხოვრება, რაც ადრე გვქონდა. ხშირად საზოგადოება და ოჯახი გვთხოვს, ვიყოთ ისეთივე ადამიანები, როგორებიც კიბომდე ვიყავით. ვერ ვიქნებით – ჯერ ერთი, ის ჩვენს მსოფლმხედველობას მთლიანად ცვლის, და მეორეც, მიუხედავად იმისა, კარგად გამოვიყურებით თუ არა, ეს არის მუდმივი ბრძოლა ყოველდღიურობისთვის, იმისთვის, რომ ელემენტარულად ფეხზე ადგე. ჩემი დილა იწყება ექვს საათზე, იმიტომ კი არა, რომ არ მეძინება, ძალიანაც მეძინება, უბრალოდ სხეული არ მაძლევს საშუალებას, მუდმივად დაბუჟებული ვარ. როცა ვიღვიძებ, ერთი საათი მჭირდება, რომ ძვლები ავაწყო და ლოგინიდან გადმოვიდე.

დღეს თუ რემისიაში ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ხარ. ჩვენ ვსვამთ წამალს, რომელიც იმდენ გართულებას იწვევს, რომ ბევრი ქალი მასზე უარს ამბობს. ჰორმონოთერაპიის პრეპარატს, რომელიც რეციდივისგან გვიცავს, პირდაპირ ინსტრუქციაში უწერია, რომ გონების დაბინდვას იწვევს. არის პერიოდები, როცა ტვინი ისე სწრაფად მუშაობს, ვერ ეწევი, მაგრამ უფრო ხშირად ისე ხდება, რომ შეიძლება რაღაც დაგავიწყდეს.

„შენ ხომ ჯანმრთელი ხარ, რა კარგად გამოიყურები, აქ არ მთავრდება კიბო. კარგად გამოვიყურებით იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დავინახეთ და საკუთარ თავს ვცემთ პატივს, რომ სხვებმა არ დაგვინახონ ისეთები, როგორებიც დილის 6 საათზე ვართ. ამის მიღმა არის მუდმივი ბრძოლა საკუთარ სხეულთან – პირველ რიგში, იმისთვის, რომ აღადგინო ნდობა სხეულთან, რომელმაც ერთ დროს გიღალატა, რადგან არ ვუსმენდით მას და ისეთ საზღვრებს ვუწესებდით, რაც არ შეეძლო.
მკერდის მოკვეთის გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ მკერდი კი არა, ყველაფერი მოკვეთილი მაქვს, არც კუნთია და არც ძუძუს თავები. ეს გადამწყვეტია, რადგან არ უნდა დარჩეს ადგილები, სადაც შეიძლება კიბო ხელახლა გაჩნდეს. ეს ოპერაცია ძუძუს კიბოს რისკს 20-25%-ით ამცირებს, რაც სასწაულად დიდი პროცენტია. ჩემთვის ეს მარტივი იყო, რადგან დავიძინე ძუძუთი და გავიღვიძე პლასტმასის ძუძუთი, იმავე ოპერაციაზე გავიკეთე რეკონსტრუქცია. იმ წუთასვე რომ არ გამეკეთებინა, ალბათ მერე დიდხანს ვიფიქრებდი, ღირდა თუ არა ეს. არ ვთვლი, რომ მკერდი რამეს ცვლის.

შვილებთან ურთიერთობა კიბოს შემდეგ
– შვილებთან ურთიერთობა რადიკალურად შემიცვალა. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს მოვითხოვთ ხოლმე შვილებისგან. მივხვდი, რომ თავი უნდა დავანებო ამას და უბრალოდ ერთად ყოფნით ვისიამოვნოთ. მათ საკუთარი გზა აქვთ, თვითონ აირჩევენ, რას გააკეთებენ ცხოვრებაში, და როგორც კი დასჭირდები, აუცილებლად გთხოვენ დახმარებას. ზედმეტს მოვითხოვთ შვილებისგან. ჩემს შვილს ერთადერთ რამეს ვთხოვ – კაცი იყოს, არ დაკარგოს ის ემპათია, რასაც, სამწუხაროდ, სამყარო გვართმევს და რაც მე კიბომ დამიბრუნა. იყავი მადლიერი და ზრდილობიანი, რა მნიშვნელობა აქვს, 30 ენა გეცოდინება თუ მარტო ქართულად ილაპარაკებ, თუ კაცი არ ხარ?!